გურიაში პოლიციამ სამი პირი დააკავა, უცხოეთში მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდს, „წრიპას“, ბრალი დაუსწრებლად წარედგინება
გურიაში პოლიციამ ჯგუფურად მკვლელობის მომზადებისა და ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით სამი პირი დააკავა. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულები საზღვარგარეთ მყოფ კანონიერ ქურდ ალექსანდრე ქურასბედიანს („წრიპას“) დაუკავშირდნენ მკვლელობის დასაგეგმად. სამართალდამცველებმა იარაღი და ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოიღეს.

გურიაში დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ჯგუფურად მომზადებისა და „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს, ხოლო საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება.
შს სამინისტროს ცნობით, გამოძიების ვერსია ასეთია:
„ორმა ბრალდებულმა წარსულში არსებული პირადი კონფლიქტისა და შურისძიების მოტივით, ერთ-ერთი პირის მკვლელობა დაგეგმა. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდს“ ალექსანდრე ქურასბედიანს მეტსახელად „წრიპას“ დაუკავშირდნენ და მკვლელობის დეტალები, მათ შორის დრო და ადგილი განსაზღვრეს.
უშუალოდ მკვლელობის შესასრულებლად კი თბილისიდან გურიის რეგიონში ჩამოიყვანეს პირი, რომელსაც დაკავების შემთხვევაში მატერიალურ უზრუნველყოფასა და პენიტენციურ დაწესებულებაში მფარველობას დაჰპირდნენ.
ოპერატიული ღონისძიებებითა და საგამოძიებო მოქმედებებით, ასევე, დასტურდება, რომ ბრალდებულებმა შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღები და ასაფეთქებელი მოწყობილობა, შეისწავლეს მსხვერპლის გადაადგილების მარშრუტი, შეარჩიეს ჩასაფრებისა და თავდასხმისთვის ხელსაყრელი ადგილი და წინასწარ შეიმუშავეს დანაშაულის დაფარვის გეგმა.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დანაშაულის სისრულეში მოყვანამდე დააკავეს“ – წერს უწყება.
მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბრალდებულის სახით დაკავებულია სამი პირი, ხოლო საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება.
შსს აცხადებს, რომ ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდს“ უკავშირდებოდნენ და ასევე, ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 18-109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით, 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
____________
ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- TV პირველიგაშიფრულია მკვლელობის მომზადების სქემა - საქმეში „კანონიერ ქურდი“ „წრიპა“ ფიგურირებს (სპეცოპერაციის დეტალები)
- ტაბულა"ე.წ. კანონიერ ქურდთან ერთად მკვლელობა დაგეგმეს" - გურიაში 3 პირი დააკავეს
- რუსთავი 2გურიის პოლიციამ მკვლელობის მომზადებისა და "ქურდული სამყაროს" წევრობის ბრალდებით, 3 პირი დააკავა, ხოლო "კანონიერ ქურდს" ბრალი დაუსწრებლად წარედგინება
- ფორმულაშსს-მ გურიაში ჯგუფურად მომზადებული განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის სამი პირი დააკავა
- ტაბულაე.წ კანონიერ ქურდს, ალექსანდრე ქურასბედიანს (წრიპა) ბრალს დაუსწრებლად წარუდგენენ
- TV პირველი"პირველების" ინფორმაციით, გამთენიისას დიდ დიღომში სპეცოპერაცია ქილერის დასაკავებლად ჩატარდა
- რუსთავი 2"კურიერი" იმ ბინაში იმყოფებოდა, სადაც სამართალდამცველებმა სპეცოპერაცია ჩაატარეს
- რუსთავი 2როგორ იგეგმებოდა შეკვეთილი მკვლელობა და რა როლი ჰქონდა საზღვარგარეთ მყოფ "კანონიერ ქურდს" - მძიმე დანაშაულის ჯგუფურად მომზადებისა და "ქურდული სამყაროს" წევრობის საქმეზე ორგანიზებული ჯგუფის სამი წევრია დაკავებული
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…