ბექა ოდიშარია გიორგი ქარდავას: აიღეთ მაგალითი „ხალხის ძალისგან“ - შემოდით კონკრეტული ინიციატივით და ვიმსჯელოთ
ბექა ოდიშარიამ ოპოზიციონერ დეპუტატ გიორგი ქარდავას მოუწოდა, მაგალითი „ხალხის ძალისგან“ აიღოს და პენსიების საკითხზე კონკრეტული ინიციატივა წარმოადგინოს. მან ასევე ოპოზიცია ბაგა-ბაღებში გავრცელებული რიგითი ვირუსის მასობრივ მოწამვლად წარმოჩენის მცდელობაში დაადანაშაულა.

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ, საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას კოლეგა ოპოზიციონერ დეპუტატ გიორგი ქარდავას მოუწოდა მაგალითი პარტია „ხალხის ძალის“ ლიდერ სოზარ სუბარისგან აიღოს, გამოთქმული შენიშვნები კონსტრუქციულად ჩამოაყალიბოს და კოლეგებს წინადადებების განხილვა შესთავაზოს. განცხადება ამის შესახებ ბექა ოდიშარიამ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.
„ძალიან კარგია, რომ ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგები წინადადებებით გამოდიან, ეს არის საქმიანი მიდგომა, კარგია, რომ პენსიონერების საკითხზე ამახვილებთ ყურადღებას და ჩვენი ქართული პოლიტიკის კლოუნ-პოლიტიკოსის, შალვა ნათელაშვილის, მსგავსად არ იქცევით. ახლოსაც არ გაყენებთ, არ გეგონოთ, პირიქით, მოგიწოდებთ, მაგალითი პარტია „ხალხის ძალის“ ლიდერისგან, სოზარ სუბარისგან, აიღოთ და თქვენი წინადადებები ისევე ჩამოაყალიბოთ, როგორც ეს ამ ოპოზიციური პარტიის ლიდერმა პარლამენტში გააკეთა“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
მისივე თქმით, ოპოზიციური პარტია „ხალხის ძალა“, როდესაც საჭიროდ მიიჩნევს, არც მაღალი თანამდებობის პირების კრიტიკას და არც მწვავე გამონათქვამებს არ ერიდება.
„მიუდექით საკითხს ისე, როგორც „ხალხის ძალა“ მიუდგა ვეტერანების საკითხს, როდესაც პარლამენტის ტრიბუნიდან არგუმენტირებულად და საქმიანად ჩამოაყალიბა თავისი მოსაზრება. ხალხის ძალამ და, კერძოდ, სოზარ სუბარმა, რომელიც ჯანსაღი ოპოზიციაა და ხშირად არ ერიდება მთავრობის კრიტიკას, გამოთქვა მტკიცე მოსაზრება, რომ ვეტერანების დახმარება უნდა გაიზარდოს 100 ლარით და მთავრობას უკან დაუბრუნეს ბიუჯეტი. ნამდვილად არსებობს პენსიის მატებასთან დაკავშირებული პრობლემები, მაგრამ ვეტერანთა რაოდენობა 60 ათასია, პენსიონერები კი ათჯერ მეტი არიან.
ეს არის საქმიანი მიდგომა, ჯანსაღ კრიტიკას მიესალმება და მიიღებს ყველა, ჩამოაყალიბეთ თქვენი წინადადებები, მოამზადეთ შესაბამისი გაანგარიშებით და არგუმენტებით დასაბუთებული წერილობითი მომართვა, რომელსაც თავმჯდომარესთან შეთანხმების შემდეგ გამოვიტანთ დისკუსიაზე“, - მიმართა ბექა ოდიშარიამ გიორგი ქარდავას.
საკრებულოს წევრმა დღევანდელ სხდომაზე კომენტარი თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს წინააღმდეგ აგორებულ კამპანიაზეც გააკეთა და განაცხადა, რომ საზოგადოება იმთავითვე მიხვდა, რომ მავანნი ბუზისგან სპილოს შექმნას ცდილობდნენ.
„ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ბატონი გურამ ოქროპირიძე თავის მრავალრიცხოვან გუნდთან ერთად ტიტანურ შრომას ეწევა, რომ ჩვენს პატარებს შესაბამისი პირობები, უსაფრთხო გარემო და ჯანსაღი საკვები ჰქონდეთ. არსებობს ჩასაფრებული ოპოზიცია, ვისაც შეუძლია ბუზის სპილოდ ქცევა და გავრცელებული რიგითი ვირუსი, საკვებით გამოწვეულ მასობრივ მოწამვლად მონათლოს. ჩვენ ვაფასებთ ბაგა-ბაღების მრავალათასიანი კოლექტივის უდიდესი რუდუნებით და პასუხისმგებლობის მაღალი ნიშნით გამორჩეულ შრომას და არავის მივცემთ უფლებას, ჩირქი მოსცხოს მათ ავტორიტეტს“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.