ძვირადღირებული ფერწერული ტილოები და საათები - რა ქონებას ფლობს ანა დოლიძის ოჯახი
ფერწერული ტილოების კოლექცია და ლუქს კლასის ბრენდის საათები - ეს არის პოლიტიკოს ანა დოლიძის ქონებრივი დეკლარაციიდან მიღებული ინფორმაცია. პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა, როგორც პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა ქონებრივი დეკლარაცია მიმდინარე წლის ივლისში წარადგინა.
ფერწერული ტილოების კოლექცია და ლუქს კლასის ბრენდის საათები - ეს არის პოლიტიკოს ანა დოლიძის ქონებრივი დეკლარაციიდან მიღებული ინფორმაცია.
პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა, როგორც პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა ქონებრივი დეკლარაცია მიმდინარე წლის ივლისში წარადგინა.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა თუ რა ქონებას ფლობს და როგორია ანა დოლიძის ოჯახის ფინანსური მდგომარეობა. როგორც ქონებრივი დეკლარაციაში ვკითხულობთ, ანა დოლიძის საკუთრებაშია თბილისში მდებარე 872 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთის 50%. აღნიშნული ქონება მას 2025 წელს ჩუქებით აქვს მიღებული. ნაკვეთის დარჩენილი 50% კი, მისი მეუღლის საკუთრებაში ფიქსირდება.
ანა დოლიძის მეუღლის საკუთრებაშია ასევე თბილისში მდებარე 90 კვ.მ. ფართობის საცხოვრებელი სახლის 33%, რომელიც მას 2025 წელს მემკვიდრეობით გადაეცა.
გარდა ამისა, მისი მეუღლე ფლობს თბილისში მდებარე 555 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთის 33%-ს, რომელიც ასევე 2026 წელს მემკვიდრეობით მიიღო.
ამასთან, როგორც დოკუმენტაციაშია აღნიშნული, უძრავი ქონების გარდა, ანა დოლიძის მეუღლის საკუთრებაშია მსუბუქი ავტომობილი Nissan Rogue, რომელიც 2023 წელს 16 000 დოლარად აქვს შეძენილი. ფლობს 2022 წელს 10 000 ლარად შეძენილ ბესიკ არბოლიშვილის ფერწერულ ტილოს და 2024 წელს 10 500 ლარად შეძენილი ფერწერული ტილოს 50%-ს, ამ ნახატის თანამესაკუთრედ კი დეკლარაციაშია ანა დოლიძეა მითითებული.
გარდა ამისა, როგორც ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, ანა დოლიძის საკუთრებაშია 7 ფერწერული ტილო, აქედან 1 - ტატო ახალკაციშვილის ნამუშევარი, დედისგან აქვს მემკვიდრეობით მიღებული 2024 წელს, ხოლო ნინო ელიაშვილის ტილო ასევე 2024 წელს ჩუქებით მიუღია.
რაც შეეხება იმ 5 ფერწერულ ტილოს, ისინი 2019, 2023 და 2024 წლებშია შეძენილი და ჯამში, ამ ნამუშევრებში გადახდილია 42 600 ლარი და 1500 დოლარი.
ამასთან, დოკუმენტის თანახმად, ანა დოლიძე ფლობს სამ საათს. მათ შორის არის Rolex Datejust, რომელიც 2024 წელს ჩუქების გზით აქვს მიღებული. ხოლო მოდელები: Frederique Constant და Omega Constellation, 2023 და 2024 წელს 15 000-15 000 ლარად აქვს შეძენილი.
რაც შეეხება პოლიტიკოსის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში ანა დოლიძეს საბანკო ანგარიშზე - 1 750 ლარი; მის მეუღლეს კი 29 000 ლარი და 1700 აშშ დოლარი ჰქონდა.
ამასთან, გასული წლის პერიოდში მისი მეუღლის გასავალმა სესხების მომსახურების მიზნით - 15 ათასი დოლარი და 28 ათასი ლარი შეადგინა.
როგორც დეკლარაციაშია მითითებული, ანა დოლიძე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში რეგისტრირებული შპს Lynx Research and Consultancy-ის 100%-იანი წილის მფლობელია.
ამასთან, ანა დოლიძე საქართველოში რეგისტრირებული „დოლიძე კვლევითი და საკონსულტაციო კომპანიის“ დირექტორი და „დინება მედიის“ 76%-იანი წილის მფლობელია. თუმცა, გასულ წელს არცერთი საწარმოს საქმიანობით მიღებული შემოსავალი არ უფიქსირდება.
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…