იბუპროფენი ნორმონი 600 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები EFG
Ibuprofeno Normon 600 mg comprimidos recubiertos con película EFG
რა უნდა იცოდეს პაციენტმა იბუპროფენი ნორმონის მიღებამდე
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- იბუპროფენი (ibuprofen)
- ფორმა და შეფუთვა
- 600მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №40
- მწარმოებელი
- LABORATORIOS NORMON, S.A., ესპანეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები, პროპიონის მჟავას წარმოებულები
- ATC კოდი
- M01AE01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-046515
- რეგისტრირებულია
- 20 ოქტომბერი 2026, მოქმედებს 20 ოქტომბერი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- სს „გეფა“
იბუპროფენი ნორმონი 600 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები EFG — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
რა უნდა იცოდეს პაციენტმა იბუპროფენი ნორმონის მიღებამდე
მიღების წესი და დოზირება
იბუპროფენის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის დანიშნულების შესაბამისად. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
იბუპროფენით მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ. მკურნალობა არ უნდა შეწყდეს ნაადრევად, რადგან შეიძლება არ დადგეს სასურველი შედეგი. გარდა ამისა, არ უნდა მოხდეს იბუპროფენის მიღება იმაზე ხანგრძლივად, ვიდრე ეს მითითებულია ექიმის მიერ.
გამოყენებულ უნდა იქნეს უმცირესი ეეფექტიანი დოზა, რაც შეიძლება ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში, რომელიც საკმარისია სიმპტომების მოსახსნელად. თუ პაციენტს აღენიშნება ინფექცია, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია დაუყოვნებლივ, თუ სიმპტომები (როგორიცაა ცხელება და ტკივილი) ნარჩუნდება ან უარესდება (იხ. პარაგრაფი 2).
გვერდითი მოვლენების შემცირება შესაძლებელია უმცირესი ეფექტიანი დოზის გამოყენებით რაც შეიძლება ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში, რაც საჭიროა სიმპტომების გასაკონტროლებლად.
ზრდასრულები და 14 წლის ასაკიდან მოზარდები:
ზრდასრულებსა და 14 წლის ასაკიდან მოზარდებისათვის რეკომენდებული დოზაა ერთი ტაბლეტი (600 მგ) ყოველ 6-8 საათში, კლინიკური მდგომარეობის სიმძიმისა და მკურნალობის მიმართ პასუხის მიხედვით.
ზოგჯერ საჭიროა უფრო მაღალი დოზები, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 2,400 მგ-ს ზრდასრულებისათვის და 1,600 მგ-ს 14-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის.
ბავშვები და 14 წლამდე ასაკის მოზარდები:
ეს პრეპარატი არ არის რეკომენდებული 14 წელზე ნაკლები ასაკის მოზარდებისა და ბავშვებისათვის, ვინაიდან იბუპროფენის დოზა ამ პროდუქტში არ შეესაბამება ამ ასაკობრივი ჯგუფის პაციენტებისათვის რეკომენდებულ დოზას.
ხანდაზმული პაციენტები:
თუ პაციენტი 60 წელს ზემოთ ასაკისაა, ინიშნება ჩვეულებრივზე უფრო ნაკლები დოზა. ექიმმა შეიძლება გაზარდოს წამლის დოზა, თუ პრეპარატი კარგად გადაიტანება პაციენტის მიერ.
პაციენტები თირკმლის და/ან ღვიძლის დაავადებებით:
თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის და/ან ღვიძლის დაავადება, ექიმმა შეიძლება დანიშნოს ჩვეულებრივზე უფრო დაბალი დოზა. ამ შემთხვევაში პაციენტმა ზუსტად უნდა დაიცვას ექიმის მიერ დანიშნული დოზა.
მიღების მეთოდი
ეს სამკურნალო პროდუქტი განკუთვნილია შიგნით მისაღებად.
პრეპარატის უფრო სწრაფი ეფექტისათვის, მისი მიღება უნდა მოხდეს მშიერ კუჭზე. მგრძნობიარე კუჭის მქონე პაციენტებში რეკომენდებულია იბუპროფენის მიღება საკვებთან ერთად.
იბუპროფენის მიღება უნდა მოხდეს საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად. ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, ჭიქა წყალთან ერთად, არ უნდა დაიღეჭოს, გაისრისოს ან გაიწუწნოს, რათა თავიდან იქნეს აცილებული პირის ღრუს დისკომფორტი და ხახის გაღიზიანება.
თუ პაციენტი ფიქრობს, რომ მედიკამენტის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.
იბუპროფენი ნორმონის დოზის გადაჭარბებისას
თუ პაციენტმა მიიღო იბუპროფენის დიდი დოზა ან ბავშვმა შემთხვევით გადაყლაპა ეს მედიკამენტი, საჭიროა დაუყოვნებლივ მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა, ან ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსახურში დარეკვა, ტელ.: 91 562 04 20, მედიკამენტისა და მიღებული რაოდენობის მითითებით, ან პაციენტმა უნდა მიმართოს უახლოეს ჰოსპიტალს შესაძლო რისკებისა და ჩასატარებელი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მისაღებად. რეკომენდებულია შეფუთვისა და გამოყენების ინსტრუქციის თან ქონა სამედიცინო სპეციალისტთან კონსულტაციის დროს.
სიფრთხილის ზომები
ამ მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან კონსულტაცია.
თუ პაციენტს აღენიშნება შეშუპება (წყლის შეკავება);
თუ პაციენტს აქვს ან ჰქონდა გულის დაავადება, ან აქვს მაღალი არტერიული წნევა;
თუ პაციენტს აღენიშნება ბრონქული ასთმა ან სუნთქვის რაიმე სხვა პრობლემა;
იბუპროფენის მიღებამ შეიძლება შენიღბოს ცხელება, რომელიც წარმოადგენს ინფექციის მთავარ ნიშანს, ამიტომ იბუპროფენით მკურნალობამ შესაძლოა შეაფერხოს დიაგნოზის დასმა;
თუ პაციენტს ღვიძლის ან თირკმლის დაავადება აქვს, არის 60 წელს ზემოთ ასაკის ან ესაჭიროება ამ მედიკამენტის მიღება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში (1-2 კვირაზე მეტხანს), ექიმის მიერ შეიძლება საჭირო გახდეს ანალიზების რეგულარული შემოწმება. პაციენტის მდგომარეობის მონიტორინგისთვის. მკურნალი ექიმი პაციენტს ეტყვის, რა სიხშირით უნდა გაკეთდეს საკონტოროლო ანალიზები;
თუ პაციენტს ჰქონდა ან განუვითარდა კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, სისხლდენა ან პერფორაცია, რაც იწვევს ძლიერ ან მუდმივი ხასიათის მუცლის ტკივილს და/ან შავი ფერის განავალს, მაშინაც კი, როცა პაციენტს არ აღენიშნება საგანგაშო სიმპტომები;
რაც უფრო მაღალია დოზა და ხანგრძლივია მკურნალობა, მით უფრო მაღალია რისკი, განსაკუთრებით პეპტიკური წყლულის ანამნეზის მქონე ან ხანდაზმულ პაციენტებში. ამ შემთხვევებში ექიმი განიხილავს კუჭის დამცავი პრეპარატების თანმხლებ მიღებას;
თუ პაციენტი პარალელურად იღებს რომელიმე ისეთ მედიკამენტს, რომელიც გავლენას ახდენს სისხლის შედედებაზე, როგორიცაა შიგნით მისაღები ანტიკოაგულანტები ან აცეტილსალიცილის მჟავის მსგავსი თრომბოციტების აგრეგაციის საწინააღმდეგო პრეპარატები. პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს ნებისმიერი სხვა მედიკამენტის შესახებ, რომელსაც იღებს და რომელმაც შეიძლება გაზარდოს სისხლდენის რისკი, როგორიცაა მაგ.: კორტიკოსტეროიდები და სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორი ანტიდეპრესანტები;
თუ პაციენტს აღენიშნება კრონის დაავადება (ქრონიკული დაავადება, რომლის დროსაც იმუნური სისტემა აზიანებს ნაწლავებს და იწვევს ანთებასა და შედეგად, სისხლიან დიარეას) ან წყლულოვანი კოლიტი, ვინაიდან იბუპროფენის მსგავსმა მედიკამენტებმა შეიძლება გააუარესონ ეს დაავადებები;
თუ პაციენტი მკურნალობს დიურეტიკებით (შარდმდენებით), ექიმმა შეიძლება გააკონტროლოს თირკმლის ფუნქცია;
თუ პაციენტს აღენიშნება სისტემური წითელი მგლურა (ქრონიკული დაავადება, რომელიც აზიანებს იმუნურ სისტემას და შესაძლოა დააზიანოს სხვადასხვა სასიცოცხლო ორგანოები, ნერვულ სისტემა, სისხლძარღვები, კანი და სახსრები), ვინაიდან არსებობს ასეპტიკური მენინგიტის განვითარების ალბათობა (მენინგეალური გარსების, თავისა და ზურგის ტვინის გარსების, ანთება, რომელიც არ არის გამოწვეული ბაქტერიით);
თუ პაციენტს აღენიშნება მწვავე ხანგამოშვებითი პორფირია (მეტაბოლური დაავადება, რომელიც გავლენას ახდენს სისხლზე და იწვევს ისეთი სიმპტომების განვითარებას, როგორიცაა შარდის გაწითლება, სისხლიანი შარდი ან ღვიძლის დაავადება), უნდა შეფასდეს იბუპროფენით მკურნალობის მიზანშეწონილობა;
თუ ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ პაციენტს აღენიშნება თავის ტკივილები, არ უნდა მოხდეს ამ სამკურნალო პროდუქტის მაღალი დოზებით გამოყენება;
ამ მედიკამენტმა შესაძლოა გმოიწვიოს ალერგიული რეაქციები;
თუ პაციენტი იბუპროფენს იღებს დიდი ქირურგიული ოპერაციის შემდეგ, საჭიროა მისი მდგომარეობის მკაცრი მონიტორინგი;
ამ პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული ჩუტყვავილის დროს;
თუ პაციენტს აღენიშნება ინფექცია, იხ. ქვეთავი “ინფექციები” ქვემოთ;
ამ მედიკამენტის მიმართ ალერგიული რეაქციის ნიშნები, მათ შორის სუნთქვის პრობლემები, სახის და ყელის შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება) და მკერდში ტკივილი აღწერილ იქნა იბუპროფენის გამოყენებისას. დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს იბუპროფენი ნორმონის მიღება და საჭიროა ექიმთან ან ემერჯენსის განყოფილებაში დაუყოვნებლივ მიმართვა, თუ აღინიშნება ეს ნიშნები.
მნიშვნელოვანია უმცირესი დოზის მიღება ტკივილის გასაკონტროლებლად /მოსახსნელად; ეს მედიკამენტი არ უნდა იქნეს მიღებული იმაზე მეტი ხანგრძლივობით, რომელიც საჭიროა სიმპტომების გასაკონტროლებლად.
სიფრთხილის ზომები ხანდაზმულ პაციენტებში
ხანდაზმულ პაციენტებში NSAID-ების (არასტეროიდული ანტიანტებითი პრეპარატების) მიმართ აღინიშნება გვერდითი რეაქციების გაზრდილი სიხშირე, განსაკუთრებით, კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის და პერფორაციის, რომლებიც შეიძლება ფატალური იყოს.
კანის სერიოზული გვერდითი რეაქციები (SCAR)
კანის სერიოზული რეაქციები, მათ შორის ექსფოლიაციური დერმატიტი, მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიითა და სისტემური სიმპტომებით (DRESS სინდრომი) და მწვავე გენერალიზებული ეგზანთემური პუსტულოზი (AGEP), აღწერილ იქნა იბუპროფენის გამოყენებასთან კავშირში. უნდა შეწყდეს იბუპროფენი ნორმონის მიღება და საჭიროა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, თუ პაციენტს განუვითარდა მე-4 პარაგრაფში აღწერილი კანის ამ სერიოზულ რეაქციებთან დაკავშირებული რომელიმე სიმპტომი.
გაფრთხილებები გულ-სისხლძარღვთა სისტემის შესახებ
ანტიანთებითი/ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები, როგორიცაა იბუპროფენი, შეიძლება დაკავშირებული იყოს მიოკარდიუმის ინფარქტის ან ინსულტის განვითარების მცირედ მომატებულ რისკთან, განსაკუთრებით თუ ხდება პრეპარატის დიდი დოზებით მიღება. არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დოზის ან მკურნალობის ხანგრძლივობას გადაჭარბება.
იბუპროფენი ნორმონით მკურნალობის დაწყებამდე მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს:
თუ პაციენტს აღენიშნება გულის პრობლემები, მათ შორის გულის უკმარისობა, სტენოკარდია (ტკივილი მკერდის არეში) ან მიოკარდიუმის ინფარქტი, ჩატარებული აქვს აორტოკორინარული შუნტირების ოპერაცია, აღენიშნება პერიფერიული არტერიების დაავადება (ფეხის ან ტერფის ცირკულაციის დარღვევები, რომელიც გამოწვეულია არტერიების შევიწროებით ან ბლოკირებით), ან ნებისმიერი ტიპის ინსულტი (მათ შორის, “მინი” ინსულტი ან ტრანზიტორული იშემიური ინსულტი “TIA”);
თუ პაციენტს აღენიშნება მაღალი არტერიული წნევა, დიაბეტი, ქოლესტერინის მაღალი დონე, გულის დაავადებების ან ინსულტის ოჯახური ანამნეზი ან პაციენტი მწეველია. ამ ტიპის მედიკამენტმა შეიძლება ასევე გამოიწვიოს სითხის შეკავება, განსაკუთრებით, გულის უკმარისობის და/ან მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის) მქონე პაციენტებში.
რესპირატორული დარღვევები
სიფრთხილეა საჭირო იბუპროფენის დანიშვნისას პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ასთმა ან აქვთ ბრონქული ასთმის ანამნეზი, ქრონიკული რინიტი ან ალერგიული დაავადებები, რადგან აღწერილია, რომ იბუპროფენმა გამოიწვია ბრონქოსპაზმი, ჭინჭრის ციება ან ანგიონევროზული შეშუპება ასეთ პაციენტებში.
გაფრთხილებები ორსული და შვილოსნობის ასაკის მქონე ქალებისათვის
იბუპროფენის მსგავსი მედიკამენტების მიღება დაკავშირებული იყო აბორტების/თანდაყოლილი პათოლოგიების მაღალ რისკთან. აქედან გამომდინარე, იბუპროფენის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის პირველ და მეორე ტრიმესტრში, თუ არ არის ამის აბსოლუტური საჭიროება. ამ შემთხვევებში დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა იყოს, რაც შეიძლება მცირე. რისკი იზრდება დოზისა და თერაპიის ხანგრძლივობის ზრდასთან ერთად.
მესამე ტრიმესტრში იბუპროფენის მიღება უკუნაჩვენებია.
შვილოსნობის უნარის ასაკის მქონე ქალები გაფრთხილებული უნდა იყვნენ, რომ იბუპროფენის მსგავსი მედიკამენტების მიღება დაკავშირებულია დაფეხმძიმების დაქვეითებულ უნართან.
ინფექციები
იბუპროფენმა შეიძლება შენიღბოს ინფექციის ნიშნები, როგორიცაა ცხელება და ტკივილი. ამიტომ, შესაძლოა იბუპროფენმა შეაფერხოს ინფექციის სათანადო მკურნალობა, რამაც თავის მხრივ, შეიძლება გამოიწვიოს გართულებების გაზრდილი რისკი. ეს აღინიშნა ბაქტერიით გამოწვეული პნევმონიის დროს და კანის ბაქტერიული ინფექციების დროს, რომელიც დაკავშირებული იყო ჩუტყვავილასთან. თუ პაციენტი მედიკამენტს იღებს ინფექციის დროს და ინფექციის სიმპტომები ისევ აღინიშნება ან უარესდება, საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს ყველა იმ მედიკამენტის შესახებ, რომელსაც პაციენტი იღებს, უკანასკნელ პერიოდში იღებდა ან აპირებს, რომ მიიღოს, ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების ჩათვლით.
იბუპროფენმა ნორმონმა შეიძლება გავლენა იქონიოს ან მასზე იქონიონ გავლენა სხვა სამკურნალო პროდუქტებმა. მაგალითად:
სხვა არასტეროიდული ანტიანტებითი პრეპარატები, როგორიცა მაგ.: ასპირინი, რადგან იზრდება წყლულისა და კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის რისკი;
თრომბოციტების აგრეგაციის საწინააღმდეგო მედიკამენტები (ხელს უშლიან თრომბების წარმოქმას სისხლძარღვებში), როგორიცაა ტიკლოპიდინი;
ანტიკოაგულანტები (გამოიყენება სისხლის შედედების დარღვევების სამკურნალოდ/თრომბოზის პრევენციისათვის, როგორიცაა მაგ.: აცეტილსალიცილის მჟავა, ვარფარინი, ტიკლოპიდინი);
ქოლესტირამინი (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება ქოლესტერინის მაღალი დონის სამკურნალოდ);
სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორი (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ);
ლითიუმი (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ). ექიმმა შეიძლება მოახდინოს ამ მედიკამენტის დოზის კორექცია;
მეთოტრექსატი (გამოიყენება სიმსივნის ან ანთებითი დაავადების სამკურნალოდ). ექიმმა შეიძლება მოახდინოს ამ მედიკამენტის დოზის კორექცია;
მიფეპრისტონი (გამოიყენება ორსულობის შესაწყვეტად);
დიგოქსინი და სხვა საგულე გლიკოზიდები (გამოიყენება გულის დაავადებების სამკურნალოდ);
ჰიდანტოინები, როგორიცაა ფენიტოინი (გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ);
სულფონამიდები, როგორიცაა სულფამეთოქსაზოლი და კოტრიმოქსაზოლი (გამოიყენება ზოგიერთი ბაქტერიული ინფექციის სამკურნალოდ);
კორტიკოსტეროიდები, როგორიცაა კორტიზონი და პრედნიზოლონი;
დიურეტიკები (მედიკამენტები, რომლებიც ზრდიან დიურეზს), რადგან იზრდება თირკმელების ტოქსიკურობის რისკი;
პენტოქსიფილინი (გამოიყენება ხანგამოშვებითი კოჭლობის სამკურნალოდ);
პრობენეციდი (გამოიყენება პოდაგრის დროს ან პენიცილინთან კომბინაციაში ინფექციების სამკურნალოდ);
ქინოლონების კლასის ანტიბიოტიკები, როგორიცაა ნორფლოქსაცინი;
სულფინპირაზონი (გამოიყენება პოდაგრის სამკურნალოდ);
სულფონილშარდოვანა, როგორიცაა ტოლბუტამიდი (გამოიყენება დიაბეტის სამკურნალოდ), რადგან შეიძლება განვითარდეს ჰიპოგლიკემია;
ტაკროლიმუსი ან ციკლოსპორინი (გამოიყენება ტრანსპლანტატის მოცილების პრევენციისთვის)
ზიდოვუდინი (ანტივირუსული საშუალება, რომელიც გამოიყენება შიდსი-ს სამკურნალოდ);
მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო პრეპარატები (აგფ ინჰიბიტორები, როგორიცაა მაგ.: კაპტოპრილი, ბეტა-ბლოკატორები, როგორიცაა ატენოლოლი და ანგიოტენზინი II რეცეპტორის ანტაგონისტები, როგორიცაა ლოზარტანი);
თრომბოლიზური საშუალებები (მედიკამენტები, რომლებიც შლიან თრომბს);
ამინოგლიკოზიდების ჯგუფის ანტიბიოტიკები, როგორიცაა ნეომიცინი;
მცენარეული ექსტრაქტები: გინკგო ბილობას ხე;
CYP2C9-ის ინჰიბიტორები (პასუხისმგებლები არიან მრავალი წამლის მეტაბოლიზმზე ღვიძლში), როგორიცაა ვორიკონაზოლი და ფლუკონაზოლი (გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ).
სხვა მედიკამენტებმა შეიძლება ასევე გავლენა იქონიონ ან მათზე იქონიოს გავლენა იბუპროფენმა ნორმონმა ამიტომ იბუპროფენი ნორმონის მიღებამდე ყოველთვის საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
გავლენა ლაბორატორიულ ანალიზებზე
იბუპროფენის მიღებამ შესაძლოა შეცვალოს შემდეგი ლაბორატორიული ანალიზების შედეგები:
სისხლდენის დრო (შესაძლოა გახანგრძლივდეს მკურნალობის შეწყვეტიდან 1 დღის განმავლობაში);
სისხლში გლუკოზის დონე (შეიძლება დაქვეითდეს);
კრეატინინის კლირენსი (შეიძლება დაქვეითდეს);
ჰემატოკრიტი ან ჰემოგლობინი (შეიძლება დაქვეითდეს);
სისხლში შარდოვანას აზოტის დონე, კრეატინინის ან კალიუმის დონე შრატში (შეიძლება გაიზარდოს);
ღვიძლის ფუნქციის ანალიზებში: ტრანსამინაზების დონის მომატება.
ნებისმიერი ანალიზის გაკეთებამდე საჭიროა მკურნალი ექიმის ინფორმირება, თუ პაციენტი იღებს ან უკანასკნელ პერიოდში მიღებული აქვს იბუპროფენი.
იბუპროფენი ნორმონის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად:
მისი მიღება შეიძლება როგორც ცალკე, ასევე საკვებთან ერთად. ზოგადად, მისი მიღება რეკომენდებულია ჭამის წინ ან რძესთან ერთად, რათა თავიდან იქნეს აცილებული კუჭის შესაძლო გაღიზიანება. არ უნდა იქნეს მიღებული ალკოჰოლი, რადგან შეიძლება გაიზარდოს კუჭ-ნაწლავის გვერდითი რეაქციები.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ორსულობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე.
ორსულობა
ამ მედიკამენტის გამოყენება არ არის რეკომენდებული ქალებში, რომლებიც გეგმავენ ორსულობას.
იბუპროფენი არ უნდა იქნეს მიღებული ორსულობის დროს, განსაკუთრებით მესამე ტრიმესტრში (იხ. პარაგრაფი გაფრთხილებები ორსული და შვილოსნობის ასაკის მქონე ქალებისათვის”), რადგან შეიძლება ავნოს ნაყოფს ან გამოიწვიოს პრობლემები მშობიარობის დროს. მან შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის თირკმელების და გულის პრობლემები, შეიძლება გავლენა იქონიოს დედის და ბავშვის სისხლდენისადმი ტენდენციაზე და გამოიწვიოს მშობიარობის დაყოვნება ან მისი გახანგრძლივება მოსალოდნელზე მეტად. დაუშვებელია იბუპროფენის მიღება ორსულობის პირველ 6 თვეში, თუ არ არის აბსოლუტური საჭიროება და არ არის ექიმის მიერ დანიშნული. თუ პაციენტი საჭიროებს მკურნალობას ამ პერიოდში ან ორსულობის მცდელობისას, მიღებულ უნდა იქნეს უმცირესი დოზა რაც შეიძლება ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში. 20 კვირის ორსულობიდან იბუპროფენმა შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის პრობლემები ნაყოფში, თუ მიიღება რამდენიმე დღეზე მეტხნას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ამნიონური სითხის, რომელიც გარს აკრავს ნაყოფს, დაბალი დონე (ოლიგოჰიდრამნიონი). თუ მკურნალობა საჭიროა რამდენიმე დღეზე მეტხანს ექიმი პაციენტს გაუწევს დამატებით მონიტორინგს.
ძუძუთი კვება
მიუხედავად იმისა, რომ მედიკამენტის მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილი ხვდება დედის რძეში, მისი ხანგრძლივად მიღება არ არის რეკომენდებული ძუძუთი კვების დროს. ამიტომ, ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი არის ორსულად ან მეძუძური დედაა.
რეპროდუქციული უნარი
შვილოსნობის ასაკის მქონე ქალები გაფრთხილებულები უნდა იყვნენ, რომ იბუპროფენის მსგავსმა მედიკამენტებმა შეიძლება გამოიწვიონ დაორსულების უნარის დაქვეითება.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
თუ ამ მედიკამენტის მიღებისას პაციენტს აღენიშნება თავბრუსხვევა, ტრიალის შეგრძნება, მხედველობის დარღვევები ან სხვა სიმპტომები, არ არის რეკომენდებული ავტომობილის ან სხვა სახიფათო მექანიზმების მართვა. თუ მიიღება იბუპროფენის მხოლოდ ერთჯერადი დოზა, ან მისი მიღება ხდება ხანმოკლე პერიოდით, არ არის საჭირო დამატებითი სიფრთხილის ზომების მიღება.
იბუპროფენის მიღებამ შეიძლება დააყოვნოს რეაქციის დრო, რაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს გაზრდილი ყურადღების საჭიროების მქონე ქმედებების შესასრულებლად, როგორიცაა ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა.
ეს განსაკუთრებით ეხება ალკოჰოლთან კომბინაციას.
ეს მედიკამენტი შეიცავს 1 მმოლ-ზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს იბუპროფენის ერთ ტაბლეტში, რაც ნიშნავს, რომ ფაქტობრივად “თავისუფალია ნატრიუმისაგან”.
გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, იბუპროფენმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
გვერდითი მოვლენები იბუპროფენის მსგავსი მედიკამენტების მიღებისას უფრო ხშირია 65 წელს ზემოთ ასაკის პაციენტებში.
გვერდითი ეფექტების განვითარების ალბათობა დაბალია ხანმოკლე მკურნალობის დროს და რეკომენდებულ მაქსიმალურ დღიურ დოზაზე ნაკლები დოზის მიღებისას.
ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში): კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა განსაკუთრებით ხანდაზმულებში. ასევე აღწერილ იქნა გულისრევა, ღებინება, დიარეა, შებერილობა, დისპეფსია (კუჭ-ნაწლავის სეკრეციის ან მოტორიკის დარღვევა), შეკრულობა, გულძმარვა, მუცლის ტკივილი, სისხლის არსებობა განავალში, სისხლიანი ღებინება, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა ან წონასწორობის დარღვევის შეგრძნება, დაღლილობა.
არახშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში): აღწერილ იქნა გასტრიტი, დუოდენალური წყლულები, კუჭის წყლულები, კანის სიწითლე, კანის ქავილი ან ჩხვლეტის შეგრძნება, ჭინჭრის ცოება, პურპურა (იასამნისფერი ლაქები კანზე), კანის რეაქციები სინათლეზე. ჰიპერმგრძნობელობა, პარესთეზია (ხელებში, ტერფებში, მკლავებში ან ფეხებში დაბუჟების, ჩხვლეტის, წვის და ა.შ. შეგრძნება), ძილიანობა, უძილობა, შფოთვა, სმენის დარღვევები, მხედველობის დარღვევები, რინიტი (ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება), პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება წყლულების განვითარებით (აფთოზური წყლულები). კუჭ-ნაწლავის პერფორაცია, ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება), ღვიძლის ფუნქციის დარღვევა და სიყვითლე (კანისა და თვალების გაყვითლება), ასთმა, ბრონქოსპაზმი, ქოშინი (დისპნოე). ტუბულოინტერსტიციული ნეფრიტი (თირკმლის დაავადება), ნეფროზული სინდრომი (ხასიათდება პროტეინურიითა და შეშუპებით) და თირკმლის უკმარისობა (ნორმალური თირკმლის ფუნქციის უეცარი დაკარგვა), თირკმლის მწვავე უკმარისობა და პაპილარული ნეკროზი (განსაკუთრებით, ხანგრძლივი გამოყენებისას) შარდოვანას გაზრდილ დონესთან ერთად.
იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 1.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში): დეზორიენტაცია ან ცნობიერების დაბინდვა, დეპრესია, აგრესიულობა, ნევროზულობა, ფსიქოზური რეაქცია, ვერტიგო, ტინიტუსი (ყურებში ხმაური), სმენის დარღვევა, შექცევადი ტოქსიკური ამბლიოპია, ღვიძლის დაზიანება, შეშუპება (შესივება ქსოვილებში სითხის დაგროვების გამო), ოპტიკური ნევრიტი, ანაფილაქსიური რეაქცია (მძიმე გენერალიზებული ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციის შემთხვევაში ნიშნები შეიძლება იყოს სახის, ენის და ხორხის შეშუპება, დისპნოე (ქოშინი), ტაქიკარდია, ჰიპოტენზია (ანაფილაქსია, ანგიონევროზული შეშუპება ან მძიმე შოკი), ასეპტიკური მენინგიტი (თავისა და ზურგის ტვინის მენინგეალური გარსების ანთება, რომელიც არ არის გამოწვეული ბაქტერიით). ასეპტიკური მენინგიტის აღწერილი შემთხვევების უმეტესობა იბუპროფენის მიღების დროს აღინიშნა პაციენტებში, რომლებსაც ჰქონდათ თანმხლები აუტოიმუნური დაავადება (როგორიცაა სისტემური წითელი მგლურა ან სხვა კოლაგენური დაავადება), რაც წარმოადგენდა უკვე არსებულ რისკფაქტორს. აღწერილი ასეპტიკური მენინგიტის სიმპტომებია: კისრის გაშეშება, თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ცხელება ან დეზორიენტაცია. სხვა გვერდითი მოვლენებია: თრომბოციტებისა და ლეიკოციტების დონის დაქვეითება (რაც მანიფესტირდება ხშირი ინფექციებით, რომლებიც მიმდინარეობს ცხელებით, შემცივნებით ან ყელის ტკივილით), ერითროციტების დონის დაქვეითება (რაც ვლინდება სუნთქვის გაძნელებითა და კანის სიფერმკრთალით), ნეიტროპენია (ნეიტროფილების დაქვეითებული რაოდენობა) და აგრანულოციტოზი (ნეიტროფილების დონის ძლიერი დაქვეითება), აპლაზიური ანემია (ძვლის ტვინის მიერ სისხლის სხვდასხვა ტიპის უჯრედების წარმოქმნის დაქვეითება), ჰემოლიზური ანემია (ერითროციტების ნაადრევი დაშლა). პირველი სიმპტომებია: ცხელება, ყელის ტკივილი, ლორწოვანის ზედაპირული წყლულები, გრიპის მსგავსი სიმპტომები, ძლიერი გამოფიტვა, უცნობი ეტიოლოგიის სისხლდენა და სისხლჩაქცევები.
ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში): პანკრეატიტი, სისხლდენის დროის გახანგრლივება, სისტემური წითელი მგლურა (სახსრების ტკივილი და ცხელება), მძიმე ბულოზური რეაქციები, როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი (დაზიანებები კანზე და ორ ან მეტ ლორწოვან გარსზე და მეწამული ფერის დაზიანებები, ჩვეულებრივ, სხეულზე) და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ლორწოვანის დაზიანებები, მტკივნეული ნეკროზული წარმონაქმნები და ეპიდერმისის აშრევება), მულტიფორმული ერითემა (კანის დაზიანებები), თმის ცვენა. გამონაკლის შემთხვევებში კანის სერიოზული ინფექციები და რბილი ქსოვილების გართულებები შეიძლება განვითარდეს ჩუტყვავილის დროს. ღვიძლის უკმარისობა (ღვიძლის მძიმე დისფუნქცია), გულის უკმარისობა, მიოკარდიუმის ინფარქტი, ჰიპერტენზია.
ანთებასთან დაკავშირებული ინფექციების დამძიმება აღწერილ იქნა NSAID-ების გამოყენების დროს. თუ აღინიშნება ინფექციის ნიშნები ან მათი გაუარესება იბუპროფენის გამოყენების დროს, რეკომენდებულია ექიმთან ვიზიტი რაც შეიძლება სწრაფად.
სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე): კოლიტის და კრონის დაავადების (ქრონიკული დაავადება, რომლის დროსაც იმუნური სისტემა აზიანებს ნაწლავებს, რაც იწვევს ანთებას და შედეგად, სისხლიან ფაღარათს) გამწვავება.
მკერდში ტკივილი, რაც შეიძლება სერიოზული ალერგიული რეაქციის, ე.წ. კუნისის სინდრომის, ნიშანი იყოს.
შეიძლება განვითარდეს კანის მძიმე რეაქცია, ე.წ. DRESS სინდრომი. DRESS სინდრომის სიმპტომები მოიცავს: კანზე გამონაყარს, ლიმფური კვანძების ანთებასა და ეოზინოფილების (სისხლის თეთრი უჯრედების ტიპი) რაოდენობის მომატებას. წითელი, აქერცვლადი, გავრცობილი გამონაყარი კანქვეშა კვანძებითა და ბუშტუკებით, რომლებიც ძირითადად ლოკალიზებულია კანის ნაოჭებში, სხეულის ტორსზე და ზედა კიდურებზე და თან ახლავს ცხელება მკურნალობის დასაწყისში (მწვავე გენერალიზებული ეგზანთემური პუსტულოზი). ასეთი სიმპტომების განვითარებისას იბუპროფენი ნორმონის მიღება უნდა შეწყდეს და საჭიროა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. იხ. ასევე პარაგრაფი 2.
თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტი, მკურნალობა უნდა შეწყდეს და პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს:
ალერგიული რეაქციები, როგორიცაა კანზე გამონაყარი, სახის შეშუპება, ხმაურიანი სუნთქვა ან სუნთქვის გაძნელება;
სისხლის ან ყავის ნალექის მსგავსი მასებით პირღებინება;
სისხლი განავალში ან სისხლიანი დიარეა;
კუჭის ძლიერი ტკივილი;
კანის ბლისტერული გამონაყარი ან ძლიერი აქერცვლა;
ინტენსიური ან მუდმივი ხასიათის თავის ტკივილი;
კანის მოყვითალო ფერის პიგმენტაცია (სიყვითლე);
მძიმე ჰიპერმგრძნობელობითი (ალერგიული) ნიშნები (იხ. ამავე პარაგრაფში ზემოთ);
კიდურების შეშუპება ან სითხის შეკავება ხელებსა და ფეხებში;
მოწითალო, არაამობურცული, სამიზნის მსგავსი ან წრიული ლაქები ტორსზე, ხშირად ცენტრში ბლისტერებით, კანის აქერცვლა, წყლულები პირში, ხახაში, ცხვირში, გენიტალიებზე და თვალებში. კანის ამ სერიოზულ გამონაყარს შეიძლება წინ უძღოდეს ცხელება და გრიპის მსგავსი სიმპტომები (ექსფოლიაციური დერმატიტი, მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი);
კანის გავრცელებული გამონაყარი, სხეულის მაღალი ტემპერატურა და გადიდებული ლიმფური კვანძები (DRESS სინდრომი);
წითელი, აქერცვლადი, გავრცელებული გამონაყარი კანქვეშა კვანძებით და ბლისტერებით, რომელსაც თან ახლავს ცხელება. ეს სიმპტომები ჩვეულებრივ ვითარდება მკურნალობის დასაწყისში (მწვავე გენერალიზებული ეგზანთემური პუსტულოზი).
თუ პაციენტი მიიჩნევს, რომ რომელიმე გვერდითი ეფექტი სერიოზულია ან აღინიშნება ისეთი გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება უშუალოდ შესაძლებელია ესპანეთის ადამიანებისათვის განკუთვნილი სამკურნალო მოწყობილობების ფარმაკოზედამხედველობის სისტემის საშუალებით: ვებგვერდი https://www.notificarama.es. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
ჭარბი დოზა
მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება (შეიძლება მოიცავდეს სისხლიან ღებინებას), ინდიფერენტულობა, თავის ტკივილი, ყურებში ხმაური, ცნობიერების დაბინდვა, თვალების უნებლიე მოძრაობები და კუნთების კოორდინაციის დარღვევა.
ასევე მაღალ დოზებზე აღწერილ იქნა ძილიანობა, ტკივილი მკერდის არეში, გულის ფრიალი, ცნობიერების დაკარგვა, კრუნჩხვები (ძირითადად ბავშვებში), სისუსტე და თავბრუსხვევა, სისხლიანი შარდი, შემცივნება და სუნთქვის პრობლემები.
აღწერილ იქნა სისხლის პლაზმის მჟავიანობის მომატების (მეტაბოლური აციდოზი), სხეულის დაქვეითებული ტემპერატურის, თირკმლის ფუნქციის დაზიანების, კუჭიდან და ნაწლავებიდან სისხლდენის, კომის, სუნთქვის გარდამავალი გაჩერების (აპნოე), ცენტრალური ნერვული სისტემისა და სუნთქვითი სისტემის დეპრესიის იშვიათი შემთხვევები. ასევე აღწერილ იქნა კარდიოვასკულარული ტოქსიკურობა (სისხლის წნევის დაქვეითება, გულისცემის სიხშირის დაქვეითება და გულისცემის სიხშირის გაზრდა).
მძიმე ინტოქსიკაციამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის უკმარისობა და ღვიძლის დაზიანება. ასეთ შემთხვევებში ექიმი მიიღებს საჭირო ზომებს.
მნიშვნელოვნად დიდი დოზებით პრეპარატის მიღებისას უნდა დაინიშნოს გააქტივირებული ნახშირი..
იბუპროფენი ნორმონის მიღების დავიწყებისას
დაუშვებელია გაორმაგებული დოზის მიღება გამოტოვებულის სანაცვლოდ.
დოზის მიღების დავიწყებისას მისი მიღება უნდა მოხდეს გახსენებისთანავე. თუმცა, თუ თითქმის მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო, დავიწყებული დოზა უნდა იქნეს გამოტოვებული და მომდევნო დოზის მიღება უნდა მოხდეს ჩვეულ დროს.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებაა იბუპროფენი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 600 მგ იბუპროფენს.
სხვა დამხმარე ნივთიერებებია: ტაბლეტის შიგთავსი: მიკროკრისტალური ცელულოზა, ტრიკალციუმის ფოსფატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, პოვიდონი, სტეარის მჟავა, ტალკი. ტაბლეტის გარსი: ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი (E-171) და მაკროგოლი 6000, ტალკი.
იბუპროფენი ნორმონის გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემცველობა
იბუპროფენი ნორმონი 600 მგ მოწოდებულია აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების სახით. ტაბლეტები არის თეთრი ან მოთეთრო ფერის, მოგრძო ფორმის, ორმხრივამოზნექილი.
თითოეული შეფუთვა შეიცავს 40 ტაბლეტს და ჰოსპიტალური შეფუთვა შეიცავს 500 ტაბლეტს პვქ-ალუმინის ალვეოლარულ შეფუთვაზე (ბლისტერებზე) და გამოყენების ინსტრუქციას.
გამოშვების სხვა ფორმები:
იბუპროფენი ნორმონი 400 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
იბუპროფენი ნორმონი 20 მგ/მლ შიგნით მისაღები სუსპენზია
იბუპროფენი ნორმონი 40 მგ/მლ შიგნით მისაღები სუსპენზია
ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი:
LABORATORIOS NORMON, S.A.
Ronda de Valdecarrizo, 6
28760 Tres Cantos - Madrid (SPAIN)
ლაბორატორიოს ნორმონ ს.ა.
რონდა დე ვალდეკარიზო, 6
28760 ტრეს კანტოს – მადრიდი (ესპანეთი)
ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია: 2024 წლის ნოემბერი.
პრეპარატის შესახებ დეტალური და განახლებული ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ესპანეთის წამლებისა და სამედიცინო მოწყობილობების სააგენტოს (AEMPS) ვებგვერდზე: http://www.aemps.gob.es/
პრეპარატის შესახებ დეტალური და განახლებული ინფორმაცია ხელმისაწვდომია მედიკამენტის გამოყენების ინსტრუქციაში და შეფუთვაზე არსებული QR კოდის სმარტფონით დასკანერებით. ასევე ამ ინფორმაციაზე წვდომა შესაძლებელია ვებგვერდზე: https://cima.aemps.es/cima/dochtml/p/65251/P_65251.html
შენახვის პირობები
მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ეს მედიკამენტი არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ პირობებს.
დაუშვებელია პრეპარატის მიღება კონტეინერზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. არასაჭირო კონტეინერებისა და მედიკამენტების გადაგდება უნდა მოხდეს აფთიაქში განთავსებულ SIGRE+ სიმბოლოთი აღნიშნულ ადგილას. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, ნებისმიერი გამოუყენებელი კონტეინერის ან პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისათვის
იბუპროფენი ნორმონი 600 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
პრეპარატის მიღებამდე საჭიროა ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.
დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
ეს მედიკამენტი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისათვის. არ შეიძლება მისი მიცემა სხვა პირებისათვის. სიმპტომების მსგავსების მიუხედავად, ის შესაძლოა საზიანო აღმოჩნდეს მათი ჯანმრთელობისათვის.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. იხ. პარაგრაფი 4.
ინსტრუქციაში მოცემულია:
რას წარმოადგენს იბუპროფენი ნორმონი და მისი გამოყენება
რა უნდა იცოდეს პაციენტმა იბუპროფენი ნორმონის მიღებამდე
იბუპროფენი ნორმონის მიღების წესი
შესაძლო გვერდითი მოვლენები
იბუპროფენი ნორმონის შენახვის წესი
შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას წარმოადგენს იბუპროფენი ნორმონი და მისი გამოყენება
იბუპროფენი მიეკუთვნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების (NSAID) ჯგუფს.
ეს მედიკამენტი გამოიყენება ცხელების, სუსტი და ზომიერი ტკივილის სამკურნალოდ, რომელიც მოიცავს შაკიკს, ართრიტის (სახსრების ანთება, ჩვეულებრივ აზიანებს ხელებსა და ტერფებს და იწვევს ტკივილსა და შესივებას), იუვენილური რევმატოიდული ართრიტის, ოსტეოართრიტის (ქრონიკული დაავადება, რომელიც იწვევს ხრტილების დაზიანებას), მაანკილოზებელი სპონდილიტის (ხერხემალში სახსრების ანთებითი დაავადება), არარევმატოიდული ანთების და პირველადი დისმენორეის (მტკივნეული მენსტრუაცია) სამკურნალოდ.
რა უნდა იცოდეს პაციენტმა იბუპროფენის მიღებამდე
იბუპროფენი ნორმონი არ მიიღება:
თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარეა) იბუპროფენის, სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების (NSAID), ასპირინის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში). რეაქციები, რომლებიც მიუთითებს ალერგიას, შეიძლება მოიცავდეს: კანზე გამონაყარს ქავილით, სახის, ტუჩების ან ენის შეშუპებას, ცხვირიდან გამონადენს, სუნთქვის გაძნელებას ან ასთმას;
თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის ან თირკმლის მძიმე დაავადება;
თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება კუჭის ან წვრილი ნაწლავის (12-გოჯა ნაწლავის) წყლული ან სისხლდენა, ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პერფორაცია;
თუ პაციენტს აღენიშნება სისხლიანი ღებინება;
თუ პაციენტს აღენიშნება შავი განავალი ან ფაღარათი სისხლიანი განავლით;
თუ პაციენტს აღენიშნება სისხლდენის ან სისხლის შედედების პათოლოგია, ან იღებს ანტიკოაგულანტებს (სისხლის გამათხელებელ მედიკამენტებს). თუ პაციენტს ესაჭიროება ანტიკოაგულანტების მიღება ამ პრეპარატთან ერთად, ექიმმა უნდა შეამოწმოს სისხლის შედედების გარკვეული ანალიზები;
თუ პაციენტს აღენიშნება ძლიერი დეჰიდრატაცია (გამოწვეული ღებინებით, ფაღარათით ან სითხის მცირე მიღები);
თუ პაციენტს მძიმე გულის უკმარისობა აქვს;
ორსულობის ბოლო ტრიმესტრის დროს.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები:
ამ მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან კონსულტაცია.
თუ პაციენტს აღენიშნება შეშუპება (წყლის შეკავება);
თუ პაციენტს აქვს ან ჰქონდა გულის დაავადება, ან აქვს მაღალი არტერიული წნევა;
თუ პაციენტს აღენიშნება ბრონქული ასთმა ან სუნთქვის რაიმე სხვა პრობლემა;
იბუპროფენის მიღებამ შეიძლება შენიღბოს ცხელება, რომელიც წარმოადგენს ინფექციის მთავარ ნიშანს, ამიტომ იბუპროფენით მკურნალობამ შესაძლოა შეაფერხოს დიაგნოზის დასმა;
თუ პაციენტს ღვიძლის ან თირკმლის დაავადება აქვს, არის 60 წელს ზემოთ ასაკის ან ესაჭიროება ამ მედიკამენტის მიღება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში (1-2 კვირაზე მეტხანს), ექიმის მიერ შეიძლება საჭირო გახდეს ანალიზების რეგულარული შემოწმება. პაციენტის მდგომარეობის მონიტორინგისთვის. მკურნალი ექიმი პაციენტს ეტყვის, რა სიხშირით უნდა გაკეთდეს საკონტოროლო ანალიზები;
თუ პაციენტს ჰქონდა ან განუვითარდა კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, სისხლდენა ან პერფორაცია, რაც იწვევს ძლიერ ან მუდმივი ხასიათის მუცლის ტკივილს და/ან შავი ფერის განავალს, მაშინაც კი, როცა პაციენტს არ აღენიშნება საგანგაშო სიმპტომები;
რაც უფრო მაღალია დოზა და ხანგრძლივია მკურნალობა, მით უფრო მაღალია რისკი, განსაკუთრებით პეპტიკური წყლულის ანამნეზის მქონე ან ხანდაზმულ პაციენტებში. ამ შემთხვევებში ექიმი განიხილავს კუჭის დამცავი პრეპარატების თანმხლებ მიღებას;
თუ პაციენტი პარალელურად იღებს რომელიმე ისეთ მედიკამენტს, რომელიც გავლენას ახდენს სისხლის შედედებაზე, როგორიცაა შიგნით მისაღები ანტიკოაგულანტები ან აცეტილსალიცილის მჟავის მსგავსი თრომბოციტების აგრეგაციის საწინააღმდეგო პრეპარატები. პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს ნებისმიერი სხვა მედიკამენტის შესახებ, რომელსაც იღებს და რომელმაც შეიძლება გაზარდოს სისხლდენის რისკი, როგორიცაა მაგ.: კორტიკოსტეროიდები და სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორი ანტიდეპრესანტები;
თუ პაციენტს აღენიშნება კრონის დაავადება (ქრონიკული დაავადება, რომლის დროსაც იმუნური სისტემა აზიანებს ნაწლავებს და იწვევს ანთებასა და შედეგად, სისხლიან დიარეას) ან წყლულოვანი კოლიტი, ვინაიდან იბუპროფენის მსგავსმა მედიკამენტებმა შეიძლება გააუარესონ ეს დაავადებები;
თუ პაციენტი მკურნალობს დიურეტიკებით (შარდმდენებით), ექიმმა შეიძლება გააკონტროლოს თირკმლის ფუნქცია;
თუ პაციენტს აღენიშნება სისტემური წითელი მგლურა (ქრონიკული დაავადება, რომელიც აზიანებს იმუნურ სისტემას და შესაძლოა დააზიანოს სხვადასხვა სასიცოცხლო ორგანოები, ნერვულ სისტემა, სისხლძარღვები, კანი და სახსრები), ვინაიდან არსებობს ასეპტიკური მენინგიტის განვითარების ალბათობა (მენინგეალური გარსების, თავისა და ზურგის ტვინის გარსების, ანთება, რომელიც არ არის გამოწვეული ბაქტერიით);
თუ პაციენტს აღენიშნება მწვავე ხანგამოშვებითი პორფირია (მეტაბოლური დაავადება, რომელიც გავლენას ახდენს სისხლზე და იწვევს ისეთი სიმპტომების განვითარებას, როგორიცაა შარდის გაწითლება, სისხლიანი შარდი ან ღვიძლის დაავადება), უნდა შეფასდეს იბუპროფენით მკურნალობის მიზანშეწონილობა;
თუ ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ პაციენტს აღენიშნება თავის ტკივილები, არ უნდა მოხდეს ამ სამკურნალო პროდუქტის მაღალი დოზებით გამოყენება;
ამ მედიკამენტმა შესაძლოა გმოიწვიოს ალერგიული რეაქციები;
თუ პაციენტი იბუპროფენს იღებს დიდი ქირურგიული ოპერაციის შემდეგ, საჭიროა მისი მდგომარეობის მკაცრი მონიტორინგი;
ამ პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული ჩუტყვავილის დროს;
თუ პაციენტს აღენიშნება ინფექცია, იხ. ქვეთავი “ინფექციები” ქვემოთ;
ამ მედიკამენტის მიმართ ალერგიული რეაქციის ნიშნები, მათ შორის სუნთქვის პრობლემები, სახის და ყელის შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება) და მკერდში ტკივილი აღწერილ იქნა იბუპროფენის გამოყენებისას. დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს იბუპროფენი ნორმონის მიღება და საჭიროა ექიმთან ან ემერჯენსის განყოფილებაში დაუყოვნებლივ მიმართვა, თუ აღინიშნება ეს ნიშნები.
მნიშვნელოვანია უმცირესი დოზის მიღება ტკივილის გასაკონტროლებლად /მოსახსნელად; ეს მედიკამენტი არ უნდა იქნეს მიღებული იმაზე მეტი ხანგრძლივობით, რომელიც საჭიროა სიმპტომების გასაკონტროლებლად.
სიფრთხილის ზომები ხანდაზმულ პაციენტებში
ხანდაზმულ პაციენტებში NSAID-ების (არასტეროიდული ანტიანტებითი პრეპარატების) მიმართ აღინიშნება გვერდითი რეაქციების გაზრდილი სიხშირე, განსაკუთრებით, კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის და პერფორაციის, რომლებიც შეიძლება ფატალური იყოს.
კანის სერიოზული გვერდითი რეაქციები (SCAR)
კანის სერიოზული რეაქციები, მათ შორის ექსფოლიაციური დერმატიტი, მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიითა და სისტემური სიმპტომებით (DRESS სინდრომი) და მწვავე გენერალიზებული ეგზანთემური პუსტულოზი (AGEP), აღწერილ იქნა იბუპროფენის გამოყენებასთან კავშირში. უნდა შეწყდეს იბუპროფენი ნორმონის მიღება და საჭიროა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, თუ პაციენტს განუვითარდა მე-4 პარაგრაფში აღწერილი კანის ამ სერიოზულ რეაქციებთან დაკავშირებული რომელიმე სიმპტომი.
გაფრთხილებები გულ-სისხლძარღვთა სისტემის შესახებ
ანტიანთებითი/ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები, როგორიცაა იბუპროფენი, შეიძლება დაკავშირებული იყოს მიოკარდიუმის ინფარქტის ან ინსულტის განვითარების მცირედ მომატებულ რისკთან, განსაკუთრებით თუ ხდება პრეპარატის დიდი დოზებით მიღება. არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დოზის ან მკურნალობის ხანგრძლივობას გადაჭარბება.
იბუპროფენი ნორმონით მკურნალობის დაწყებამდე მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს:
თუ პაციენტს აღენიშნება გულის პრობლემები, მათ შორის გულის უკმარისობა, სტენოკარდია (ტკივილი მკერდის არეში) ან მიოკარდიუმის ინფარქტი, ჩატარებული აქვს აორტოკორინარული შუნტირების ოპერაცია, აღენიშნება პერიფერიული არტერიების დაავადება (ფეხის ან ტერფის ცირკულაციის დარღვევები, რომელიც გამოწვეულია არტერიების შევიწროებით ან ბლოკირებით), ან ნებისმიერი ტიპის ინსულტი (მათ შორის, “მინი” ინსულტი ან ტრანზიტორული იშემიური ინსულტი “TIA”);
თუ პაციენტს აღენიშნება მაღალი არტერიული წნევა, დიაბეტი, ქოლესტერინის მაღალი დონე, გულის დაავადებების ან ინსულტის ოჯახური ანამნეზი ან პაციენტი მწეველია. ამ ტიპის მედიკამენტმა შეიძლება ასევე გამოიწვიოს სითხის შეკავება, განსაკუთრებით, გულის უკმარისობის და/ან მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის) მქონე პაციენტებში.
რესპირატორული დარღვევები
სიფრთხილეა საჭირო იბუპროფენის დანიშვნისას პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ასთმა ან აქვთ ბრონქული ასთმის ანამნეზი, ქრონიკული რინიტი ან ალერგიული დაავადებები, რადგან აღწერილია, რომ იბუპროფენმა გამოიწვია ბრონქოსპაზმი, ჭინჭრის ციება ან ანგიონევროზული შეშუპება ასეთ პაციენტებში.
გაფრთხილებები ორსული და შვილოსნობის ასაკის მქონე ქალებისათვის
იბუპროფენის მსგავსი მედიკამენტების მიღება დაკავშირებული იყო აბორტების/თანდაყოლილი პათოლოგიების მაღალ რისკთან. აქედან გამომდინარე, იბუპროფენის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის პირველ და მეორე ტრიმესტრში, თუ არ არის ამის აბსოლუტური საჭიროება. ამ შემთხვევებში დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა იყოს, რაც შეიძლება მცირე. რისკი იზრდება დოზისა და თერაპიის ხანგრძლივობის ზრდასთან ერთად.
მესამე ტრიმესტრში იბუპროფენის მიღება უკუნაჩვენებია.
შვილოსნობის უნარის ასაკის მქონე ქალები გაფრთხილებული უნდა იყვნენ, რომ იბუპროფენის მსგავსი მედიკამენტების მიღება დაკავშირებულია დაფეხმძიმების დაქვეითებულ უნართან.
ინფექციები
იბუპროფენმა შეიძლება შენიღბოს ინფექციის ნიშნები, როგორიცაა ცხელება და ტკივილი. ამიტომ, შესაძლოა იბუპროფენმა შეაფერხოს ინფექციის სათანადო მკურნალობა, რამაც თავის მხრივ, შეიძლება გამოიწვიოს გართულებების გაზრდილი რისკი. ეს აღინიშნა ბაქტერიით გამოწვეული პნევმონიის დროს და კანის ბაქტერიული ინფექციების დროს, რომელიც დაკავშირებული იყო ჩუტყვავილასთან. თუ პაციენტი მედიკამენტს იღებს ინფექციის დროს და ინფექციის სიმპტომები ისევ აღინიშნება ან უარესდება, საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა.
სხვა მედიკამენტები და იბუპროფენი ნორმონი
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს ყველა იმ მედიკამენტის შესახებ, რომელსაც პაციენტი იღებს, უკანასკნელ პერიოდში იღებდა ან აპირებს, რომ მიიღოს, ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების ჩათვლით.
იბუპროფენმა ნორმონმა შეიძლება გავლენა იქონიოს ან მასზე იქონიონ გავლენა სხვა სამკურნალო პროდუქტებმა. მაგალითად:
სხვა არასტეროიდული ანტიანტებითი პრეპარატები, როგორიცა მაგ.: ასპირინი, რადგან იზრდება წყლულისა და კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის რისკი;
თრომბოციტების აგრეგაციის საწინააღმდეგო მედიკამენტები (ხელს უშლიან თრომბების წარმოქმას სისხლძარღვებში), როგორიცაა ტიკლოპიდინი;
ანტიკოაგულანტები (გამოიყენება სისხლის შედედების დარღვევების სამკურნალოდ/თრომბოზის პრევენციისათვის, როგორიცაა მაგ.: აცეტილსალიცილის მჟავა, ვარფარინი, ტიკლოპიდინი);
ქოლესტირამინი (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება ქოლესტერინის მაღალი დონის სამკურნალოდ);
სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორი (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ);
ლითიუმი (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ). ექიმმა შეიძლება მოახდინოს ამ მედიკამენტის დოზის კორექცია;
მეთოტრექსატი (გამოიყენება სიმსივნის ან ანთებითი დაავადების სამკურნალოდ). ექიმმა შეიძლება მოახდინოს ამ მედიკამენტის დოზის კორექცია;
მიფეპრისტონი (გამოიყენება ორსულობის შესაწყვეტად);
დიგოქსინი და სხვა საგულე გლიკოზიდები (გამოიყენება გულის დაავადებების სამკურნალოდ);
ჰიდანტოინები, როგორიცაა ფენიტოინი (გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ);
სულფონამიდები, როგორიცაა სულფამეთოქსაზოლი და კოტრიმოქსაზოლი (გამოიყენება ზოგიერთი ბაქტერიული ინფექციის სამკურნალოდ);
კორტიკოსტეროიდები, როგორიცაა კორტიზონი და პრედნიზოლონი;
დიურეტიკები (მედიკამენტები, რომლებიც ზრდიან დიურეზს), რადგან იზრდება თირკმელების ტოქსიკურობის რისკი;
პენტოქსიფილინი (გამოიყენება ხანგამოშვებითი კოჭლობის სამკურნალოდ);
პრობენეციდი (გამოიყენება პოდაგრის დროს ან პენიცილინთან კომბინაციაში ინფექციების სამკურნალოდ);
ქინოლონების კლასის ანტიბიოტიკები, როგორიცაა ნორფლოქსაცინი;
სულფინპირაზონი (გამოიყენება პოდაგრის სამკურნალოდ);
სულფონილშარდოვანა, როგორიცაა ტოლბუტამიდი (გამოიყენება დიაბეტის სამკურნალოდ), რადგან შეიძლება განვითარდეს ჰიპოგლიკემია;
ტაკროლიმუსი ან ციკლოსპორინი (გამოიყენება ტრანსპლანტატის მოცილების პრევენციისთვის)
ზიდოვუდინი (ანტივირუსული საშუალება, რომელიც გამოიყენება შიდსი-ს სამკურნალოდ);
მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო პრეპარატები (აგფ ინჰიბიტორები, როგორიცაა მაგ.: კაპტოპრილი, ბეტა-ბლოკატორები, როგორიცაა ატენოლოლი და ანგიოტენზინი II რეცეპტორის ანტაგონისტები, როგორიცაა ლოზარტანი);
თრომბოლიზური საშუალებები (მედიკამენტები, რომლებიც შლიან თრომბს);
ამინოგლიკოზიდების ჯგუფის ანტიბიოტიკები, როგორიცაა ნეომიცინი;
მცენარეული ექსტრაქტები: გინკგო ბილობას ხე;
CYP2C9-ის ინჰიბიტორები (პასუხისმგებლები არიან მრავალი წამლის მეტაბოლიზმზე ღვიძლში), როგორიცაა ვორიკონაზოლი და ფლუკონაზოლი (გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ).
სხვა მედიკამენტებმა შეიძლება ასევე გავლენა იქონიონ ან მათზე იქონიოს გავლენა იბუპროფენმა ნორმონმა ამიტომ იბუპროფენი ნორმონის მიღებამდე ყოველთვის საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
გავლენა ლაბორატორიულ ანალიზებზე
იბუპროფენის მიღებამ შესაძლოა შეცვალოს შემდეგი ლაბორატორიული ანალიზების შედეგები:
სისხლდენის დრო (შესაძლოა გახანგრძლივდეს მკურნალობის შეწყვეტიდან 1 დღის განმავლობაში);
სისხლში გლუკოზის დონე (შეიძლება დაქვეითდეს);
კრეატინინის კლირენსი (შეიძლება დაქვეითდეს);
ჰემატოკრიტი ან ჰემოგლობინი (შეიძლება დაქვეითდეს);
სისხლში შარდოვანას აზოტის დონე, კრეატინინის ან კალიუმის დონე შრატში (შეიძლება გაიზარდოს);
ღვიძლის ფუნქციის ანალიზებში: ტრანსამინაზების დონის მომატება.
ნებისმიერი ანალიზის გაკეთებამდე საჭიროა მკურნალი ექიმის ინფორმირება, თუ პაციენტი იღებს ან უკანასკნელ პერიოდში მიღებული აქვს იბუპროფენი.
იბუპროფენი ნორმონის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად:
მისი მიღება შეიძლება როგორც ცალკე, ასევე საკვებთან ერთად. ზოგადად, მისი მიღება რეკომენდებულია ჭამის წინ ან რძესთან ერთად, რათა თავიდან იქნეს აცილებული კუჭის შესაძლო გაღიზიანება. არ უნდა იქნეს მიღებული ალკოჰოლი, რადგან შეიძლება გაიზარდოს კუჭ-ნაწლავის გვერდითი რეაქციები.
ორსულობა, ძუძუთი კვება და რეპროდუქციული უნარი
ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ორსულობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე.
ორსულობა
ამ მედიკამენტის გამოყენება არ არის რეკომენდებული ქალებში, რომლებიც გეგმავენ ორსულობას.
იბუპროფენი არ უნდა იქნეს მიღებული ორსულობის დროს, განსაკუთრებით მესამე ტრიმესტრში (იხ. პარაგრაფი გაფრთხილებები ორსული და შვილოსნობის ასაკის მქონე ქალებისათვის”), რადგან შეიძლება ავნოს ნაყოფს ან გამოიწვიოს პრობლემები მშობიარობის დროს. მან შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის თირკმელების და გულის პრობლემები, შეიძლება გავლენა იქონიოს დედის და ბავშვის სისხლდენისადმი ტენდენციაზე და გამოიწვიოს მშობიარობის დაყოვნება ან მისი გახანგრძლივება მოსალოდნელზე მეტად. დაუშვებელია იბუპროფენის მიღება ორსულობის პირველ 6 თვეში, თუ არ არის აბსოლუტური საჭიროება და არ არის ექიმის მიერ დანიშნული. თუ პაციენტი საჭიროებს მკურნალობას ამ პერიოდში ან ორსულობის მცდელობისას, მიღებულ უნდა იქნეს უმცირესი დოზა რაც შეიძლება ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში. 20 კვირის ორსულობიდან იბუპროფენმა შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის პრობლემები ნაყოფში, თუ მიიღება რამდენიმე დღეზე მეტხნას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ამნიონური სითხის, რომელიც გარს აკრავს ნაყოფს, დაბალი დონე (ოლიგოჰიდრამნიონი). თუ მკურნალობა საჭიროა რამდენიმე დღეზე მეტხანს ექიმი პაციენტს გაუწევს დამატებით მონიტორინგს.
ძუძუთი კვება
მიუხედავად იმისა, რომ მედიკამენტის მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილი ხვდება დედის რძეში, მისი ხანგრძლივად მიღება არ არის რეკომენდებული ძუძუთი კვების დროს. ამიტომ, ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი არის ორსულად ან მეძუძური დედაა.
რეპროდუქციული უნარი
შვილოსნობის ასაკის მქონე ქალები გაფრთხილებულები უნდა იყვნენ, რომ იბუპროფენის მსგავსმა მედიკამენტებმა შეიძლება გამოიწვიონ დაორსულების უნარის დაქვეითება.
ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა
თუ ამ მედიკამენტის მიღებისას პაციენტს აღენიშნება თავბრუსხვევა, ტრიალის შეგრძნება, მხედველობის დარღვევები ან სხვა სიმპტომები, არ არის რეკომენდებული ავტომობილის ან სხვა სახიფათო მექანიზმების მართვა. თუ მიიღება იბუპროფენის მხოლოდ ერთჯერადი დოზა, ან მისი მიღება ხდება ხანმოკლე პერიოდით, არ არის საჭირო დამატებითი სიფრთხილის ზომების მიღება.
იბუპროფენის მიღებამ შეიძლება დააყოვნოს რეაქციის დრო, რაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს გაზრდილი ყურადღების საჭიროების მქონე ქმედებების შესასრულებლად, როგორიცაა ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა.
ეს განსაკუთრებით ეხება ალკოჰოლთან კომბინაციას.
ეს მედიკამენტი შეიცავს 1 მმოლ-ზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს იბუპროფენის ერთ ტაბლეტში, რაც ნიშნავს, რომ ფაქტობრივად “თავისუფალია ნატრიუმისაგან”.
იბუპროფენი ნორმონის მიღების წესი
იბუპროფენის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის დანიშნულების შესაბამისად. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
იბუპროფენით მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ. მკურნალობა არ უნდა შეწყდეს ნაადრევად, რადგან შეიძლება არ დადგეს სასურველი შედეგი. გარდა ამისა, არ უნდა მოხდეს იბუპროფენის მიღება იმაზე ხანგრძლივად, ვიდრე ეს მითითებულია ექიმის მიერ.
გამოყენებულ უნდა იქნეს უმცირესი ეეფექტიანი დოზა, რაც შეიძლება ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში, რომელიც საკმარისია სიმპტომების მოსახსნელად. თუ პაციენტს აღენიშნება ინფექცია, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია დაუყოვნებლივ, თუ სიმპტომები (როგორიცაა ცხელება და ტკივილი) ნარჩუნდება ან უარესდება (იხ. პარაგრაფი 2).
გვერდითი მოვლენების შემცირება შესაძლებელია უმცირესი ეფექტიანი დოზის გამოყენებით რაც შეიძლება ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში, რაც საჭიროა სიმპტომების გასაკონტროლებლად.
ზრდასრულები და 14 წლის ასაკიდან მოზარდები:
ზრდასრულებსა და 14 წლის ასაკიდან მოზარდებისათვის რეკომენდებული დოზაა ერთი ტაბლეტი (600 მგ) ყოველ 6-8 საათში, კლინიკური მდგომარეობის სიმძიმისა და მკურნალობის მიმართ პასუხის მიხედვით.
ზოგჯერ საჭიროა უფრო მაღალი დოზები, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 2,400 მგ-ს ზრდასრულებისათვის და 1,600 მგ-ს 14-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის.
ბავშვები და 14 წლამდე ასაკის მოზარდები:
ეს პრეპარატი არ არის რეკომენდებული 14 წელზე ნაკლები ასაკის მოზარდებისა და ბავშვებისათვის, ვინაიდან იბუპროფენის დოზა ამ პროდუქტში არ შეესაბამება ამ ასაკობრივი ჯგუფის პაციენტებისათვის რეკომენდებულ დოზას.
ხანდაზმული პაციენტები:
თუ პაციენტი 60 წელს ზემოთ ასაკისაა, ინიშნება ჩვეულებრივზე უფრო ნაკლები დოზა. ექიმმა შეიძლება გაზარდოს წამლის დოზა, თუ პრეპარატი კარგად გადაიტანება პაციენტის მიერ.
პაციენტები თირკმლის და/ან ღვიძლის დაავადებებით:
თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის და/ან ღვიძლის დაავადება, ექიმმა შეიძლება დანიშნოს ჩვეულებრივზე უფრო დაბალი დოზა. ამ შემთხვევაში პაციენტმა ზუსტად უნდა დაიცვას ექიმის მიერ დანიშნული დოზა.
მიღების მეთოდი
ეს სამკურნალო პროდუქტი განკუთვნილია შიგნით მისაღებად.
პრეპარატის უფრო სწრაფი ეფექტისათვის, მისი მიღება უნდა მოხდეს მშიერ კუჭზე. მგრძნობიარე კუჭის მქონე პაციენტებში რეკომენდებულია იბუპროფენის მიღება საკვებთან ერთად.
იბუპროფენის მიღება უნდა მოხდეს საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად. ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, ჭიქა წყალთან ერთად, არ უნდა დაიღეჭოს, გაისრისოს ან გაიწუწნოს, რათა თავიდან იქნეს აცილებული პირის ღრუს დისკომფორტი და ხახის გაღიზიანება.
თუ პაციენტი ფიქრობს, რომ მედიკამენტის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.
იბუპროფენი ნორმონის დოზის გადაჭარბებისას
თუ პაციენტმა მიიღო იბუპროფენის დიდი დოზა ან ბავშვმა შემთხვევით გადაყლაპა ეს მედიკამენტი, საჭიროა დაუყოვნებლივ მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა, ან ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსახურში დარეკვა, ტელ.: 91 562 04 20, მედიკამენტისა და მიღებული რაოდენობის მითითებით, ან პაციენტმა უნდა მიმართოს უახლოეს ჰოსპიტალს შესაძლო რისკებისა და ჩასატარებელი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მისაღებად. რეკომენდებულია შეფუთვისა და გამოყენების ინსტრუქციის თან ქონა სამედიცინო სპეციალისტთან კონსულტაციის დროს.
დოზის გადაჭარბების სიმპტომები ძრითადად ვითარდება იბუპროფენის მიღებიდან 4-6 საათში.
დოზის გადაჭარბების სიმპტომები შეიძლება იყოს: მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება (შეიძლება მოიცავდეს სისხლიან ღებინებას), ინდიფერენტულობა, თავის ტკივილი, ყურებში ხმაური, ცნობიერების დაბინდვა, თვალების უნებლიე მოძრაობები და კუნთების კოორდინაციის დარღვევა.
ასევე მაღალ დოზებზე აღწერილ იქნა ძილიანობა, ტკივილი მკერდის არეში, გულის ფრიალი, ცნობიერების დაკარგვა, კრუნჩხვები (ძირითადად ბავშვებში), სისუსტე და თავბრუსხვევა, სისხლიანი შარდი, შემცივნება და სუნთქვის პრობლემები.
აღწერილ იქნა სისხლის პლაზმის მჟავიანობის მომატების (მეტაბოლური აციდოზი), სხეულის დაქვეითებული ტემპერატურის, თირკმლის ფუნქციის დაზიანების, კუჭიდან და ნაწლავებიდან სისხლდენის, კომის, სუნთქვის გარდამავალი გაჩერების (აპნოე), ცენტრალური ნერვული სისტემისა და სუნთქვითი სისტემის დეპრესიის იშვიათი შემთხვევები. ასევე აღწერილ იქნა კარდიოვასკულარული ტოქსიკურობა (სისხლის წნევის დაქვეითება, გულისცემის სიხშირის დაქვეითება და გულისცემის სიხშირის გაზრდა).
მძიმე ინტოქსიკაციამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის უკმარისობა და ღვიძლის დაზიანება. ასეთ შემთხვევებში ექიმი მიიღებს საჭირო ზომებს.
მნიშვნელოვნად დიდი დოზებით პრეპარატის მიღებისას უნდა დაინიშნოს გააქტივირებული ნახშირი..
იბუპროფენი ნორმონის მიღების დავიწყებისას
დაუშვებელია გაორმაგებული დოზის მიღება გამოტოვებულის სანაცვლოდ.
დოზის მიღების დავიწყებისას მისი მიღება უნდა მოხდეს გახსენებისთანავე. თუმცა, თუ თითქმის მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო, დავიწყებული დოზა უნდა იქნეს გამოტოვებული და მომდევნო დოზის მიღება უნდა მოხდეს ჩვეულ დროს.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, იბუპროფენმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
გვერდითი მოვლენები იბუპროფენის მსგავსი მედიკამენტების მიღებისას უფრო ხშირია 65 წელს ზემოთ ასაკის პაციენტებში.
გვერდითი ეფექტების განვითარების ალბათობა დაბალია ხანმოკლე მკურნალობის დროს და რეკომენდებულ მაქსიმალურ დღიურ დოზაზე ნაკლები დოზის მიღებისას.
ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში): კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა განსაკუთრებით ხანდაზმულებში. ასევე აღწერილ იქნა გულისრევა, ღებინება, დიარეა, შებერილობა, დისპეფსია (კუჭ-ნაწლავის სეკრეციის ან მოტორიკის დარღვევა), შეკრულობა, გულძმარვა, მუცლის ტკივილი, სისხლის არსებობა განავალში, სისხლიანი ღებინება, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა ან წონასწორობის დარღვევის შეგრძნება, დაღლილობა.
არახშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში): აღწერილ იქნა გასტრიტი, დუოდენალური წყლულები, კუჭის წყლულები, კანის სიწითლე, კანის ქავილი ან ჩხვლეტის შეგრძნება, ჭინჭრის ცოება, პურპურა (იასამნისფერი ლაქები კანზე), კანის რეაქციები სინათლეზე. ჰიპერმგრძნობელობა, პარესთეზია (ხელებში, ტერფებში, მკლავებში ან ფეხებში დაბუჟების, ჩხვლეტის, წვის და ა.შ. შეგრძნება), ძილიანობა, უძილობა, შფოთვა, სმენის დარღვევები, მხედველობის დარღვევები, რინიტი (ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება), პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება წყლულების განვითარებით (აფთოზური წყლულები). კუჭ-ნაწლავის პერფორაცია, ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება), ღვიძლის ფუნქციის დარღვევა და სიყვითლე (კანისა და თვალების გაყვითლება), ასთმა, ბრონქოსპაზმი, ქოშინი (დისპნოე). ტუბულოინტერსტიციული ნეფრიტი (თირკმლის დაავადება), ნეფროზული სინდრომი (ხასიათდება პროტეინურიითა და შეშუპებით) და თირკმლის უკმარისობა (ნორმალური თირკმლის ფუნქციის უეცარი დაკარგვა), თირკმლის მწვავე უკმარისობა და პაპილარული ნეკროზი (განსაკუთრებით, ხანგრძლივი გამოყენებისას) შარდოვანას გაზრდილ დონესთან ერთად.
იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 1.000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში): დეზორიენტაცია ან ცნობიერების დაბინდვა, დეპრესია, აგრესიულობა, ნევროზულობა, ფსიქოზური რეაქცია, ვერტიგო, ტინიტუსი (ყურებში ხმაური), სმენის დარღვევა, შექცევადი ტოქსიკური ამბლიოპია, ღვიძლის დაზიანება, შეშუპება (შესივება ქსოვილებში სითხის დაგროვების გამო), ოპტიკური ნევრიტი, ანაფილაქსიური რეაქცია (მძიმე გენერალიზებული ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციის შემთხვევაში ნიშნები შეიძლება იყოს სახის, ენის და ხორხის შეშუპება, დისპნოე (ქოშინი), ტაქიკარდია, ჰიპოტენზია (ანაფილაქსია, ანგიონევროზული შეშუპება ან მძიმე შოკი), ასეპტიკური მენინგიტი (თავისა და ზურგის ტვინის მენინგეალური გარსების ანთება, რომელიც არ არის გამოწვეული ბაქტერიით). ასეპტიკური მენინგიტის აღწერილი შემთხვევების უმეტესობა იბუპროფენის მიღების დროს აღინიშნა პაციენტებში, რომლებსაც ჰქონდათ თანმხლები აუტოიმუნური დაავადება (როგორიცაა სისტემური წითელი მგლურა ან სხვა კოლაგენური დაავადება), რაც წარმოადგენდა უკვე არსებულ რისკფაქტორს. აღწერილი ასეპტიკური მენინგიტის სიმპტომებია: კისრის გაშეშება, თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ცხელება ან დეზორიენტაცია. სხვა გვერდითი მოვლენებია: თრომბოციტებისა და ლეიკოციტების დონის დაქვეითება (რაც მანიფესტირდება ხშირი ინფექციებით, რომლებიც მიმდინარეობს ცხელებით, შემცივნებით ან ყელის ტკივილით), ერითროციტების დონის დაქვეითება (რაც ვლინდება სუნთქვის გაძნელებითა და კანის სიფერმკრთალით), ნეიტროპენია (ნეიტროფილების დაქვეითებული რაოდენობა) და აგრანულოციტოზი (ნეიტროფილების დონის ძლიერი დაქვეითება), აპლაზიური ანემია (ძვლის ტვინის მიერ სისხლის სხვდასხვა ტიპის უჯრედების წარმოქმნის დაქვეითება), ჰემოლიზური ანემია (ერითროციტების ნაადრევი დაშლა). პირველი სიმპტომებია: ცხელება, ყელის ტკივილი, ლორწოვანის ზედაპირული წყლულები, გრიპის მსგავსი სიმპტომები, ძლიერი გამოფიტვა, უცნობი ეტიოლოგიის სისხლდენა და სისხლჩაქცევები.
ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში): პანკრეატიტი, სისხლდენის დროის გახანგრლივება, სისტემური წითელი მგლურა (სახსრების ტკივილი და ცხელება), მძიმე ბულოზური რეაქციები, როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი (დაზიანებები კანზე და ორ ან მეტ ლორწოვან გარსზე და მეწამული ფერის დაზიანებები, ჩვეულებრივ, სხეულზე) და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ლორწოვანის დაზიანებები, მტკივნეული ნეკროზული წარმონაქმნები და ეპიდერმისის აშრევება), მულტიფორმული ერითემა (კანის დაზიანებები), თმის ცვენა. გამონაკლის შემთხვევებში კანის სერიოზული ინფექციები და რბილი ქსოვილების გართულებები შეიძლება განვითარდეს ჩუტყვავილის დროს. ღვიძლის უკმარისობა (ღვიძლის მძიმე დისფუნქცია), გულის უკმარისობა, მიოკარდიუმის ინფარქტი, ჰიპერტენზია.
ანთებასთან დაკავშირებული ინფექციების დამძიმება აღწერილ იქნა NSAID-ების გამოყენების დროს. თუ აღინიშნება ინფექციის ნიშნები ან მათი გაუარესება იბუპროფენის გამოყენების დროს, რეკომენდებულია ექიმთან ვიზიტი რაც შეიძლება სწრაფად.
სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე): კოლიტის და კრონის დაავადების (ქრონიკული დაავადება, რომლის დროსაც იმუნური სისტემა აზიანებს ნაწლავებს, რაც იწვევს ანთებას და შედეგად, სისხლიან ფაღარათს) გამწვავება.
მკერდში ტკივილი, რაც შეიძლება სერიოზული ალერგიული რეაქციის, ე.წ. კუნისის სინდრომის, ნიშანი იყოს.
შეიძლება განვითარდეს კანის მძიმე რეაქცია, ე.წ. DRESS სინდრომი. DRESS სინდრომის სიმპტომები მოიცავს: კანზე გამონაყარს, ლიმფური კვანძების ანთებასა და ეოზინოფილების (სისხლის თეთრი უჯრედების ტიპი) რაოდენობის მომატებას. წითელი, აქერცვლადი, გავრცობილი გამონაყარი კანქვეშა კვანძებითა და ბუშტუკებით, რომლებიც ძირითადად ლოკალიზებულია კანის ნაოჭებში, სხეულის ტორსზე და ზედა კიდურებზე და თან ახლავს ცხელება მკურნალობის დასაწყისში (მწვავე გენერალიზებული ეგზანთემური პუსტულოზი). ასეთი სიმპტომების განვითარებისას იბუპროფენი ნორმონის მიღება უნდა შეწყდეს და საჭიროა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. იხ. ასევე პარაგრაფი 2.
თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტი, მკურნალობა უნდა შეწყდეს და პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს:
ალერგიული რეაქციები, როგორიცაა კანზე გამონაყარი, სახის შეშუპება, ხმაურიანი სუნთქვა ან სუნთქვის გაძნელება;
სისხლის ან ყავის ნალექის მსგავსი მასებით პირღებინება;
სისხლი განავალში ან სისხლიანი დიარეა;
კუჭის ძლიერი ტკივილი;
კანის ბლისტერული გამონაყარი ან ძლიერი აქერცვლა;
ინტენსიური ან მუდმივი ხასიათის თავის ტკივილი;
კანის მოყვითალო ფერის პიგმენტაცია (სიყვითლე);
მძიმე ჰიპერმგრძნობელობითი (ალერგიული) ნიშნები (იხ. ამავე პარაგრაფში ზემოთ);
კიდურების შეშუპება ან სითხის შეკავება ხელებსა და ფეხებში;
მოწითალო, არაამობურცული, სამიზნის მსგავსი ან წრიული ლაქები ტორსზე, ხშირად ცენტრში ბლისტერებით, კანის აქერცვლა, წყლულები პირში, ხახაში, ცხვირში, გენიტალიებზე და თვალებში. კანის ამ სერიოზულ გამონაყარს შეიძლება წინ უძღოდეს ცხელება და გრიპის მსგავსი სიმპტომები (ექსფოლიაციური დერმატიტი, მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი);
კანის გავრცელებული გამონაყარი, სხეულის მაღალი ტემპერატურა და გადიდებული ლიმფური კვანძები (DRESS სინდრომი);
წითელი, აქერცვლადი, გავრცელებული გამონაყარი კანქვეშა კვანძებით და ბლისტერებით, რომელსაც თან ახლავს ცხელება. ეს სიმპტომები ჩვეულებრივ ვითარდება მკურნალობის დასაწყისში (მწვავე გენერალიზებული ეგზანთემური პუსტულოზი).
თუ პაციენტი მიიჩნევს, რომ რომელიმე გვერდითი ეფექტი სერიოზულია ან აღინიშნება ისეთი გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება უშუალოდ შესაძლებელია ესპანეთის ადამიანებისათვის განკუთვნილი სამკურნალო მოწყობილობების ფარმაკოზედამხედველობის სისტემის საშუალებით: ვებგვერდი https://www.notificarama.es. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
იბუპროფენი ნორმონის შენახვის წესი
მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ეს მედიკამენტი არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ პირობებს.
დაუშვებელია პრეპარატის მიღება კონტეინერზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. არასაჭირო კონტეინერებისა და მედიკამენტების გადაგდება უნდა მოხდეს აფთიაქში განთავსებულ SIGRE+ სიმბოლოთი აღნიშნულ ადგილას. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, ნებისმიერი გამოუყენებელი კონტეინერის ან პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.
შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს იბუპროფენი ნორმონი 600 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
აქტიური ნივთიერებაა იბუპროფენი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 600 მგ იბუპროფენს.
სხვა დამხმარე ნივთიერებებია: ტაბლეტის შიგთავსი: მიკროკრისტალური ცელულოზა, ტრიკალციუმის ფოსფატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, პოვიდონი, სტეარის მჟავა, ტალკი. ტაბლეტის გარსი: ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი (E-171) და მაკროგოლი 6000, ტალკი.
იბუპროფენი ნორმონის გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემცველობა
იბუპროფენი ნორმონი 600 მგ მოწოდებულია აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების სახით. ტაბლეტები არის თეთრი ან მოთეთრო ფერის, მოგრძო ფორმის, ორმხრივამოზნექილი.
თითოეული შეფუთვა შეიცავს 40 ტაბლეტს და ჰოსპიტალური შეფუთვა შეიცავს 500 ტაბლეტს პვქ-ალუმინის ალვეოლარულ შეფუთვაზე (ბლისტერებზე) და გამოყენების ინსტრუქციას.
გამოშვების სხვა ფორმები:
იბუპროფენი ნორმონი 400 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
იბუპროფენი ნორმონი 20 მგ/მლ შიგნით მისაღები სუსპენზია
იბუპროფენი ნორმონი 40 მგ/მლ შიგნით მისაღები სუსპენზია
ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი:
LABORATORIOS NORMON, S.A.
Ronda de Valdecarrizo, 6
28760 Tres Cantos - Madrid (SPAIN)
ლაბორატორიოს ნორმონ ს.ა.
რონდა დე ვალდეკარიზო, 6
28760 ტრეს კანტოს – მადრიდი (ესპანეთი)
ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია: 2024 წლის ნოემბერი.
პრეპარატის შესახებ დეტალური და განახლებული ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ესპანეთის წამლებისა და სამედიცინო მოწყობილობების სააგენტოს (AEMPS) ვებგვერდზე: http://www.aemps.gob.es/
პრეპარატის შესახებ დეტალური და განახლებული ინფორმაცია ხელმისაწვდომია მედიკამენტის გამოყენების ინსტრუქციაში და შეფუთვაზე არსებული QR კოდის სმარტფონით დასკანერებით. ასევე ამ ინფორმაციაზე წვდომა შესაძლებელია ვებგვერდზე: https://cima.aemps.es/cima/dochtml/p/65251/P_65251.html
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.




