ეს მოსალოდნელი იყო ჯერ კიდევ იმ დროიდან, როდესაც „ოცნებამ“ ე.წ. გამჭვირვალობის კანონი შემოაბრუნა – სამწუხაროა, რომ ასეთი გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაცია საქართველოდან გადის, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა, რითაც თბილისში კონრად ადენაუერის ფონდის ოფისის დახურვას გამოეხმაურა.
მისი თქმით, „ოცნების“ პირობებში მივიღეთ რეალობა, როდესაც ქვეყანას ასეთი ავტორიტეტული ორგანიზაციები ტოვებენ, რაც ძალიან სამწუხაროა.
„თავისთავად, ეს ფაქტი სამწუხაროა. ეს მოსალოდნელი იყო ჯერ კიდევ იმ დროიდან, როდესაც „ოცნებამ“ ე.წ. გამჭვირვალობის კანონი შემოაბრუნა, სინამდვილეში, რუსული კანონი. რა თქმა უნდა, რუსული იმ მიზნებით და მოტივაციით, რომ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესი გაუქმებულიყო, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებისთვის შექმნილიყო უამრავი ხელისშემშლელი ბარიერი. სამწუხაროა, რომ ასეთი გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაცია საქართველოდან გადის. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი თავიდანვე მოსალოდნელი იყო. „ოცნების“ პირობებში ის რეალობა მივიღეთ, როდესაც ქვეყანას ასეთი ავტორიტეტული ორგანიზაციები ტოვებენ. ეს ძალიან სამწუხაროა“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
ცნობისთვის, კონრად ადენაუერის ფონდი თბილისში ოფისს ხურავს.
„თბილისში ჩვენი ოფისის დახურვა საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი პოლიტიკური და სამართლებრივი ჩარჩოს პირდაპირი შედეგია, რის გამოც კონრად ადენაუერის ფონდს (KAS) აღარ შეუძლია თავისი ძირითადი მისიის შესრულება“.- ნათქვამია ფონდის განცხადებაში.




