ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიმსოფლიოსტატია

„ტანგოს საცეკვაოდ ორია საჭირო“ — EU-ის მინისტრები საქართველოზე “მოკლედ” იმსჯელებენ

ქართული ოცნება

ევროკომისარ მართა კოსის განცხადებით, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ქაღალდზეა და ხელისუფლებასთან დიალოგი შეჩერებულია, რადგან ის ევროპული ღირებულებებიდან უკან იხევს. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ქვეყანაში შექმნილ ვითარებასა და შესაძლო სანქციებზე მსჯელობენ.

„ტანგოს საცეკვაოდ ორია საჭირო“ — EU-ის მინისტრები საქართველოზე “მოკლედ” იმსჯელებენ
„ტანგოს საცეკვაოდ ორია საჭირო“ — EU-ის მინისტრები საქართველოზე “მოკლედ” იმსჯელებენნეტგაზეთი

დღეს, 12 ოქტომბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს (FAC) სხდომა მიმდინარეობს, სადაც ევროპელი დიპლომატები კონტინენტზე არსებულ უმთავრეს გეოპოლიტიკურ გამოწვევებს განიხილავენ.

დღის წესრიგის ერთ-ერთი საკითხი საქართველო და ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარებაა. როგორც სხდომის დაწყებამდე ევროპელმა ლიდერებმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნეს, საქართველოს მთავრობის მიერ ბოლო პერიოდში გადადგმული ნაბიჯების გამო, ევროკავშირსა და ოფიციალურ თბილისს შორის ურთიერთობები კრიტიკულ ზღვარზეა, თუმცა ევროპა ქართველი ხალხის მხარდაჭერას განაგრძობს. პარალელურად, მათი თქმით, დღის წესრიგში დგას შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხიც, სადაც საქართველოს როლი კვლავ აქტუალურია.

„ტანგოს საცეკვაოდ ორია საჭირო“

ევროკომისარმა მართა კოსმა, რომელსაც ევროკომისიაში გაფართოების, ანუ ახალი წევრების მიღების საკითხი აბარია, ვრცელი კომენტარი გააკეთა საქართველოს შესახებ. მედიასთან საუბრისას პირდაპირ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობასთან დიალოგი ფაქტობრივად შეჩერებულია, რადგან ხელისუფლება ევროპული ღირებულებებისგან უკან იხევს.

აღსანიშნავია, რომ ლუქსემბურგში იმყოფებიან პროსამთავრობო მედიის წარმომადგენლები. მართა კოსმა სწორედ მათ მიერ დასმულ კითხვას უპასუხა. პროსამთავრობო მედიის ჟურნალისტების ცნობით, დღეს ევროპელი საგარეო საქმეთა მინისტრები სავარაუდოდ აპირებენ განიხილონ საქართველოს წარმომადგენლების დასანქცირების საკითხი და უსვამენ კითხვებს, “ხომ არ მოვიდა დრო, რომ მიდგომა შეიცვალოს და დაიწყოს დიალოგი თბილისთან?”.

„დიახ, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ქაღალდზეა. ჩვენ ძალიან გვსურს, რომ კვლავ ვითანამშრომლოთ საქართველოს ხელისუფლებასთან, მაგრამ მათ უნდა გადადგან ნაბიჯები. იქამდე, სანამ ისინი წინ არ მიიწევენ, ისინი უკან იხევენ იმ კანონების უმრავლესობით, რომლებიც მიიღეს. ამიტომ, სანამ არ მიდიან ევროპული ღირებულებებისკენ, ჩვენ დიალოგში არ შევდივართ“, – განაცხადა ევროკომისარმა კოსმა.

მან განსაკუთრებული აქცენტი ქართველი ხალხის მხარდაჭერაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ ევროკავშირი აგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას სამოქალაქო საზოგადოებასთან. „ძალიან კარგი იქნებოდა, თუ საქართველო აღარ იქნებოდა კანდიდატი მხოლოდ ქაღალდზე, მაგრამ ტანგოს საცეკვაოდ ორია საჭირო“, — დასძინა მანა საქართველოს მთავრობის ბოიკოტირებასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ.

ლატვიის პოზიცია – „ხალხს სურს მთავრობისგან განსხვავებული რამ“

“ქართულ ოცნებასა” და საზოგადოებას შორის ევროინტეგრაციის გზაზე არსებულ მკვეთრ აცდენაზე გაამახვილა ყურადღება ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბაიბა ბრაჟემ. მისი თქმით, მართალია, თბილისთან დიპლომატიური არხები ღია რჩება, რისი დასტურიც რიგაში საქართველოს ახალი ელჩის აკრედიტაციაა, თუმცა “ოცნების” მთავრობის პოლიტიკა არ ასახავს მოსახლეობის ნებას.

„ადგილზე ვითარება არ შეცვლილა. ქართველ ხალხს სურს, იყოს ევროპის ნაწილი. სამწუხაროდ, მთავრობას არ მიუღია არანაირი [შესაბამისი ზომები]. საქართველო არ არის გარიყული საერთაშორისო ურთიერთობებიდან, მაგრამ რაც შეეხება ევროკავშირისკენ გადასადგმელ ნაბიჯებს, ხალხს სურს მთავრობისგან განსხვავებული რამ“, — აღნიშნა ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. მან დაადასტურა, რომ მინისტრები მოისმენენ ევროკომისიისა და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) ანგარიშებს საქართველოს შესახებ, რის შემდეგაც გაირკვევა, მიმართავს თუ არა ევროკავშირი სანქციების პოლიტიკას თბილისის წინააღმდეგ.

შავი ზღვის უსაფრთხოება – ბულგარეთისა და რუმინეთის აქცენტები

პოლიტიკური კრიზისის მიუხედავად, ევროკავშირისთვის საქართველო კვლავ რჩება რეგიონული უსაფრთხოების მნიშვნელოვან აქტორად, განსაკუთრებით შავი ზღვის სტრატეგიის კონტექსტში. ამ თემაზე აქცენტი გააკეთეს შავიზღვისპირა სახელმწიფოების, ბულგარეთისა და რუმინეთის წარმომადგენლებმა.

ბულგარეთის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ევროკავშირის მიდგომების გადახედვის პარალელურად, აუცილებელია თბილისთან სექტორული დისკუსიის შენარჩუნება: „ჩვენთვის, რა თქმა უნდა, საქართველო შავი ზღვის ქვეყანაა და ძალიან მნიშვნელოვანია მათი ჩართულობა საუბარში იმის შესახებ, თუ როგორ უზრუნველვყოფთ შავი ზღვის უსაფრთხოებას. ნამდვილად უნდა ვიფიქროთ, რა არის ის სექტორული სფეროები, სადაც მათი როლი მნიშვნელოვანი იქნება. ვფიქრობ, დროა ვისაუბროთ იმაზე, თუ სად ვართ ახლა და რა როლის თამაში შეუძლია საქართველოს“.

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ოანა ცოიუმ კი ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ახალ, ევროპულ ჰაბზე, რომლის ინიციატორებიც რუმინეთი და ბულგარეთი არიან. როდესაც მას ჰკითხეს, თუ როგორ აისახება „ქართული ოცნების“ პოლიტიკა საქართველოს ჩართულობაზე ამ სტრატეგიაში, მინისტრმა ინფრასტრუქტურის მნიშვნელობასა და დემოკრატიის აუცილებლობაზე ისაუბრა.

„საკვანძო ინფრასტრუქტურის, პორტებისა და შავ ზღვაზე წვდომის კუთხით, რუმინეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გავაგრძელოთ ურთიერთობა რეგიონის პარტნიორებთან. რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ გზას. შესაბამისად, ჩვენი გზავნილები ნათელია: ქვეყანას, რომელსაც სურს ევროკავშირში გაწევრიანება, უნდა ჰქონდეს ჯანსაღი დემოკრატია და ამ მიმართულებით უნდა გადაიდგას ნაბიჯები,“ — აღნიშნა ოანა ცოიუმ.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომა ამ წუთებშიც გრძელდება. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა, რომ დღეს საქართველოს შესახებ “ძალიან მოკლე განხილვა ექნებათ”.

“მაგრამ, მე ასევე გამოვალ წინადადებით, რომ იანვარში საქართველოსთან დაკავშირებით სიღრმისეული დისკუსია გავმართოთ”, – განაცხადა კალასმა.

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.

წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„დიახ, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ქაღალდზეა. ჩვენ ძალიან გვსურს, რომ კვლავ ვითანამშრომლოთ საქართველოს ხელისუფლებასთან, მაგრამ მათ უნდა გადადგან ნაბიჯები. იქამდე, სანამ ისინი წინ არ მიიწევენ, ისინი უკან იხევენ იმ კანონების უმრავლესობით, რომლებიც მიიღეს. ამიტომ, სანამ არ მიდიან ევროპული ღირებულებებისკენ, ჩვენ დიალოგში არ შევდივართ“
„ძალიან კარგი იქნებოდა, თუ საქართველო აღარ იქნებოდა კანდიდატი მხოლოდ ქაღალდზე, მაგრამ ტანგოს საცეკვაოდ ორია საჭირო“
„ხომ არ მოვიდა დრო, რომ მიდგომა შეიცვალოს და დაიწყოს დიალოგი თბილისთან?“
„ადგილზე ვითარება არ შეცვლილა. ქართველ ხალხს სურს, იყოს ევროპის ნაწილი. სამწუხაროდ, მთავრობას არ მიუღია არანაირი [შესაბამისი ზომები]. საქართველო არ არის გარიყული საერთაშორისო ურთიერთობებიდან, მაგრამ რაც შეეხება ევროკავშირისკენ გადასადგმელ ნაბიჯებს, ხალხს სურს მთავრობისგან განსხვავებული რამ“
„ჩვენთვის, რა თქმა უნდა, საქართველო შავი ზღვის ქვეყანაა და ძალიან მნიშვნელოვანია მათი ჩართულობა საუბარში იმის შესახებ, თუ როგორ უზრუნველვყოფთ შავი ზღვის უსაფრთხოებას. ნამდვილად უნდა ვიფიქროთ, რა არის ის სექტორული სფეროები, სადაც მათი როლი მნიშვნელოვანი იქნება. ვფიქრობ, დროა ვისაუბროთ იმაზე, თუ სად ვართ ახლა და რა როლის თამაში შეუძლია საქართველოს“
„საკვანძო ინფრასტრუქტურის, პორტებისა და შავ ზღვაზე წვდომის კუთხით, რუმინეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გავაგრძელოთ ურთიერთობა რეგიონის პარტნიორებთან. რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ გზას. შესაბამისად, ჩვენი გზავნილები ნათელია: ქვეყანას, რომელსაც სურს ევროკავშირში გაწევრიანება, უნდა ჰქონდეს ჯანსაღი დემოკრატია და ამ მიმართულებით უნდა გადაიდგას ნაბიჯები,“
ოანა ცოიუ
„ძალიან მოკლე განხილვა ექნებათ“
„მაგრამ, მე ასევე გამოვალ წინადადებით, რომ იანვარში საქართველოსთან დაკავშირებით სიღრმისეული დისკუსია გავმართოთ“
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?