ლიდა მონიავას ელექტრონული სამაჯური მოხსნეს და ყველა შეზღუდვა გაუუქმეს
რუსეთში ბავშვთა ჰოსპისის დირექტორს, ლიდა მონიავას რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა ელექტრონული სამაჯური მოხსნა და ყველა შეზღუდვა გაუუქმა. მას ადრე ბრალი ედებოდა უკრაინის ომის შესახებ „ფეიკების“ გავრცელებაში.
ლიდა მონიავამ განაცხადა, რომ რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა (ФСИН) მას ელექტრონული სამაჯური მოხსნა. მისი თქმით, სამაჯურთან ერთად გაუქმდა ყველა შეზღუდვაც.
„მე ისევ თქვენთან ვარ“, — დაწერა მონიავამ, დამოუკიდებელი რუსული პრესის ცნობით.
ლიდა მონიავა არის საზოგადო მოღვაწე და მოსკოვში მდებარე ბავშვთა ჰოსპისის (Дом с маяком) თანადამფუძნებელი და დირექტორი. მონიავა წლების განმავლობაში ეხმარება უკურნებელი სენით დაავადებულ ბავშვებს, ახალგაზრდებსა და მათ ოჯახებს. მან დიდი როლი ითამაშა რუსეთში ბავშვთა პალიატიური სისტემის განვითარებასა და მძიმე პაციენტებისთვის ტკივილგამაყუჩებელ პრეპარატებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაში.
მონიავა ღიად შეეწინააღმდეგა რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულ ომს. სწორედ ამ პოზიციის და ომში დაღუპულთა შესახებ გაეროს მონაცემების გამოქვეყნების გამო წაუყენა მას რუსეთის ხელისუფლებამ ბრალი არმიის შესახებ ე.წ. „ფეიკების“ გავრცელების მუხლით.
მისი ჰოსპისი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და სანდო საქველმოქმედო ორგანიზაციაა რუსეთში, რომელიც კერძო შემოწირულებებით არსებობს. მონიავას დამოუკიდებელი და კრიტიკული პოზიციის გამო, მისი ფონდი ხშირად გამხდარა რუსული სამთავრობო სტრუქტურების მხრიდან მოულოდნელი შემოწმებებისა და ზეწოლის ობიექტი.
ტელეკომპანია “დოჟდის” ინფორმაციით, მონიავა დარჩება ფონდის დამფუძნებლად, გამგეობის წევრად და დირექტორად: „ახლა არ მაქვს მმართველი ორგანოებიდან გასვლის არანაირი მიზეზი, ასე რომ, ვრჩები როგორც დამფუძნებელი, ასევე გამგეობის წევრი და ფონდის დირექტორი“, — განაცხადა მან.
მონიავამ ასევე აღნიშნა, რომ მისი დაპატიმრების პირველ დღეებში ადამიანები აუქმებდნენ ჰოსპისისადმი შემოწირულობებს, თუმცა შემდეგ დაიწყეს თანხების გაზრდა და ახალი გამოწერების გაფორმება. ყველა მსხვილმა დონორმა განაცხადა, რომ გააგრძელებს ფონდის მხარდაჭერას.
მონიავამ მადლობა გადაუხადა მის მხარდამჭერებსა და ადვოკატებს, მიხაილ ბირიუკოვსა და მარია ეისმონტს. მან ასევე მხარი დაუჭირა უდანაშაულო პატიმრების გათავისუფლებასა და ომის დასრულებას:
„ყველაზე მეტად ამქვეყნად მინდა, რომ ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს. რომ ადამიანები აღარ იღუპებოდნენ რაკეტებისა და დრონებისგან.“
2 სექტემბერს მონიავას სახლში ჩხრეკა ჩატარდა, რის შემდეგაც ის დააკავეს. მონიავას ბრალი წაუყენეს სამხედრო „ფეიკების“ მუხლით იმ პოსტის გამო, სადაც მას მოყვანილი ჰქონდა გაეროს მონაცემები რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპულთა და დაჭრილთა შესახებ. მოგვიანებით სასამართლომ მას გარკვეული ქმედებების აკრძალვა შეუფარდა. მაშინ მონიავამ თქვა, რომ დატოვებდა ჰოსპისის დირექტორის პოსტს, მაგრამ რუსეთში დარჩებოდა.
დაგვამატე Google-ში
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
ციტატები სტატიიდან
„მე ისევ თქვენთან ვარ“
„ახლა არ მაქვს მმართველი ორგანოებიდან გასვლის არანაირი მიზეზი, ასე რომ, ვრჩები როგორც დამფუძნებელი, ასევე გამგეობის წევრი და ფონდის დირექტორი“
„ყველაზე მეტად ამქვეყნად მინდა, რომ ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს. რომ ადამიანები აღარ იღუპებოდნენ რაკეტებისა და დრონებისგან.“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…