ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

იაფი, ჭკვიანი და მრავალრიცხოვანი – სამხედრო დრონების ახალი თაობა

სტატიაში განხილულია თანამედროვე სამხედრო დრონების ევოლუცია, მათი როლი რუსეთ-უკრაინის ომში და ახალი ტექნოლოგიური მიმართულებები, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია, ჯგუფური ფრენის (Swarm) შესაძლებლობები, ანტისაჰაერო და ანტიდრონული სისტემები. ავტორი აღნიშნავს, რომ იაფი და მრავალრიცხოვანი დრონები ძირეულად ცვლიან თანამედროვე ომის წარმოების პრინციპებს, თუმცა პარალელურად ვითარდება მათი განეიტრალების საშუალებებიც.

იაფი, ჭკვიანი და მრავალრიცხოვანი – სამხედრო დრონების ახალი თაობა
იაფი, ჭკვიანი და მრავალრიცხოვანი – სამხედრო დრონების ახალი თაობატაბულა

ისტორიის სხვადასხვა პერიოდში ხშირად ვხვდებით ტექნოლოგიურ გარღვევებს, რომლებიც ძირეულად ცვლიან ომის წარმოების გზებს. ამის მარტივი მაგალითია ცეცხლსასროლი იარაღის, ან უფრო ახლო ისტორიიდან, ტანკების გამოგონება.

ორივეს მრავალი წელი დასჭირდა იმისთვის, რომ ომების მიმდინარეობა შეეცვალა: დიდი ხნის განმავლობაში იხვეწებოდა მათი ეფექტურად გამოყენებისა თუ წარმოების გზები, ქვეყნები კი მათ გასავითარებლად ახლაც არ იშურებენ ძალებს.

მიუხედავად იმისა, რომ უპილოტო საფრენი აპარატები, იგივე საჰაერო დრონები, არ არის ახალი გამოგონება, სხვადასხვა ინოვაციების შედეგად, მათ დღევანდელ სამხედრო-ტექნოლოგიურ სივრცეში ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე დიდი ცვლილებები გამოიწვიეს.

თანამედროვე ისტორიაში საჰაერო დრონები სამხედრო სივრცეში პირველად სადაზვერვო აპარატების როლში შემოვიდნენ. თუმცა, მალევე ქვეყნებმა საჰაერო დრონებსთვის თავდასხმითი ფუნქციის შეთავსებაც დაიწყეს. ასეთი დრონის გამორჩეულიმაგალითია ამერიკული General Atomics MQ-1 Predator, რომელიც თავდაპირველად სადაზვერვო დრონის შესაძლებლობებით შემოიფარგლებოდა, ხოლო მოდიფიკაციების შემდეგ ჯავშანსაწინააღმდეგო ჰაერი-მიწა რაკეტის გაშვების შესაძლებლობა ჰქონდა.

MQ-1 Predator დრონი, აღჭურვილი AGM-114 Hellfire ტიპის ჰაერი-მიწა ჯავშანსაწინააღმდეგო რაკეტით (2013, USAF)როგორც სურათზე ხედავთ, აღნიშნული დრონი, ისევე როგორც სხვა თავდაპირველი სამხედრო დრონები საკმაოდ დიდი ზომის იყო. ამასთან, მათი წარმოება იაფი ნამდვილად არ ჯდებოდა. მაგალითისთვის, 2009 წელს ერთეული GA MQ-1B Predator-ის წარმოება დაახლოებით $5 მილიონი ღირდა.

დღეს კი, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მასობრივად გამოყენებული ირანული შაჰედის ტიპის კამიკაძე დრონის წარმოება მხოლოდ 20-50 ათასი დოლარი ჯდება. დაბალი ფასი რუსეთს საშუალებას აძლევს უკრაინის წინააღმდეგ ერთ შეტევაში რამდენიმე ასეული შაჰედის ბაზაზე რუსეთში წარმოებული კამიკაძე გერანის ტიპის დრონები გამოიყენოს.

თავის მხრივ, უკრაინა სრულმასშტაბიანი ომის განმავლობაში რუსული ძვირადღირებული ჯავშტანტექნიკის წინსვლას კომერციული დრონების საშუალებით აჩერებდა.

მაგალითისთვის, 2023 წელს უკრაინის ყოფილმა პრემიერმინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა, რომ უკრაინა საჰაერო დრონების მწარმოებელი ჩინური კომპანიის, DJI-ის მავიკის ტიპის დრონების 60%-ს ყიდულობდა.

ცნობისთვის, DJI მავიკის ტიპის დრონებს საჰაერო ვიდეო და ფოტო გადაღებისთვის აწარმოებს და დაახლოებით 2000 დოლარად მათი ყიდვა თქვენც შეგიძლიათ, თუმცა მცირე მოდიფიკაციებით უკრაინა მათ მრავალმილიონიანი ტანკების სუსტ წერტილებში იერიშების მისატანად და მათ გასანადგურებლად იყენებდა.

უკრაინული კამიკაძე დრონი, აღჭურვილი რპგ-7 ტიპის ყუმბარმყორცნის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარით, ანადგურებს რუსულ T-80BV ტიპის ტანკს (2023 მარტი, კადრი ვიდეოდან, СВУ)კომერციული დრონებით მიღწეული წარმატებების შემდეგ უკრაინამ დრონების საკუთარი წარმოება აქტიურად დაიწყო. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ცნობით, 2025 წელს უკრაინის სამხედრო ინდუსტრიულ კომპლექსს წელიწადში 10 მილიონი სხვადასხვა ტიპის დრონის წარმოება შეეძლო. მისივე ცნობით, უკრაინა ფრონტის ხაზზე ნებისმიერ სამიზნეზე, მათ შორის ქვეით ჯარისკაცებზე, იერიშების 80%-ს სწორედ დრონების საშუალებით ახორციელებს.

წელს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა გეგმავს დრონების წარმოება 10 მილიონიდან 20-მდე გაზარდოს.

აქვე აღსანიშნავია, რომ უკრაინა 2025 წლის ზაფხულიდან დღემდე რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი საწარმოების წინააღმდეგ უმეტესად დრონების გამოყენებით ძალზე ეფექტურ კამპანიას აწარმოებს, რომლითაც, მედიაში გავრცელებული სხვადასხვა მონაცემების მიხედვით, რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრის 20-40% გაანეიტრალა.

აღნიშნული კამპანიის ხანგრძლივობისა და ეფექტურობის შედეგად მიმდინარე წლის ივნისსში რუსეთში საწვავის დეფიციტი ქვეყნის ყველა რეგიონში შესამჩნევი გახდა. ბენზინგასამართ სადგურებთან რიგებია, ზოგიერთ რეგიონში საწვავის ყიდვის ლიმიტებია დაწესებული, საწვავის დეფიციტით შეწუხებული რუსეთის მოქალაქეები სოციალურ ქსელებში წუხან და ა.შ. კრიზისის სიმწვავის, რიგებისა და დეფიციტის აღიარება თავად ვლადიმირ პუტინსაც მოუწია, რომელმაც საწვავის დეფიციტს დროებითი პრობლემა უწოდა.

ამასთან, უკრაინა დიდ წარმატებებს აღწევს აზოვისა და შავ ზღვებში რუსული ნავთობტანკერების წინააღმდეგ. უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების მეთაურის ცნობით, გასულ სამ თვეში უკრაინამ აღნიშნულ ზღვებში მოერიშე საჰაერო დრონების გამოყენებით 300 რუსული გემი დააზიანა.

ცალკე აღნიშვნას იმსახურებს უკრაინის მიერ ჩატარებული ოპერაცია აბლაბუდა, რომლის ფარგლებშიც 2025 წელს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (СБУ) რუსეთის ტერიტორიის სიღმრეში 117 დრონი შეაპარა და რუსეთს 7 მილიარდი დოლარის ღირებულების სტრატეგიული ბომბდამშენები და სადაზვერვო თვითმფრინავები გაუნადგურა. აღნიშნული შეიარაღება СБУ-მ მობილური ხის სახლების სახურავებში მოათავსა. დრონების მსგავსად, სახლების სახურავებიც, დისტანციურად იმართებოდა. საჭირო მომენტში სახურავები დისტანციურად გაიხსნა და მობილური სახლებიდან ამოფრენილი დრონები რუსული აეროდრომების მიმართულებით გაფრინდნენ. ოპერაციის ეფექტიანობას ის ფაქტი მატებს, რომ მის ფარგლებში დაზიანებული და განადგურებული თვითმფრინავების უმეტესობის აღდგენა რუსეთისთვის, არამხოლოდ ძვირი, არამედ თითქმის შეუძლებელიც იქნებოდა, რადგან აღნიშნული თვითმფრინავების წარმოება რუსეთმა სსრკ-ს დაშლის შემდეგ შეაჩერა.

შესაბამისად, 2022 წელს დაწყებულმა რუსეთ-უკრაინის სრულმასშტაბიან ომში დრონების მნიშვნელობამ ქვეყნებისთვის მრავალრიცხოვანი იაფი საჰაერო დრონების ფლოტის ყოლის აუცილებლობა გამოაშკარავა. ამ ფაქტმა სამხედრო უპილოტო საფრენი აპარატების სფეროში ინოვაციის მასშტაბი გაზარდა.

ქვევით თანამედროვე სამხედრო ინდუსტრიაში დრონების ყველაზე მნიშვნელოვან ინოვაციებს, რომელთა დახვეწასა და განვითარებაზე სხვადასხვა ქვეყანა ამ წუთებშიც იღვწის და მათ თანამედროვე ომის წარმოებაზე მათ გავლენის ანალიზს წარმოგიდენთ.

AI შესაძლებლობები

ბოლო წლებში ხელოვნური ინტელექტის (AI) უპრეცენდტო სისწრაფით განვითარების ფონზე გასაკვირი არაა, რომ ქვეყნები მის ინტეგრირებას სამხედრო ტექნოლოგიაშიც ცდილობენ. შეიძლება ითქვას, რომ სამხედრო დრონების ტექნოლოგიებში ყველაზე მნიშნველოვანი მიმართულება სწორედ AI-ის ინტეგრაციაა.

AI სისტემები დრონებს სამიზნეებზე წარმატებული იერიშის მიტანაში ეხმარება - დრონზე დამოტაჟებულ ბორტკომპიუტერში არსებული AI, კამერისა თუ სხვა საშუალებით აიდენტიფიცირებს სამიზნეს და ადამინური ჩარევისა და შეცდომების გარეშე ახორციელებს იერიშს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კამიკაძე დრონების ეფექტურობის ამაღლების კუთხით, რამეთუ მათი გამოყენება, ბომბდამშენი დრონებისგან განსხვავებით, მხოლოდ ერთხელაა შესაძლებელი.

სამიზნეზე წარმატებული იერიშის განხორციელებაში AI-ის დახვეწილი მანევრირებისა და დამიზნების უნარის გარდა ელექტრონული ბრძოლის სისტემების წინააღმდეგ არსებული იმუნიტეტი ეხმარება - კერძოდ, სტანდარტული საჰაერო დრონების სამართავად პილოტები რადიოსიხშირეებს იყენებენ, რომელთა ჩახშობაც საკმაოდ მარტივადაა შესაძლებელი. როგორც წესი, რადიოსიხშირეების ჩამხშობი მოწყობილობები პოტენციური სამიზნეებთან ახლოს არიან ხოლმე განლაგებულნი და მათი მოქმედების რადიუსში მოხვედრის შემთხვევაში სტანდარტული დრონის მართვა და სამიზნეზე ზუსტი იერიშის მიტანა შეუძლებელი ხდება, AI სისტემა კი დრონს პილოტისგან დამოუკიდებლად მართავს და რადიო სიგნალების ჩახშობა მის დამიზნების უნარებს ვერ აქვეითებს.

ცნობისთვის, AI დამიზნების სისტემების აქტუალობამდე, 2024 წლის გაზაფხულის პერიოდში, რადიო-ელექტრონული ბრძოლის სისტემების წინააღმდეგ რუსულმა ძალებმა მარტივი გამოსავალი მოიფიქრეს - დრონების კორპუსზე დაამაგრეს ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის კოჭი, კაბელის ერთი ბოლო დრონის სამართავ პულტზე იყო დაერთებული, ხოლო მეორე თავად დრონზე, შესაბამისად, დრონი რადიოტალღების მაგივრად, პირდაპირ კაბელით იმართებოდა. მალევე რუსეთ-უკრაინის ფრონტზე ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით აღჭურვილ დრონებს ორივე მხარე დიდი წარმატებით იყენებდა.

უკრაინული დრონი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის კოჭითა და საცდელი ტვირთით (2024, Getty Images)ამ ტიპის დრონებს რამდენიმე სუსტი მხარე გააჩნია: კორპუსზე მიმაგრებული კაბელის კოჭი დრონისთვის დამატებითი ტვირთია, რაც დრონის მოქმედების რადიუსსა და ფეთქებადი ტვირთის ტარების შესაძლებლობას ამცირებს; ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი ძალიან წვრილია (0.2მმ) და კაბელის ბირთვი შუშისა ან პასტმასის პოლიმერისგანაა დამზადებული, რაც მას მარტივად მსხვრევადს ხდის. უკრაინაში ხშირია შემთხვევები, როდესაც კაბელის გაწყდომის შედეგად პილოტები დრონების მართვის შესაძლებლობას მთლიანად კარგავდნენ. ასევე, მსგავსი დრონის მოქმედების რადიუსი საბოლოოდ კოჭზე დახვეული კაბელის სიგრძეზეა დამოკიდებული. მაგალითისთვის, რუსეთ-უკრაინის ომში ყველაზე ხშირად გამოყენებული ოპტიკურ-ბოჭკოვანი დრონები 10კმ-დან 40კმ-მდე კაბელით არიან აღჭურვილნი. AI სისტემით აღჭურვილ დრონებს მსგავსი შეზღუდვები არ გააჩნიათ, რაც მათ სამხედროებისთვის უფრო სასურველ პროდუქტად ხდის.

აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით სრულიად დამოუკიდებელ სამხედრო დრონებს ბრძოლის ველზე რეგულარულად არ იყენებენ - ეს სავარაუდოდ AI-ის დამიზნებისა და სამიზნეების იდენტიფიცირების სისტემების საწყის ეტაპზე ყოფნით აიხსნება. ამასთან, სრულიად დამოუკიდებელი დრონების გამოყენებასთან დაკავშირებით მრავალი ექსპერტი სართაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებების პოტენციურ დარღვეევბზე საუბრობს. მათი აზრით აუცილებელია, რომ სამიზნის არჩევა და იერიშის მიტანის გადაწვეტილება ადამიანის მიერ იყოს მიღებული.

ამჟამად ქვეყნები დრონებში AI დამიზნების სისტემებს მხოლოდ იერიშის ტერმინალურ, ანუ საბოლოო ეტაპზე იყენებენ - პილოტი დრონს სამიზნესგან 1 000-2 000 მეტრის მანძილამდე თავად მართავს, AI სისტემისთვის თავად ირჩევს სამიზნეს და დრონის მართვას AI-ს გადასცემს, რის შემდეგაც AI იდენტიფიცირებული სამიზნეს დამოუკიდებლად ურტყამს.

მაგალითისთვის, უკრაინა ბრძოლის ველზე უკვე წარმატებით იყენებს AI დამიზნების ტექნოლოგიით აღჭურვილ დრონებს - ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი კომპანის Google-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის, ერიკ შმიდტის მიერ დაფუძნებული AI ტექნოლოგიით აღჭურვული სამხედრო დრონების კომპანია Swift Beat 2025 წლის ზაფხულიდან აწვდის უკრაინას საკუთარი წარმოების Bumblebee-ის ტიპის დრონებს.

Bumblebee-ის ტიპის დრონები (2025, The New York Times)New York Times-სთან ინტერვიუში სამხედრო დრონების უკრაინელი პილოტი იხსენებს შემთხვევას, როდესაც რუს ჯარისკაცებს ელექტრონული ბრძოლის სისტემებით გამაგრებული პოზიცია ეკავათ, რის გამოც უკრაინელები მათ სტანდარტული დრონებით ვერ უტევდნენ. პილოტის თქმით, აღნიშნული პოზიცია რუს ჯარისკაცებს Bumblebee-ის ტერმინალური AI დამიზნების ფუნქციით მიტანილი იერიშით დაატოვებინეს.

ასევე აღსანიშნავია უკრაინული კომპანია NORDA-ს მიერ წარმოებული Underdog სისტემა, რომელიც შეიძლება ნებისმიერ საჰაერო დრონზე დამაგრდეს და ის AI დამიზნების სისტემით აღჭურვოს.

NORDA-ს Underdog AI და სტაბილიზაციის მოდულური სისტემაამასთან, გავრცელებული ცნობების მიხედვით, უკრაინამ AI დამიზნებისა და ნავიგაციის სისტემები გამოიყენა ოპერაცია აბლაბუდას ფარგლებშიც. მედიაში გავრცელებული ცნობების მიხედვით, უკრაინელებმა, მოიერიშე დრონებში ჩაშენებულ ხელოვნურ ინტელექტს რუსული სტრატეგიული ბომბდამშენის სუსტი წერტილების ამოცნობა, იერიშის მიტანა და სამიზნე აეროდრომებეზე მათი სავარაუდო ადგილმდებარეობები ასწავლეს.

ჯერჯერობით, AI ტექნოლოგიით აღჭურვილ დრონებს რამდენიმე შეზღუდვა აქვთ, რომელთა აღმოფხვრაზეც სხვადასხვა ქვეყნები და კომპანიები უწყვეტად მუშაობენ. მაგალითისთვის, AI სისტემა დრონის შიდა ელექტრონული ბატარეისთვის დამატებითი ტვირთია, რაც დრონის ფრენის რადიუს საგრძნობლად ამცირებს.

ასევე, მიუხედავად AI-ის მიერ გავლილი მრავალი სიმულაციური სწავლებისა, დრონის გამოცდილი პილოტი ბევრად უკეთ მართავს დრონს ვიდრე ხელოვნური ინტელექტი. ამ ეტაპზე AI-ის უჭირს პროპელერიანი საჰაერო დრონებისთის განსაკუთრებით სახიფათო მცირე ზომის წინაღობების, როგორიცაა ელექტროგადამცემი ხაზებისა თუ ხის ტოტებისთვის, თავის არიდება.

Swarm შესაძლებლობები

კიდევ ერთი მიმართულება, რომლის განვითარებასა და დანერგვას სხვადასხვა ქვეყნები და კომპანიაები ცდილობენ საჰაერო დრონების ჯგუფური ფრენისა და იერიშის ანუ Swarm ფუნქციონალია.

Swarm შესაძლებლობებით აღჭურვლი დრონების მთავარი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მთლიანი ჯგუფის მართვას მხოლოდ ერთი პილოტი ესაჭიროება.

პრაქტიკაში ეს ასე მუშაობს - პილოტი მართავს ჯგუფის ერთ-ერთ დრონს, რომელსაც სხვა დრონები ახლო დისტანციაზე მიჰყვებიან. დრონები საერთო მიმართულებით გადაადგილებასა და მანევრირებას ზემოთ განხილული AI სისტემებითა და ახლო რადიუსში ინფორმაციის გაცვლის სხვადასხვა ტექნოლოგიით ახერხებენ. ასეთ სისტემებში სამიზნის იდენტიციფირება კვლავ პილოტის მიერ ხორციელდება, რის შემდეგაც Swarm AI სისტემა პილოტის მიერ მართული და სხვა სინქრონულ ფრენაში მყოფი დრონებით იერიშს თავად ახორციელებს.

Swarm ტექნოლოგიის საშუალებით თეორიულად შესაძლებელია, რომ ერთ ჯგუფში ათასობით დრონიც კი იყოს თავმოყრილი. მსგავსი ჯგუფის მიერ სინქრონული თავდასხმის შემთხვევაში, მაღალი ალბათობით, სამიზნე ობიექტის, იქნება ეს სამხედრო ბაზა, ქალაქი, გემი თუ სხვა, საჰაერო თავდაცვის სისტემები მათ მოგერიებას ვერ შეძლებენ.

საჯაროდ ცნობილი ინფორმაციის მიხედვით, დღესდღეობით ზემოთაღნიშნული ტიპის Swarm ტექნოლოგია ადრეული ტესტირების ეტაპშია. მათ განვითარებაზე მუშაობენ ისეთი ქვეყნები როგორიცაა აშშ, რუსეთი, უკრაინა, ჩინეთი, სამხრეთ კორეა და ა.შ.

მიუხედავად ამისა, Wall Street Journal-მა გასული წლის სექტემბერში უკრაინელ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ უკრაინელი პილოტები ადგილობრივი კომპანია Swarmer-ის მიერ შექმნილ AI და ახლო რადიუსში კომუნიკაციის სისტემებით აღჭურვილ საბრძოლო დრონებს ფრონტის ხაზზე უკვე იყენებდნენ.

WSJ აღნიშნავს, რომ ტექნოლოგიური შეზღუდვების გამო, ჯერჯერობით, უკრაინელები ბრძოლის ველზე იერიშებს მხოლოდ 3 დრონით დაკომპლექტებული ჯგუფებით ახორციელებდნენ, თუმცა კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, სერჰიი კურიენკოს განცხადებით, Swarmer-ს აღნიშნული სისტემის სინქრონული შეტევის ფუნქციონალი 25-დრონიანი ჯგუფითაც წარმატებით აქვს გამოცდილი.

კურიენკომ WSJ-თან განაცხადა, რომ კომპანია საკუთარი Swarm სისტემის გამოცდას მალე ერთდროულად 100-ზე მეტი დრონით აპირებდა.

კურიენკოს განცხადებით, Swarmer-ის მიერ შემუშავებული სისტემით შეიარაღებულ დრონების ჯგუფს გარემოსა და პრიორიტეტების მიხედვით ადაპტირება და შეტევის გეგმის, ჯგუფში შემავალი დრონების რიგითობისა და სხვა დეტალების შესახებ საჭიროებისამებრ, რეალურ დროში გადაწყვეტილების მიღება შეუძლია.

მიმდინარე წლის დასაწყისში კომპანიამ განაცხადა, რომ აღნიშნული სისტემით უკრაინაში უკვე 100 000 სამხედრო მისია შესრულდა.

აღსანიშნავია, რომ მანამდე აქტიურ კონფქლიქტში ზემოთ აღწერილი Swarm ტექნოლოგია პირველად ისრაელმა 2021 წელს გამოიყენა. ისრაელის თავდაცვის ძალები მაშინ აცხადებდა, რომ ისრაელის არმიამ ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასის წევრების ადგილმდებარეობის დასადგენად Swarm ტექნოლოგიით აღჭურვილი სადაზვერვო დრონები გამოიყენა.

როგორც უკვე აღინიშნა, ნახევრად დამოუკიდებელი Swarm ტექნოლოგიის განვითარებას მრავალი ქვეყანა ცდილობს. აშშ-ს შემთხვევაში ყურადსაღებია კომპანია Anduril, რომელიც სხვადასხვა სახის, მათ შორის AI დამიზნებით აღჭურვილი დრონების შექმნასთან ერთად, Swarm სისტემებით შეიარაღებულ დრონებზე მუშაობს. კომპანიის ინფორმაციით, Altius-ის ტიპის დრონების სერიის მოდელებმა ერთი პილოტის მართვის ქვეშ წარმატებით გაიარეს სამიზნის დამოუკიდებელი ამოცნობისა და კოორდინირებული იერიშის გამოცდები.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთის შესაკავებლად აშშ-მ გასული წლის დეკემბერში ტაივანისთვის Altius-ის სერიის საჰაერო დრონების მიყიდვა დაამტკიცა.

რასაკვირველია, რომ თავად ჩინეთიც აქტიურად ავითარებს Swarm ტექნოლოგიას, თუმცა კონკრეტული მიღწევებისა და შესაძლებლობების შესახებ საჯარო ინფორმაცია საკმაოდ მწირეა.

მიუხედავად ამისა, სამომავლო პერსპექტივისთვის საინტერესო მაგალითია ჩინეთის Jiutian-ის ტიპის მძიმე სატრანსპორტო დრონი. აღნიშნული დრონის პირველი საჯაროდ ცნობილი ფრენა გასული წლის დეკემბერში შესრულდა.

მარცხნივ: კადრი Jiutian-ის ტიპის დრონის აფრენის ვიდეოდან, მარჯვნივ: კადრი ჩინური სამთავრობო ტელეარხის მიერ შექმნილი ანიმაციიდანJiutian-ის მთავარი ფუქნცია Swarm ტექნოლოგიით აღჭურვილი 100-მდე მცირე ზომის დრონის მაღალი სიმაღლიდან გაშვებაა, რაც ზემოთ აღნიშნულ ჯგუფური თავდასხმის დადებით მხარეებს მოულოდნელობისა და მეტი მოქნილობის ეფექტს უმატებს.

Swarm ტექნოლოგიის საკმარისად დახვეწის შემთხვევაში მიიჩნევა, რომ ქვეყნები სრულიად დამოუკიდებელ Swarm დრონებს შეიმუშავებენ, რაც ექსპერტთა ნაწილის აზრით, AI დამიზნების სისტმების მსგავსად, კვლავ ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებების დარღვევის პოტენციურ რისკებს წარმოშობს.

ანტისაჰაერო შესაძლებლობები

ტრადიციულად, საბრძოლო საჰაერო დრონების წარმოდგენისას სახმელეთო სამიზნეებშე იერიშის შესაძლებლობებს წარმოვიდგენთ ხოლმე, თუმცა ბოლო წლებში დრონების ანტისაჰაერო შესაძლებლობები საკმაოდ განვითარდა.

ამ კუთხით მიღწეული პროგრესი შეიძლება ორი მიმართულებით დაიყოს: ტრადიციული ჰაერი-ჰაერი ტიპის იერიშის შესაძლებლობები და ანტიდრონული საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები.

პირველის შემთხვევაში იგულისხმება მაღალტექნოლოგიური დრონები, რომელთაც ტრადიციულად ავიაგამანადგურებლებისთვის შექმნილი ჰაერი-ჰაერი ტიპის რაკეტების გამოყენება შეუძლიათ.

მაგალითისთვის, გასული წლის ნოემბერში, ისტორიაში პირევლად, თურქული კომპანია Bayraktar-ის მიერ წარმოებულმა რეაქტიული ძრავის მქონე Kizilelma-ს ტიპის დრონმა აქტიური რადარის დამიზნების (ARH) ტექნოლოგიით აღჭურვილი ჰაერი-ჰარი რაკეტით რეაქტიული სამიზნეზე ზუსტი იერიშის მიტანა შეძლო. აღსანიშნავია, რომ გამოცდაში გამოყენებული GÖKDOĞAN-ის ტიპის რაკეტაც თურქული წარმოებისაა.

Kizilelma-ს ტიპის დრონის მიერ GÖKDOĞAN-ის ტიპის რაკეტის გაშვების კადრი (2025, Bayraktar)​​მსგავსი შესაძლებლობებით აღჭურვილი დრონები რეალურ საფრთხეს წარმოადგენენ პილოტების მიერ მართული ძვირადღირებული ავიაგამანდგურებლებისთვისა თუ სხვა საჰაერო სამიზნეებისთვის. ამავდროულად, მსგავსი დრონები, ტრადიციული ავიაციასთან შედარებით დაბალ ღირებულებასთან ერთად, მაღალკვალიფიციური პილოტების დანაკარგის რისკსაც ანულებენ.

რა თქმა უნდა, ქვეყნებისთვის ჰაერი-ჰაერი შესაძლებლობების მქონე დრონები თავისთავადაც იქცევს ყურადღებას, თუმცა მსგავსი დრონების გამოყენება ასევე სტანდარტული ავიაციის მეწყვილე თვითმფრინავების როლებშიც იგეგმება. ამ ტიპის დრონები პილოტების “მხარდამხარ” იომებენ,

აშშ-ს საჰაერო ძალების კოლაბორაციული საბრძოლო თვითმფრინავის (CCA) პროგრამის მიხედვით, მსგავსი დრონები აღჭურვილი იქნება ჰაერი-ჰაერი, ჰაერი-მიწა და ელექტრონული ბრძოლის ტიპის იარაღით და ტრადიციული ავიაგამანდგურებლების (მაგ. F-35) პილოტებს მათთვის დავალებების მიცემა და მართვა AI მანევრირებისა და Swarm ტექნოლოგიების მსგავსი სისტემით შეეძლებათ.

მიმდინარე წლის 17 ივნისს აშშ-ს საჰაერო ძალებმა General Atomics-სა და Anduril-სგან CCA პროგრამის ფარგლებში პირველადი შესყიდვის სახით 150 დრონი შეუკვეთა. აღნიშნულ კომპანიების პროტოტიპები აშშ-ს საჰაერო ძალებმა Lockheed Martin-ის, Northrop Grumman-ისა და სხვათა შემოთავაზებებს შორის აარჩია. აშშ-ს საჰაერო ძალები აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 1 000-მდე დრონის შესყიდვას გეგმავს.

ზედა: Anduril YFQ-44A ტიპის დრონი, აღჭურვილი AIM-120 ჰაერი-ჰაერი ტიპის რაკეტით. ქვედა: General Atomics YFQ-42A ტიპის დრონი (2026, USAF)გამარჯვებულმა მოდელებმა უკვე სხვადასხვა სახის გამოცდები გაიარეს - ივლისში Anduril-ის YFQ-44A ტიპის დრონმა ჰაერი-ჰაერი ტიპის AIM-120 რაკეტა წარმატებით გამოიყენა.

ტრადიციული გამანადგურებლების დამხმარე დრონების შექმნას აშშ-ს გარდა სხვა ქვეყნებიც აქტიურად ცდილობენ, მათ შორისაა ჩინეთი, გერმანია, საფრანგეთი, თურქეთი, ინდოეთი, რუსეთი და სხვა.

რაც შეეხება დრონების ანტიდრონული საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებას, ეს მეტწილად უკრაინის შეიარაღებული ძალების ინოვაციაა.

ამ ინოვაციის უკან არსებული ლოგიკა მარტივია - იაფი დრონების მოგერიება ტრადიციული საჰაერო თავდაცვის საშუალებებით გრძელვადიანი ომის ან დიდი რაოდენობის დრონებით თავდასხმის შემთხვევაში ეკონომიკურად ძალზედ წამგებიანია. მაგალითისთვის, 30 000-50 000 დოლარის ღირებულების შაჰედის მოგერიება ამერიკულ Patriot-ის ტიპის საჰარეო თავდაცვის სისტემას დაახლოებით 3 მილიონიანი მიწა-ჰაერი ტიპის რაკეტის გამოყენება დასჭირდებოდა. შეგახსენებთ, რომ ტრადიციული საჰაერო თავდაცვის საშუალებები დრონებზე ბევრად უფრო ძვირადღირებული სამიზნეების გასანეიტრალებლად შეიქმნა, როგორიცაა ავიაგამანდგურებლები ან რაკეტები.

შესაბამისად, უკრაინელმა ინჟინრებმა შექმნეს ანტიდრონული საჰაერო დრონი, რომლებმაც “შაჰედის მკვლელის” სახელი დაიმსახურეს. აღნიშნული ტიპის დრონები მაღალი სისწრაფით გამოირჩევიან, რომლის საშუალებითაც ისინი დროულად ეწევიან ჰაერში შემჩნეულ მტრულ დრონებს და მათთან ახლო დისტანციაში ფეთქდებიან. როგორც წესი, დრონის აფეთქებისგან გამოწვეული ნამსხვრევები სამიზნის ქობინაში არსებული ასაფეთქებლის აფეთქებას ან მისი ძრავის, კორპუსის ან პროპელერების დაზიანებას იწვევს, რის შემდეგაც მეტოქის დრონი საკუთარ სამიზნემდე ვეღარ აღწევს.

მსგავსი დრონის მაგალითია უკრაინული კომპანია Wild Hornets-ის მიერ შექმნილი Sting ტიპის დრონი. კომპანიის განცხადებით, მათი დამზადება მხოლოდ დაახლოებით $2 500 ჯდება.

Sting ტიპის დრონსაწინააღმდეგო დრონი რუსული გერანის ტიპის დრონის ფონზე (2025, Wild Hornets)აღნიშნული ტიპის დრონები თავდაპირველად პილოტის სრული ჩართულობით იმართებოდნენ, თუმცა მალევე უკრაინელებმა მათში AI დამიზნების სისტემები ჩააშენეს, რამაც რუსული დრონების მასშტაბური იერიშების მოგერიება მნიშვნელოვნად გაამარტივა.

უკრაინელი მაღალჩინოსნების განცხადებით, აღნიშნული დრონების დახმარებით უკრაინა რუსული დრონების დაახლოებით 90%-ს ანეიტრალებდა. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, მიმდინარე წელს უკრაინელებმა მათ საჰაერო სივრცეში 350 000-ზე მეტი რუსული დრონი გაანადგურეს.

აღსანიშნავია, რომ 2026 წლის მაისიდან რუსულმა მხარემ აქტიურად დაიწყო რეაქტიული ძრავებით აღჭურვილი კამიკაძე დრონების (გერან-4 და გერან-5) გამოყენება, რომლებიც პროპელერით აღჭურვილ დრონებზე ბევრად მაღალ სიმაღლეზე და სწრაფად დაფრინავენ, რაც მათ განეიტრალებას საგრძნობლად ართულებდა. საპასუხოდ უკრაინამ უკვე შექმნა ახალი თაობის ანტიდრონული დრონი, რომელიც რეაქტიული ძრავითაა აღჭურვილი. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (СБУ) 19 სექტემბერს გაავრცელა ვიდეო, რომელშიც აღნიშნული დრონის (რომლის სახელწოდებაც ჯერჯერობით უცნობია) გერან-5 ტიპის რეაქტიულ დრონს ანადგურებს.

უკრაინული რეაქტიული ანტიდრონული დრონი და რუსული გერან-5 ტიპის რეაქტიული დრონი (კადრები СБУ-ს ვიდეოდან)​ამასთან, კომპანია Wild Hornets-მა შექმნა დრონი სახელად Sting S, რომელიც კვლავ პროპელერებითაა აღჭურვილი, თუმცა ზემოთ აღნიშნულ Sting-ზე მაღალი სიჩქარის განვითარება შეუძლია. გაუმჯობესებული მონაცემების დახმარებით სექტემბერის შუაში წარდგენილი Sting S-ით უკრაინელებმა უკვე გაანეიტრალეს ათობით რეაქტიული რუსული დრონი.

და ბოლოს

აშკარაა, რომ ინოვაციის სისწრაფე სამხედრო დრონების სფეროში არ ნელდება და სავარაუდოა, რომ უკრაინაში ომის გაგრძელების ფონზე ინოვაციის მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზრდება.

თუმცა მკითხველმა, თუნდაც ბოლო მაგალითზე დაკვირვებით, ერთი რამ უნდა გაითვალისწინოს - ინოვაცია ორმხრივია, რაც იმას ნიშნავს, რომ ვითარდება, როგორც დრონების შეტევითი, ასევე მათგან თავდაცვითი საშუალებები და კონკრეტულ შემტევ ტექნოლოგიებს ომის მიმდინარეობის ძირეული ცვლილება იმდენად შეუძლიათ, რამდენადაც მათი განეიტრალების გზები ჯერ კიდევ ჩანასახშია. დროსთან ერთად დრონების ეფექტიანობას მათგან თავდაცვის საშუალებების დახვეწა დააბალანსებს. მანამდე კი შეგვიძლია ინოვაციის ამ ახალ ციკლს ყურადღებით დავაკვირდეთ.

მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ოპოზიციის მასშტაბური მიტინგი სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში (ვიდეო)წაიკითხე

უახლესი ამბები