ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებმა ეთიკის კოდექსს მოაწერეს ხელი
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებმა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის ეთიკის კოდექსს მოაწერეს ხელი, რომელიც კანონის პატივისცემას, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს და მიუკერძოებლობას ითვალისწინებს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) წევრებმა დღეს მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის ეთიკის კოდექსს მოაწერეს ხელი.
ეთიკის კოდექსზე ხელმოწერით კომისიის წევრები თანხმდებიან, რომ საკუთარი ფუნქციების შესრულებისას იმოქმედებენ მასში გაწერილი პრინციპების შესაბამისად, რაც გულისხმობს კანონის პატივისცემას, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვას, საკუთარი საქმიანობის კეთილსინდისიერად, დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად, ობიექტურად და გამჭვირვალედ წარმართვას. ასევე, პროფესიონალიზმის მაღალ სტანდარტს და კოლეგიალობას.
აღსანიშნავია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა დონის საარჩევნო კომისიის წევრები უკვე წლებია არჩევნების დანიშვნის შემდგომ ხელს აწერენ ეთიკის კოდექსს.
ეთიკის კოდექსზე ხელმოწერა რამდენიმე ეტაპად განხორციელდება, დღეს კოდექსს ხელი ცესკოს წევრებმა მოაწერეს, შემდეგ ეტაპზე კი აღნიშნულ დოკუმენტს ხელს მოაწერენ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები.
შეგახსენებთ, რომ 3 ოქტომბერს ამომრჩევლები ახმეტის, ვანის, წალკისა და დმანისის მუნიციპალიტეტების საკრებულოების 4 მაჟორიტარ წევრს აირჩევენ.
(R)
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.