ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი:
საქართველოს ხელისუფლების და მისი მხარდამჭერების დღევანდელი რიტორიკა არის სრულიად უნიკალური საქართველოს ისტორიაში. ესაა, თუ შეიძლება ასე თქვას, ბოდვის რუტინიზაცია.
უფრო მარტივად და გაშლილად: ავიღოთ თეზისი, რომელიც თავისთავად არის სისულელე და იდიოტობა, კერძოდ ის, რომ მსოფლიო პოლიტიკას განსაზღვრავს 25 ოლიგარქიული ოჯახი, ამას დავუმატოთ მეორე იდიოტობა, კერძოდ ის, რომ არსებობს რაღაც იდუმალი ორგანზაციული ერთობა რომელსაც ხან ჰქვია დიფსთეითი (არ ავურიოთ ტრამპის და ერდოგანის მიერ ნახსენებ დიფ სთეითში, ანუ “ღრმა სახელმწიფოში” რომელიც არსებითად მყარ ბიუროკრატიულ და ინსტიტუციურ სტრუქტურებს გულისხმობს და არა მსოფლიო მმართველობის არაოფიციალურ ორგანოს), ხან გლობალური ომის პარტია და რომლის მიზანია ერთის მხრივ ომების გაჩაღებაა იმ 25 ოჯახის გამდიდრების მიზნით (რით ვერ გაძღა მათი მუცელი?) და მეორეს მხრივ დედამიწის მოსახლეობის დაყვანა 1 მილიარდამდე და დანარჩენის გაწყვეტა, რათა ბოლომდე იგრიალონ (რანაირად უნდა იგრიალონ თუ ყველას გაწყვეტენ და შესაბამისად შემოსავალიც მოაკლდებათ, არ ვიცი, მაგრამ ეს წვრილმანია), და თუ ამ ორ იდიოტობას დავიჯერებთ, მერე რიგში დგას მესამე იდიოტობა, რომ ამ ხალხმა გააჩაღა უკრაინის ომი, რათა დაასუსტოს რუსეთიც და უკრაინაც, ჩართული ჰყავს ამაში მთელი ევროპა და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს და ქართულ ოცნებას ვერ იმორჩილებენ. რა არ სცადეს: შვეიცარიის ბანკი გააკოტრეს, წერილი არ დააბეჭდინეს ევროპის არცერთ გამოცემაში, კელი დეგნანი შემოგვიგზავნეს და აკერმანის გეგმით ექვსი რევოლუცია მოაწყვეს, აქედან ხუთი არამშვიდობიანი, მაგრამ ფეხები ვერ მოჭამეს ვერავის, მიუხედავად იმისა, რომ ამ რევოლუციების დროს პრემიერიც კორუმპირებული გვყავდა და სუსის უფროსიც. ეტყობა ფული დაენანათ, მაგათი წუწურაქი დედა რო…
შეიძლება ცოტა გავამძაფრ-გავაშარჟე, მაგრამ არც მაინცდამაინც. აი, ამ მართლაც და იგავმიუწვდომ ბოდვებს გვთავაზობენ როგორც ფაქტებს. სერიოზულად გველაპარაკებიან ამას, სერიოზული სახით, არც ეღიმებათ. მდაბიო კონსპირაციული სიგიჟე იქცა ყოველდღიურ რიტორიკად, რუტინად და ჩვეულებრივ ამბად. იტყვი რამეს და ხელისუფლების წარმომადგენლის შეურაცხყოფას შეგტენიან სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების მომენტში და ციხეში გაგიშვებენ. არადა როგორ გინდა არ თქვა?
გულახდილად ვიტყვი: ყველაფერს წარმოვიდგენდი, მაგრამ მსგავსი ნაბოდვრის მჭამელ-შემსრუტავი თუ ამდენი ადამიანი აღმოჩნდებოდა ამ ქვეყანაში, ნაღდად არ მეგონა. ახალგაზრდა რომ ვიყო და დავინახო მამაჩემი მსგავს სიდებილეს ლაპარაკობს, სერიოზული ტრაგედია მექნებოდა ოჯახში, მაგრამ რად გინდა? ხსნილია დღეს ყველანაირ აბსურდზე, მთავარია სახელისუფლო ნარატივს აეწყო.
რა უნდა ეშველოს ამას, არ ვიცი. ერთი ის ვიცი, მოვა დრო და ეს პერიოდი ქვეყნის ისტორიაში თუნდაც მხოლოდ ამიტომ (კი, სხვა ცოდვებიც ბევრია, მაგრამ მაინც) ერთ-ერთ ყველაზე სამარცხვინო ფურცელად ჩაიწერება, თუ საერთოდ ყველაზე სამარცხვინოდ არა.




