ბოლო სამ თვეში ორი ახალი თანამდებობა მისთვის შეიქმნა; მანამდე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტზე სწრაფად გაეზარდა წოდებები; სუსში თანამდებობის დატოვების შემდეგ, უკვე გენერალი მდინარაძე, კვლავ „ქართული ოცნების“ პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი სპიკერი გახდა.
18 მაისს, როდესაც სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი იყო, მამუკა მდინარაძემ პირველმა განაცხადა შსს-ს სისტემაში “სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს” შექმნის შესახებ. 28 ივლისს სამმართველოს მუშაობას შეშფოთებით გამოეხმაურა აშშ, რომელთანაც “ქართულ ოცნებას” ურთიერთობების სუფთა ფურცლიდან დაწყება სურს.
- უსაფრთხოების გენერალ-მაიორი მამუკა მდინარაძე სექტემბრის პირველ კვირამდე რეგიონული განვითარების მინისტრად იმუშავებს, ვიდრე ეს სამინისტრო გაუქმდება;
- შემდეგ მისი ტიტული კვლავ შეიცვლება და გახდება სახელმწიფო მინისტრი რეგიონული პოლიტიკის საკითხებში.
29 ივლისს, წარდგენისას, “ქართული ოცნების” მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მდინარაძის ბოლო თანამდებობა – სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – ამიერიდან საჭირო საერთოდ აღარ იქნება, რადგან მდინარაძემ ეფექტიანი კოორდინირების სისტემა უკვე ჩამოაყალიბა. მას არ აუხსნია, რატომ გახდა საკადრო გადაწყვეტილება აუცილებელი საპარლამენტო პროცედურებამდე (სამინისტროს გაუქმება და სახელმწიფო მინისტრის პოსტის შექმნა) და რას ცვლის მდინარაძის ნაჩქარევი გადაყვანა ახალ, დროებით თანამდებობაზე?
დააწინაურეს თუ დააქვეითეს? – ეს არის მთავარი შეკითხვა, რომელიც ძალოვანი ბლოკიდან მამუკა მდინარაძის რეგიონების მიმართულებით გადაყვანას მოჰყვა.
“სადისკუსიო არაფერია” – ეუბნება რადიო თავისუფლებას “ქართული ოცნების” კოალიციის ყოფილი წევრი, ყოფილი პარლამენტარი დავით ზურაბიშვილი.
“ძალოვანი სტრუქტურებიდან რომ გაგიშვებენ, ეს არ უნდა იყოს მისთვის [მამუკა მდინარაძისთვის] კარგი ნიშანი. ბიძინა ივანიშვილის მთავარი დასაყრდენი ამ ქვეყანაში შსს, პროკურატურა, უშიშროება და სასამართლო სისტემაა – კიდევ ცალკე… აშკარად ხდება მდინარაძის ჩამოცილება ძალაუფლების ოლიმპიდან”, – დავით ზურაბიშვილი დარწმუნებულია, რომ გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის მიღებულია; რატომ და რისთვის – შესაძლოა ამ ეტაპზე არც არავინ არ იცოდეს, თუმცა შესაძლოა სულაც “ფარულ ჩანაწერში მოუსმინა რაღაცას და იმაზე გაბრაზდა”.
“ბევრი ადამიანი ვიცი, ვისზეც ბიძინა ივანიშვილი გაბრაზებულა და იმ ადამიანს მერე უთქვამს – ვერ გავიგე, ჩემზე რატომ გაბრაზდაო”, – ზურაბიშვილი ამატებს, რომ მამუკა მდინარაძისთვის ვიცე-პრემიერის სტატუსის შენარჩუნება არაფერს ნიშნავს.
“ქართული ოცნების” დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს, მდინარაძის თანამდებობრივი ზიგზაგების შესახებ საჯაროდ არაფერი უთქვამს.
დისკუსიებში გაჩენილ მოსაზრებაზე საპასუხოდ – რომ მდინარაძეს ივანიშვილი შესაძლოა სამომავლოდ მაღალი ან უმაღლესი თანამდებობისთვის “ინახავდეს” და ახლა უბრალოდ გაარიდა მწვავე და სადავო განცხადებებსა თუ ინიციატივებს – დავით ზურაბიშვილი იხსენებს არაერთ შემთხვევას, როდესაც განზე გაწეული ადამიანები ივანიშვილს თავის ორბიტაზე დაუბრუნებია. ასე იყო, მაგალითად, ორგზის პრემიერისა და ამჟამად პატიმრის, ირაკლი ღარიბაშვილის შემთხვევაშიც; თუმცა რასაც ზურაბიშვილი ამ ეტაპზე ხედავს, მდინარაძის მიმართ ივანიშვილის კეთილგანწყობაზე არ მეტყველებს:
“ადამიანი [მამუკა მდინარაძე] დაინიშნება იმ სამინისტროს ხელმძღვანელად, რომელიც მალე უნდა გაუქმდეს და ეს წინასწარ არის გამოცხადებული” და თუკი მისი მომავალი პოზიცია ასე მნიშვნელოვანია, “რატომ აძლევენ სახელმწიფო მინისტრის პოსტს და არა მინისტრისას”.
29 ივლისს კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 2026 წლის სექტემბერში საერთოდ გაუქმდება რეგიონული განვითარების სამინისტრო – რომელიც 2025 წლის აპრილში ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამოეყო.




