მამუკა მდინარაძე – სიმბოლურია, როცა აშშ-სთან ურთიერთობების ნორმალიზებაზე საუბრის ფონზე მაკა ბოჭორიშვილი სახელმწიფო მდივნის გვერდით დგას – ეს ძალიან კარგი ჟესტია მასპინძლების მხრიდან!

საქართველომ საკუთარ თავზე ძალიან მძიმედ გამოსცადა ის, რაზეც დღეს შეიძლება ცოტა დაგვიანებით, მაგრამ ძალიან კარგია, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში ჩვენი ამერიკელი კოლეგები საუბრობენ, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის აშშ-ში „პოლიტიკური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის“ მინისტერიალზე დასწრებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან პოზიტიური ამბავია, როდესაც აშშ-სთან ურთიერთობების შესაძლო ნორმალიზების ფონზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის გვერდით დგას.

„ძალიან სიმბოლურია, როდესაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი იმ ფონზე, როდესაც საუბარია ურთიერთობების შესაძლო ნორმალიზაციაზე, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის გვერდით დგას. ზოგიერთი ტელევიზია ამას საერთოდ არ ამჩნევს, მაგრამ ამას განსაკუთრებით ხარისხში ნუ ავიტანთ. ჩვეულებრივი და ძალიან პოზიტიური ამბავია. ხაზს ვუსვამ სიტყვებს- შესაძლო ნორმალიზების გზაზე. ეს არის ძალიან კარგი ჟესტი მასპინძლების მხრიდან.

საქართველოს აქვს ძალიან მწარე და მწვავე გამოცდილება იმასთან დაკავშირებით, რასაც დღეს „პოლიტიკური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის“ მინისტერიალზე ამბობენ ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი ადმინისტრაციის თანამშრომლები, წარმომადგენლები და ხელმძღვანელები, განსხვავებით წინა ადმინისტრაციისა. საქართველომ საკუთარ თავზე ძალიან მძიმედ გამოსცადა ის, რაზეც დღეს შეიძლება ცოტა დაგვიანებით, მაგრამ ძალიან კარგია, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში ჩვენი ამერიკელი კოლეგები საუბრობენ. ეს მწარე და ცუდი გამოცდილება ჩვენ გვეხმარება სწორი ანალიზის გაკეთებაში და რაც მთავარია ქართველ ხალხს ეხმარება სწორი დასკვნების გამოტანაში“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიწვევით, მონაწილეობს მინისტერიალში „პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ”. ღონისძიება ვაშინგტონში იმართება და მასში 60-მდე ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს.