სალომე გოგინაშვილი: ბრალდება, რომ მე დავინახე ჩემი შვილისხელა ბავშვი როგორ ეცემა, და მე არათუ ეთერი, არამედ ტელევიზია დავაყენე ბავშვის ჯანმრთელობაზე წინ, არ მესმის (ვიდეო)

9 ივნისს საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „დღე პირველ არხზე”, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა და რომელშიც „სიმღერის აკადემიის” შემსრულებლები იყვნენ მიწვეული, გადაცემის მიმდინარეობის დროს, 10 წლის ანკა მოწყვეტით დაეცა.
👉🏻 სამეურვეო საბჭოს სხდომაზე გადაცემის მიმდინარეობაზე პასუხისმგებელმა პირმა, სალომე გოგინაშვილმა განაცხადა, რომ საეთეროში მყოფი ადამიანებისთვის ბავშვის დაცემის მომენტი შეუმჩნეველი დარჩა და ახსნა რატომ:
💬 „მე ვარ სალომე გოგინაშვილი და ეთერზე პასუხისმგებელი პირი ვიყავი იმ დღეს.
პირველ რიგში გეტყვით, რომ ორი შვილი მყავს, ზუსტად ანკას ტოლი და მას შემდეგ, რაც გავიგე, რომ ცუდად გახდა, პირველ რიგში ჩემი შვილები წარმოვიდგინე. ბრალდება, რომ მე დავინახე ჩემი შვილისხელა ბავშვი როგორ ეცემა, და მე არათუ ეთერი, არამედ ტელევიზია დავაყენე ბავშვის ჯანმრთელობაზე წინ, არ მესმის.
მე ვიყავი ეთერზე პასუხისმგებელი. მე ეს ფაქტი არ შემიმჩნევია და განვმარტავ – რატომ. სტუდიაში მუშაობდა 6 კამერა, რომელიც სეგმენტებს იღებდა, ერთადერთი კამერა, რომელიც საერთო ხედს იღებდა იყო კრანი, რომელიც სულ მოძრაობს.
მე გადავახვიე ეს კადრები და ყველაფერი დეტალურად ვნახე.
იმ მომენტში, როდესაც ბავშვი ეცემა, კრანი, რომელიც საერთო ხედზე მუშაობდა, იღებდა პირველ რიგში მდგომი ბავშვების პანორამას. 100%-ით შემიძლია ვთქვა, რომ საეთეროში მყოფი ვერცერთი ადამიანი ვერ დაინახავდა დაცემას, რადგან ამის თეორიული შანსიც არ იყო“, – განაცხადა სალომე გოგინაშვილმა.