„ქართული ოცნება“ სუვერენიტეტს ნამდვილად ყიდის, ოღონდ არა მარწყვზე, არამედ პირად ინტერესებზე – ყველა ხიდი ხომ დაწვა, რაც დასავლეთთან გვაკავშირებდა, ახლა ის ძაფები, რაც არსებობს, ისიც კი იწვება, ქალაქების დონეზეც კი წყდება კავშირები, არათუ სახელმწიფოების დონეზე, იმიტომ, რომ ამ ველურებთან საუბარი არავის უნდა, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, „სოციალური დემოკრატიისთვის“ წევრმა, ლევან ლორთქიფანიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
ლევან ლორთქიფანიძე მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ შინაგანად იმისთვისაც მზად არის, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაცია დააკარგვინოს. ის ამ კონტექსტში, პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერს გია ვოლსკის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ „ვიზალიბერალიზაციის თემა საერთოდ აზრს კარგავს, თუკი ქვეყანა მოისპო და განადგურდა“.
„ნეტავ გია ვოლსკის ოჯახის წევრებს გაუწყვიტონ ვიზა, ჩამოიყვანონ ჩუღურეთში, აქ აცხოვრონ და მერე ბატონი გია ვოლსკი ცოტა სხვანაირად ილაპარაკებს, ცოტა დაამუხრუჭებს და ასეთი აღვირახსნილი განცხადებები აღარ ექნება. ფაქტია, რომ „ქართული ოცნება“ მზადაა, რომ ვიზალიბერალიზაცია დააკარგვინონ ქვეყანას. რა თქმა უნდა, ისინი ცდილობენ, რომ ეს უსიამოვნება თავიდან აიცილონ, არ აწყობთ დამატებითი მიზეზი ამ საზოგადოების შფოთვისთვის, მაგრამ ისინი შინაგანად ამისთვის მზად არიან. ბევრი რამე მეტყველებს მათ ამ გადაწყვეტილებაზე – ვიზალიბერალიზაციის საკითხი განიხილებოდა გუშინ ბრიუსელში და ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები ბულგარეთის პრემიერ-მინისტრს მაინც ხვდებოდნენ, სლოვაკეთში მაინც ჩადიოდნენ და ევროკავშირის შიგნით ცდილობდნენ ვიზალიბერალიზაციის მდგრადობის ლობირებას, ისინი წავიდნენ ყირგიზეთში. ეს დაახლოებით იმას ნიშნავს, რომ ტრიგონომეტრიაში სამიანის მიღება გინდოდეს და „შუშანიკს“ აბარებდე მასწავლებელს. ასეთი გაორებულია მათი დამოკიდებულება. ჩვენ ვნახეთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან ბევრ რამეზე, საკუთარი ძალაუფლების გამო, ბიძინა ივანიშვილის პირადი ანგარიშების უსაფრთხოების გამო, უარი თქვა, ასე რომ, ვიზალიბერალიზაციაც გამონაკლისი არ იქნება. შესაბამისად, უნდა შევეწინააღმდეგოთ მათ, რომ ეს სიკეთე არ დაგვაკარგვინოს“, – განაცხადა პოლიტოლოგმა.
მისივე შეფასებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არაფერს აკეთებს, რომ ამ უმძიმეს რეგიონში ჰყავდეს დასავლელი მოკავშირეები. მან, ამასთან, გააკრიტიკა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და აღნიშნა, რომ ის სუვერენიტეტს „მარწყვზე ნამდვილად არ გაცვლის, რადგან უფრო ცხოველი მადა აქვს.“
„მას გაცილებით უფრო ბევრი რამ სჭირდება – ადამიანი არაფერს წარმოადგენდა პარლამენტის წევრობამდე, არავის მას არ იცნობდა, არანაირი საჯარო ფიგურა არ იყო, არაფერზე არ ჰქონია საჯაროდ აზრი გამოთქმული და უცებ არაფრიდან გადაიქცა ქვეყნის მეორე პირად და ამაზე გაცვალა მან საქართველოს ეროვნული ინტერესები, ამაზე გაცვალა საკუთარი ბიოგრაფიაც. 20 წელი ემსახურებოდა გერმანიის სახელმწიფოს, იქიდან ხელფასს იღებდა, გერმანიის აგენტი იყო, თავისივე კრიტერიუმებით და დღეს იმ ხელს კბენს, რომელიც მას აჭმევდა. „ქართული ოცნება“ სუვერენიტეტს ნამდვილად ყიდის, ოღონდ არა მარწყვზე, არამედ პირად ინტერესებზე. თუ ეს ასე არ არის, რით ავხსნათ, რომ საქართველოს ხელისუფლება არაფერს არ აკეთებს, რომ ამ უმძიმეს რეგიონში ჰყავდეს დასავლეთშიც მოკავშირეები?!“ – განაცხადა ლევან ლორთქიფანიძემ.
გარდა ამისა, მან ჩინეთთან ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ეტაპზე გადასვლაც შეაფასა და აღნიშნა, რომ ოფიციალურ პეკინთან სტრატეგიული პარტნიორობა ისეთი ზურგის გარეშე, როგორიც ევროკავშირის ოჯახის წევრობა ან აშშ-ისთან პარტნიორობაა, უფსკრულში დამცავი ტროსის გარეშე გადახტომას ჰგავს.
„შეშლილი უნდა იყოს ადამიანი და საქართველოს მოქალაქე თუ მას არ ენდომება ჩინეთთან ნორმალური და თუნდაც სტრატეგიული ურთიერთობების ქონა. ჩინეთი არის მომავალი, ერთ-ერთი მთავარი ძალა ჩვენს პლანეტაზე და მასთან თანამშრომლობა აუცილებელია. მეორე საკითხი – კობახიძემ თქვა, რომ ჩინეთსა და საქართველოს შორის არის თანასწორი ურთიერთობაო, ეს არის სასაცილო, ეს არის ტყუილი! ჩინეთი არის იმპერიალისტური ძალა, სამყაროს ყველა კუთხეში ის ეკონომიკური ბერკეტებით სწორედ რომ სუვერენიტეტს ართმევს პატარა ქვეყნებს. ამ საფრთხის წინაშე ვდგავართ დღეს ჩვენ. თუ შენ გინდა ჩინეთთან გქონდეს თან სტრატეგიული ურთიერთობა და თან სუვერენიტეტი არ დაკარგო, შენ ვიღაც ზურგს უნდა გიმაგრებდეს, ზურგს უნდა გიმაგრებდეს ისეთი ოჯახი, როგორიც არის ევროკავშირი, უნდა გყავდეს შეერთებული შტატების მსგავსი პარტნიორი, თურქეთთან დალაგებული უნდა გვქონდეს საქმე და ა.შ. საქართველო დღეს უფსკრულში ხტება ტროსის გარეშე, უფსკრულში ხტება დამცავის გარეშე, როდესაც ჩინეთს აცხადებს თავის სტრატეგიულ პარტნიორად. „ქართული ოცნება“ გვეუბნება, რომ ჩავანაცვლოთ ჩვენი დასავლელი პარტნიორები, ჩინელი პარტნიორებით, რათა არავინ არაფერი არ თქვას იმ ავტორიტარიზმზე, რასაც ვამყარებთ.
მიმდინარეობს ვაჭრობა „შუა დერეფნის“ საკითხზე და ტრამპის ადმინისტრაცია, მე მგონია, რომ ჩინეთის პარტნიორებთან არ დალაგდება და არ ივაჭრებს ამის შესახებ ივანიშვილთან,“ – განაცხადა ლევან ლორთქიფანიძემ.




