წითლიძე: სააკაშვილის დროს აშშ-ის პრეზიდენტები საქართველოში ჩამოდიოდნენ, ესენი კიდევ დერეფანში დასდევენ ფოტოს გადასაღებად

“ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ანი წითლიძე მიიჩნევს, რომ კობახიძე-ტრამპის ერთად გადაღებულ ფოტოს გამოქვეყნება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ  „ოცნება“ საწყალია“.

როგორც მან გადაცემა “რეაქციაში“ სტუმრობისას განაცხადა, სააკაშვილის დროს ტრამპი და აშშ-ის პრეზიდენტები საქართველოს თავად სტუმრობდნენ და “ოცნებაში“ კი მთავარ მიღწევად პროტოკულურ ფოტოს მიიჩნევენ.

საწყლები არიან. ეს არის ფოტო, რომელსაც, პროტოკოლის მიხედვით, რომ ჩადიან ყველა იღებს ხოლმე და ამ ფოტოს აფრიალებენ ახლა და ჰგონიათ, რომ ეს არის ყველაზე დიდი მიღწევა 14 წლის განმავლობაში. მიხეილ სააკაშვილის დროს საქართველო იყო ქვეყანა, რომელშიც ჩამოდიოდნენ ამერიკის პრეზიდენტები. ბუში გვახსოვს აქ ყველას, სახელმწიფო მდივნები ჩამოდიოდნენ აშშ-ის, ევროპელი ლიდერები ჩამოდიოდნენ ყოველ კვირა და ამბობდნენ, რომ საქართველო არის დემოკრატიის შუქურა. ესენი კიდევ დერეფანში დასდევენ ხან ტრამს და ხან რომელიმე ევროპელ ლიდერს, რომ ფოტო გადაიღონ და შემდეგ გამოაქვეყნონ. ეს არის საქართველოს ღირსების საკითხი, ამაყი საქართველო იყო მაშინ. რა ფოტომ უნდა უშველოს, საწყალი სწორედ იმიტომაა, რომ იმ განვითარების 9 წლიდან, როდესაც აქ ევროპელი ლიდერები სტუმრობდნენ, აშშ-ის პრეზიდენტები სტუმრობდნენ და ტრამპი თავად არის აქ ნამყოფი, აი, ამის ფონზე, რომ კობახიძემ ტრამპთან გადაღებული პროტოკოლური ფოტო გამოდო და ჰგონია, რომ ეს არის ყველაზე დიდი მიღწევა „ქართული ოცნების“, აი, ამიტომ არიან საწყლები, – ამბობს წითლიძე.

ცოტა ხნის წინ კობახიძის ადმინისტრაციამ ტრამპი-კობახიძის 9 დღის წინანდელი შეხვედრის ფოტო გამოაქვეყნა.

ფოტო 22 სექტემბერს, ნიუ იორკშია გადაღებული, სადაც კობახიძე სხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად ტრამპის სახელით გამართულ მიღებას დაესწრო.

ამ მიღებას ტრადიციულად ამერიკის პრეზიდენტები ყოველ წელს მართავენ, იმ ლიდერებისთვის ვინც გაეროში, გენერალური ასამბელის სესიაზე ჩადის.