UNIAN: უკრაინელებმა შავ ზღვაში, ყირიმის მახლობლად რუსების მნიშვნელოვანი ობიექტი ააფეთქეს

უკრაინულმა ძალებმა შავ ზღვაში, დროებით ოკუპირებული ს მახლობლად ააფეთქეს რუსული ობიექტი, რომელიც „მოჰაჯერ-6“-ის ტიპის ირანული სადაზვერვო დრონების მოქმედების რადიუსის გასაზრდელად გამოიყენებოდა მას შემდეგ, რაც უკრაინის პოზიციებზე „შაჰიდის“ დრონებით მიყენებული დარტყმების შემდგომი კორექტირება იყო საჭირო. ამის შესახებ UNIAN უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.

„სპეციალური ოპერაციების 73-ე საზღვაო ცენტრის ოპერატორებმა უაღრესად რთული და ეფექტური ოპერაცია სახელწოდებით „ციტადელი“ განახორციელეს შავ ზღვაში, ოკუპირებული ყირიმის სანაპიროზე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

როგორც დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით გახდა ცნობილი, რუსები უკანონოდ მითვისებულ მომპოვებელ პლატფორმას ირანული წარმოების სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატების მუშაობის გასაუმჯობესებლად იყენებდნენ.

„კერძოდ, მათ დაამონტაჟეს აღჭურვილობა, რომელიც ზრდის მისი მოქმედების მანძილსა და რადიუსს. ამ უპილოტო საფრენ აპარატებს მოწინააღმდეგე იყენებდა დაზვერვისა და იმისთვის, რომ უკრაინის სამხრეთით, Shahed-ის კამიკაძე დრონების გამოყენებით კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე მიყენებული დარტყმები დაეკორექტირებინათ“, – წერია განცხადებაში.

ამას გარდა, უკრაინული მხარის ცნობით, რუსებს ამ პლატფორმაზე დამონტაჟებული ჰქონდათ Neva-B-ს სარადარო სისტემები, რის საშუალებითაც, შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში სიტუაციას აკონტროლებდნენ – კერძოდ, გემებისა და მოტორიანი ნავების გადაადგილებას.

ინფორმაციის მიხედვით, ოპერაციის დაგეგმვისა და მოსამზადებელი სამუშაოების შემდეგ, საზღვაო ცენტრის ჯგუფმა სამიზნეების განადგურება დაიწყო.

„ღამით, კატარღები მიუახლოვდნენ მომპოვებელ პლატფორმას. ობიექტი დაინაღმა, რის შემდეგაც, ჯგუფის წევრებმა უკან დაიხიეს უსაფრთხო მანძილზე და სამიზნე ააფეთქეს“, – ნათქვამია განცხადებაში. 

უკრაინული მხარის თქმით, წარმატებით განხორციელებულმა სპეცოპერაციამ შეზღუდა მტრის შესაძლებლობები შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში და უზრუნველყო უკრაინული გემების უფრო უსაფრთხო გადაადგილება.