ლადო აფხაზავა: სადარბაზოსთან დამხვდნენ, დამარტყეს მეც და ჩემს შვილსაც

პედაგოგი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველი მფლობელი ლადო აფხაზავა „პუბლიკასთან“ ადასტურებს, რომ დღეს თავს დაესხნენ. მისი თქმით, სახლის სადარბაზოსთან რამდენიმე პირი დახვდა და დაარტყეს მასაც და თავის შვილსაც.

„როდესაც ჩემს დასთან მივდიოდი სოფელ ნიგვზიანში, ლანჩხუთში ჩემი საცხოვრებლის სადარბაზოსთან მოვიდა ავტომანქანა და დამიწყეს გინება და მერე ხის ჯოხები ამოიღეს საბარგულიდან. ჯოხის დარტყმა ვერ მოახერხეს, რადგან წავართვი და ისევ საბარგულში ჩავუდე, ნეტავ გადამეგდო ცოტა შორს. მერე გამომეკიდნენ ხის ჯოხებით. თავიდან ორნი იყვნენ და მერე მესამე საიდან შემოუერთდა, არ ვიცი“, – ამბობს ლადო აფხაზავა „პუბლიკასთან“.

მისი თქმით, თავდამსხმელები „ნაციონალს“ ეძახდნენ.

შეკითხვაზე, რას უკავშირებს მომხდარს, აფხაზავა გვპასუხობს:

„ალბათ საპროტესტო აქციებზე რომ გამოვდივარ, აქტიური რომ ვარ სოციალურ ქსელში, ამიტომ“, – გვითხრა მასწავლებელმა.

მისი თქმით, მოახერხა და თავდასხმის ამსახველი ვიდეოც გადაიღო.

„საფეთქელთან დამარტყეს ხელი და ჩემს შვილსაც დაარტყეს. -ში ვიყავი და ჩვენება მივეცი“, – ამბობს პედაგოგი.

როგორც აფხაზავა აღნიშნავს, ერთ-ერთი პირი ამოიცნო და ის იმ კორპუსის მეზობელია, რომელშიც ცოტა ხნის წინ გადავიდა.

„პუბლიკა“ შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს გაარკვიოს, დაწყებულია თუ არა გამოძიება.

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა: საქართველოს პრეზიდენტის ვეტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე წინ მიმავალ გზას ხსნის – ესტონეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიონ კანონი