EU-მ კანდელაკისა და რუსეთის ჰიბრიდულ საქმიანობაში ჩართული პირების სანქციები გაახანგრძლივა
ევროკავშირის საბჭომ რუსეთის ჰიბრიდული საქმიანობისა და დესტაბილიზაციის გამო სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა. სანქცირებულთა სიაშია კრემლის პროპაგანდისტი და „გაზპრომ მედიის“ გენერალური დირექტორის მოადგილე თინა კანდელაკი.

ევროკავშირის საბჭომ რუსეთის საზღვარგარეთ დესტაბილიზაციისკენ მიმართულ ქმედებებზე პასუხისმგებელი პირებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ სანქციები ერთი წლით, 2027 წლის 9 ოქტომბრამდე, გაახანგრძლივა.
სანქცირებულთა შორის არის კრემლის პროპაგანდისტი თინა კანდელაკიც, რომელიც ევროკავშირის სამართლებრივ დოკუმენტში საქართველოს მოქალაქედ არის მითითებული.
კანდელაკი, რომელიც "გაზპრომ მედიის" გენერალური დირექტორის მოადგილეა, სიაში 2024 წლის 16 დეკემბერს შეიყვანეს. EU-ს განმარტებით, ის საკუთარ პოპულარობასა და გავლენას რუსული პროპაგანდის გასავრცელებლად და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის გასამართლებლად იყენებდა.
საბჭოს ცნობით, სანქციების გახანგრძლივების მიზეზი რუსეთის ჰიბრიდული საქმიანობის გაგრძელება და გაძლიერებაა, მათ შორის, ევროკავშირის, მისი წევრი ქვეყნებისა და პარტნიორების წინააღმდეგ საინფორმაციო მანიპულაცია და ჩარევა.
სანქციები ამჟამად 80 პირსა და 20 ორგანიზაციაზე ვრცელდება. შეზღუდვები მათი აქტივების გაყინვას ითვალისწინებს, ხოლო ევროკავშირის მოქალაქეებსა და კომპანიებს სანქცირებული სუბიექტებისთვის ფულის, ფინანსური აქტივებისა და ეკონომიკური რესურსების მიწოდება ეკრძალებათ. ამას გარდა, სიაში მოხვედრილ ფიზიკურ პირებს ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა და ტრანზიტიც ეკრძალებათ.
სანქციების ეს რეჟიმი ევროკავშირმა 2024 წლის 8 ოქტომბერს შექმნა. ის რუსეთის ხელისუფლების იმ ქმედებებისა და პოლიტიკის მხარდამჭერებს მოიცავს, რომლებიც ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების ფუნდამენტურ ღირებულებებს, უსაფრთხოებას, სტაბილურობას, დამოუკიდებლობასა და მთლიანობას ძირს უთხრიან. რეჟიმი მესამე ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წინააღმდეგ რუსეთის ჰიბრიდულ საქმიანობაზე პასუხისმგებელ პირებსაც ეხება.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…