„ჯანდაცვის მინისტრის განმარტება არ არის სანდო“ – ინტერვიუ იურისტთან
იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილების უფროსსა და ჯანდაცვის მინისტრს შორის მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება. მისი თქმით, მინისტრის განმარტებები არ არის სანდო და თანმიმდევრული, ხოლო საქმის სათანადო სამართლებრივი შესწავლა და ობიექტური მოკვლევა არ მომხდარა.

„ჯანდაცვის მინისტრის მსჯელობა და ეს განმარტება არ არის თანმიმდევრული და არ არის სანდო,“ – მიიჩნევს იურისტი, ადვოკატი გიორგი ხიმშიაშვილი. მას ვესაუბრეთ „ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს საქმესთან“ დაკავშირებით „ოცნების“ ჯანდაცვის მინისტრის მუქარაზე.
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილების უფროსი, ჯუმბერ ბოლქვაძე ამბობს, რომ 2026 წლის ივნისში ემერჯენსის გადატვირთულობის გამო, სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ოპერატორს კონკრეტული პაციენტის მიღებაზე უარი უთხრა: „წაიყვანეთ მინისტრთან“, – ამ ფრაზით მიმართა მან ოპერატორს.
ამ შემთხვევიდან რამდენიმე დღეში ბათუმის რესპუბლიკურში მინისტრი სარჯველაძე გამოჩენილა სატელეფონო ჩანაწერით: „წაიყვანეთ მინისტრთან“. ექიმი ჯუმბერ ბოლქვაძე ამბობს, რომ მას თანმდებობის დატოვებას და საერთოდ კარიერიდან წასვლას უშუალოდ მინისტრი სთხოვდა.
2026 წლის პირველ ოქტომბერს კი, ჯუმბერ ბოლქვაძეს ნინო ნიჟარაძე ესტუმრა – აჭარაში „ოცნების“ ჯანდაცვის მინისტრი. ექიმების თქმით, ნიჟარაძემ ბოლქვაძემ „უხმაუროდ“ წასვლა სთხოვა, მაგრამ იმ დღეს ემერჯენსის სამედიცინო პერსონალი სოლიდარობის ნიშნად რესპუბლიკურის შესასვლელთან საპროტესტო აქციაზე გამოვიდა.
აქციის მეორე დღეს „ოცნების“ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძე ჯუმბერ ბოლქვაძეს სამართლებრივი რეაგირებით დაემუქრა, თუმცა არ განუმარტავს: რატომ არ შეისწავლეს ეს საკითხი აქამდე შესაბამისმა ორგანოებმა? ან თავად რატომ არ მიმართა საგამოძიებო ორგანოს, როცა აცხადებს, რომ კლინიკაში ადგილები იყო და ექიმი განზრახ არ იღებდა პაციენტს?
„ის, რომ მინისტრს კონკრეტული ექიმი დაჰპირდა, გადავდგები თანამდებობიდანო და ამით თვითპასუხისმგებლობას მოახდენდა, ცხადია, ეს არ ამსუბუქებს ჯანდაცვის სამინისტროს პასუხისმგებლობას იმ სისტემის მიმართ, რომლის სწორად ფუნქციონირებისთვის ის პირდაპირ არის პასუხისმგებელი,“ – აცხადებს იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი.
„ბათუმელებმა“ გიორგი ხიმშიაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა.
ბატონო გიორგი, სწორია სამართლებრივად ჯანდაცვის მინისტრის პოზიცია, როცა ის საუბრობს რეაგირებაზე შემთხვევიდან დაახლოებით 3 თვის შემდეგ, ანუ მას მერე, როცა ბათუმის რესპუბლიკურის ემერჯენსის უფროსმა, ჯუმბერ ბოლქვაძემ განაცხადა, თანამდებობის დატოვებას უშუალოდ მინისტრი მთხოვს, რადგან ემერჯენსში პაციენტის ადგილი არ მქონდა და სასწრაფოს ვუთხარი: „წაუყვანეთ პაციენტი მინისტრს“.
ამ პროცესებში მინისტრის განცხადებები უფრო არათანმიმდევრული ჩანს, ვიდრე ნებისმიერი სხვა პირის.
პირველი, – ამ პროცესებს სჭირდება სამართლებრივი შესწავლა. ცხადია, არ არის დამაჯერებელი განმარტება, რომ ექიმი არ იღებდა პაციენტს და ამ დროს თითქოს ამის შესაძლებლობა არსებობდა. ჩვენ მოვისმინეთ ექიმისგან, რომ მას არ ჰქონდა ადგილები და, შესაბამისად, ვერ მიაწვდიდა პაციენტის სათანადო სამედიცინო სერვისს. ეს უფრო ლოგიკური და არგუმენტირებული პოზიციაა.
ცხადია, მხოლოდ ზეპირი საუბარი არარეელევანტურია ამ გარემოებასთან, როცა მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირი საუბრობს გარკვეულ გადაცდომაზე – პირველ რიგში თავად ეს თანამდებობის პირი უნდა იყოს დაინტერესებული, რომ შესაბამისმა სამედიცინო დაწესებულებამ მიმართოს უწყებას, რომელსაც ხელი მიუწვდება სამედიცინო გადაცდომების შესწავლაზე და ეს მოკვლევა დაიწყოს. მით უმეტეს იმ ფონზე, რომ დაახლოებით 3 თვის წინ მომხდარ ამბავზეა საუბარი.
როდესაც თავად მინისტრი არ მიმართავს შესაბამის ორგანოს შესწავლისთვის და არ გვაქვს ობიექტური შესწავლის შესაძლებლობა, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჩნდება ბევრი ვარაუდი და გონივრული ეჭვი: საქმე ხომ არ გვაქვს რაიმე ტიპის პოლიტიკურ ზემოქმედებასთან?
გიორგი ხიმშიაშვილი
ჯანდაცვის მინისტრი, ცხადია, უნდა იყოს ყველაზე მეტად დაინტერესებული: ნებისმიერ პროფესიულ გადაცდომაზე მოითხოვოს სამართლებრივი რეაგირება და ეს არ იყოს მხოლოდ კამერებთან საუბარი. ახლა ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობა სწორი, ობიექტური, ასე ვთქვათ, კვლევის შედეგები მოვისმინოთ და ინფორმაცია მივიღოთ.
რა უნდა გაეკეთებინა ჯანდაცვის მინისტრს კონკრეტულად?
მინისტრს თუ ჰქონდა ამგვარი ინფორმაცია, რომ პაციენტს განზრახ არ იღებდნენ კლინიკაში და იგი უშუალოდ ამ პროცესში ჩართული პირი იყო, პირველ რიგში, თავად უნდა მიემართა შესაბამისი სააგენტოსთვის, რომელიც პასუხისმგებელია ექიმთა პროფესიულ გადაცდომებზე. ეს ნაბიჯი დროული უნდა ყოფილიყო იმისთვის, რომ მინიმალური კვლევის შედეგები, ინფორმაცია ამ კუთხით გვქონოდა.
ჩვენ ვსაუბრობთ არა ერთ კონკრეტულ, არამედ ზოგად, სისტემურ დამოკიდებულებაზე – რით იყო განპირობებული ის, რომ პაციენტს ვერ იღებდა კლინიკა?
ამას აქვს სარკისებური ეფექტი. ჩვენ ვსაუბრობთ ექიმზე, რომელიც მაღალი ალბათობით შეიძლება აღმოჩნდეს დაუცველი სისტემის მიმართ. გრძელვადიან პერსპექტივაში კი, ეს გამოიწვევს სხვა ექიმების მიმართ ძალიან ცუდ ეფექტს, როცა ამდენად დაუცველები არიან ისინი გარკვეული გადაწყვეტილებების მიღების დროს.
მინისტრის განმარტებით, ექიმმა განსაცდელში განზრახ მიატოვა პაციენტი, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია. თუ მინისტრს დავუჯერებთ, გამოდის თუ არა, რომ ამავდროულად მინისტრის მხრიდან დანაშაულის შეუტყობინებლობასთან გვაქვს საქმე: რატომ არ მიმართა მინისტრმა შსს-ს?
დანაშაულის შეუტყობინებლობაზე ვერ ვისაუბრებთ ფაქტის შესაბამისი კვლევის გარეშე. ამიტომაც, ვსაუბრობთ პროფესიული სააგენტოსთვის მიმართვაზე. თუ სააგენტოს არ მიმართავდა, პირველ რიგში, ჯანდაცვის მინისტრი, ვინც აღიარებს, რომ უშუალოდ ჩართული იყო ამ პროცესებში, ვერასდროს ვერ გავაგებთ, ეს იყო შეუტყობინებლობა, კლასიკური სამართლებრივი დარღვევა თუ სხვა ტიპის გადაცდომა.
მინისტრმა თქვა, მე პირადად ლამის ჩავერიე და შემდეგ მიიღეს პაციენტიო, ექიმი კი, ამბობს: იმავე დღეს სტაციონარში მივიღეთ პაციენტი, მაგრამ მას რომ ხელოვნური სუნთქვის აპარატი დასჭირვებოდა, „განწირული იყოო“…
ამ ფორმით ჩარევა შეიძლება მიუთითებდეს თანამდებობრივ გავლენასა კონკრეტულ დაწესებულებასთან, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ ზოგადად სამედიცინო სერვისსა და პაციენტის უფლებებზე. თუ აღმოჩნდებოდა ისეთი პაციენტი, რომელსაც არ ექნებოდა შესაძლებლობა, დაერეკა ჯანდაცვის მინისტრთან, მაშინ რა შედეგს მივიღებდით?
ჩვენ ვსაუბრობთ პრობლემაზე, რომელსაც ხვალ და ზეგ შეიძლება ფატალური შედეგი მოჰყვეს, თუ ნამდვილად ადგილი ჰქონდა ისეთ შემთხვევას, რაზეც მინისტრი საუბრობს. ჩვენ ამის შემოწმების შესაძლებლობა იმიტომ არ გვაქვს, რომ, უპირველეს ყოვლისა, მინისტრმა არ მიმართა შესაბამის ორგანოს.
ამიტომაც, ჯანდაცვის მინისტრის მსჯელობა და ეს განმარტება არ არის თანმიმდევრული და არ არის სანდო. რატომ არ იღებდა პაციენტს სამედიცინო დაწესებულება? ამის კონკრეტული არგუმენტი ჩვენ ვერ მოვისმინეთ.
ეს თუ სინამდვილეა, შეეძლო ჯანდაცვის სამინისტროს ამის დადასტურება, ხომ? პაციენტების შესვლა კლინიკაში რესგიტრირდება და ნათლად ჩანს, რომელ დღეს რამდენი პაციენტი იყო, მაგალითად, ემერჯენსის განყოფილებაში.
რა თქმა უნდა, ეს ტექნიკურად გადამოწმებადია და ამის შემოწმება შესაძლებელია, ვინაიდან არსებობს, როგორც სამედიცინო ჩანაწერები, ასევე სათვალთვალო კამერები. შესაბამისი კვლევა ამიტომაც იყო საჭირო სააგენტოს მხრიდან, რომელიც პასუხისმგებელია ამგვარ გადაცდომებზე, თუ მას ნამდვილად ჰქონდა ადგილი.
მინისტრი ამბობს, სექტემბრის ბოლოს ექიმი ჯუმბერ ბოლქვაძე თავად აპირებდა თანამდებობის დატოვებასო, მაგრამ თანამდებობის დატოვება რამდენად ათავისუფლებს პირს სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან? ამ ნაწილში რამდენად გამართულია მინისტრის პოზიცია?
ჯანდაცვის მინისტრის მხრიდან ამგვარი განმარტება არ არის პროფესიული სტანდარტის ჩარჩოებში. გამოდის, ჩვენ გვაქვს სისტემური პრობლემა, ვინაიდან სამედიცინო სისტემა ვერ იცავს პაციენტის ინტერესებს. ჩვენ ვერ მოვისმინეთ განმარტება, თუნდაც ერთი ექიმის, თუ როგორ აღმოიფხვრა ეს ნაკლოვანება, როდესაც თუნდაც ადგილი ჰქონდა მსგავს შემთხვევას და სამედიცინო დაწესებულების განყოფილების ხელმძღვანელი უარს ამბობდა პაციენტის მიღებაზე.
ის, რომ მინისტრს კონკრეტული ექიმი დაჰპირდა, გადავდგები თანამდებობიდანო და ამით თვითპასუხისმგებლობას მოახდენდა, ცხადია, ეს არ ამსუბუქებს ჯანდაცვის სამინისტროს პასუხისმგებლობას იმ სისტემის მიმართ, რომლის სწორად ფუნქციონირებისთვის ის პირდაპირ არის პასუხისმგებელი.
ეს მიუთითებს იმაზე, რომ სისტემის ნაკლოვანება გადავფარეთ ისევ ნაკლოვანებით. თუნდაც ყველა გარემოება დადასტურებულად ჩაითვალოს, გამოდის, ჯანდაცვის სამინისტროს ამ მიმართულებით არც კი უფიქრია.
ჩვენ არ მოგვისმენია თავად რესპუბლიკური საავადმყოფოს, ან აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს განმარტება. როდესაც ასეთ საკითხებზე ჩვენ ვერ ვისმენთ უშუალოდ პროცესის მონაწილეთა განმარტებებს, მიზეზებზე, გარემოებებზე, ცხადია, მხოლოდ დაპირისპირებულ მხარეთა პოზიციები ვერ იქნება ობიექტური სამართლებრივი ჭეშმარიტება.
ჯანდაცვის სამინისტრო პირდაპირ აცხადებს, რომ უშუალოდ ჩაერია ამ პროცესებში… ის ექიმიც, რომელსაც ბრალს დებენ, ისიც დაინტერესებულია საკუთარი პოზიცია საზოგადოებამდე მიიტანოს. პოლიტიკური თანამდებობის პირთა განმარტებები ვერ იქნება ცხადი და ჭეშმარიტი იმ ფონზე, როდესაც თვითონ მაღალი თანამდებობის პირი არ ცდილობს მაღალი პასუხისმგებლობით საკითხის მოკვლევის ჩატარებას შეუწყოს ხელი და ყველა კითხვას, რაც საზოგადოებას უჩნდება, გაეცეს პასუხი.
ექიმის თქმით, მას მინისტრმა რესპუბლიკური საავადმყოფოს სხვა ხელმძღვანელ პირებთან მოასმენია სატელეფონო ჩანაწერი. ამ ჩანაწერში სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ოპერატორი ესაუბრება ექიმ ჯუმბერ ბოლქვაძეს… როგორ აღმოჩნდა ეს ჩანაწერი მინისტრის ხელში და ეს რამდენად კანონიერად?
სამართლებრივად ამგვარ ჩანაწერებთან წვდომა, ცხადია, მინისტრს არ უნდა ჰქონდეს. თუ ჩვენ დავუშვებთ, რომ ეს ჩანაწერი მოხვდა მის ხელში, ცხადია, ესეც არის დარღვევა.
ეთიკური სტანდარტით ამგვარი ჩანაწერის არსებობა ან წვდომა მასზე, ობიექტურად შეუძლებელია ჯანდაცვის სამინისტროს ნებისმიერ თანამდებობის პირს ჰქონოდა.
თუ დადგინდება ამ ჩანაწერის არსებობა, მაშინ მისი კვლევაც შესაძლებლად მიმაჩნია.
ციტატები სტატიიდან
„ის, რომ მინისტრს კონკრეტული ექიმი დაჰპირდა, გადავდგები თანამდებობიდანო და ამით თვითპასუხისმგებლობას მოახდენდა, ცხადია, ეს არ ამსუბუქებს ჯანდაცვის სამინისტროს პასუხისმგებლობას იმ სისტემის მიმართ, რომლის სწორად ფუნქციონირებისთვის ის პირდაპირ არის პასუხისმგებელი,“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.