საქართველოს რკინიგზამ 9 მილიონიანი კონტრაქტი სანქცირებულ რუსულ კომპანიასთან გამარტივებული წესით გააფორმა
საქართველოს რკინიგზამ სატვირთო ვაგონების შესაძენად 9 მილიონიანი კონტრაქტი გამარტივებული წესით გააფორმა სანქცირებულ რუსულ კომპანია „როსლავსკთან“. ხელშეკრულებას ხელი მოწერა რუსეთის პრეზიდენტის პარტიის წევრმა იური ჩერნიაკმა. რკინიგზის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე აცხადებს, რომ კომპანიამ ყველაზე დაბალი ფასი შესთავაზა და მისთვის უცნობია უკრაინის მიერ სანქცირების შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება გააკრიტიკა „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა და კორუფციის მკვლევარმა ბესიკ დონაძემ.

საქართველოს რკინიგზა სატვირთო ვაგონების შესაძენად რუსულ კომპანია „როსლავსკის“ 9 მილიონ ლარს გადაუხდის. ხელშეკრულება გამარტივებული წესით უკვე გაფორმებულია, დოკუმენტს კი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პარტიის წევრი იური ჩერნიაკი აწერს ხელს. კითხვებს აჩენს ისიც, რომ კომპანია უკრაინის მიერ სანქცირებულია.
კომპანიის შერჩევას საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი დაბალი ფასითა და ბაზარზე არსებული არჩევანით ხსნის. ლაშა აბაშიძე ამბობს, რომ „როსლავსკი“ მაღალი ხარისხის სატვირთო ვაგონებს აწარმოებს, ევროპული კომპანიები კი საქართველოს რკინიგზისთვის შესაბამის ვაგონებს არ ამზადებენ. რაც შეეხება სანქციებს, აბაშიძე აცხადებს, რომ კომპანიის უკრაინის მიერ სანქცირების შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
ეგ კომპანია აწარმოებს ყველაზე საუკეთესო ვაგონებს. ჩვენ მაგ კომპანიასთან გავაფორმეთ ხელშეკრულება ძალიან დაბალ ფასად, ყველაზე დაბალი ფასი წარმოგვიდგინა. რკინიგზაში ჩვენ ევროპიდან სატვირთო ვაგონებს ვერ ვიყიდით, იმიტომ, რომ არ აწარმოებს ევროპული ქვეყნები ჩვენს სატვირთო ვაგონებს. არანაირად არ არის სანქცირებული, უკრაინის მხრიდან არ ვიცი, არის თუ არა, ვაგონები როცა შემოდის და ჩვენს საკუთრებაშ გადმოდის, მას შემდეგ ხდება ანგარიშსწორება, ძალიან მალე შემოვა, - ამბობს ლაშა აბაშიძე.
ხელშეკრულების გაფორმების წესსა და რუსულ კომპანიასთან პირდაპირ თანამშრომლობას აკრიტიკებს „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი და კორუფციის მკვლევარი ბესიკ დონაძე. მისი თქმით, საქართველოს რკინიგზამ რუსულ ქარხანასთან ხელშეკრულება კონკურენციის გარეშე, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით გააფორმა, მაშინ როდესაც, მისი მტკიცებით, შესაბამისი ვაგონების შეძენა სხვა ქვეყნებშიც იყო შესაძლებელი.
ეს არის ფაქტობრივად პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს რკინიგზამ ყოველგვარი საშუამავლო კომპანიის გარეშე ანუ საქართველოში რეგისტრირებული რომელიმე კომპანიის გარეშე, პირდაპირ რუსულ ქარხანაში, რუსული ბანკის გავლით გადარიცხა თანხა, ანუ აქედან დოლარი გადაირიცხა და იქ კონვერტაციით რუბლები ჩაირიცხა, მაშინ, როდესაც დღეს მსგავსი ვაგონების შეძენა შესაძლებელი იყო სხვა ქვეყნებში. ეს არის ერთ პირთან მოლაპარაკებით გაფორმებული ხელშეკრულება სპეციალური წესით და ყოველგვარი კონკურენციის გარეშე. ანუ რკინიგზამ მიიღო თვითონ გადაწყვეტილება, რომ გაუფორმოს ხელშეკრულება რუსულ კომპანიას, - ამბობს ბესიკ დონაძე.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.