CSF: ვანო ჩხიკვაძისთვის ორგანიზებული ჯგუფის დახვედრა ხელისუფლების მიერ კოორდინირებულია
სამოქალაქო საზოგადოების ფონდი ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერის, ვანო ჩხიკვაძისთვის 14 ივნისს აეროპორტში სპეციალურად მობილიზებული ჯგუფის დახვედრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
ორგანიზაციის შეფასებით, ეს იყო ხელისუფლების მიერ კოორდინირებული ინციდენტი, რომელიც აშშ-ის კონგრესში ვანო ჩხიკვაძის გამოსვლას ეხმაურებოდა.
"ბუნებრივია, ეს იყო ხელისუფლების მიერ კოორდინირებული ინციდენტი, რომელიც აშშ-ის კონგრესში მის გამოსვლას ეხმაურებოდა. ჰელსინკის კომისიაზე ვანო ჩხიკვაძემ საქართველოს დემოკრატიის მიმდინარე გამოწვევების, ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ქართველი ხალხისთვის დასავლეთის მხარდაჭერის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.
საინტერესოა, წინასწარ როგორ ჰქონდათ აეროპორტში შეკრებილ ჯგუფსა და პროპაგანდისტულ მედიას ინფორმაცია საქართველოს მოქალაქის ფრენის განრიგის შესახებ, თუ არა შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების ჩართულობით. აღსანიშნავია, რომ დღევანდელი ინციდენტი ერთ-ერთია “ქართული ოცნების“ მიერ მართულ იმ ათეულობით თავდასხმას შორის, რომელთაც ბოლო კვირების მანძილზე ვხედავთ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.