ზურაბ ფარჯიანი: სხვა კითხვა მაქვს: “ქართული ოცნება” და ირაკლი კობახიძე პირდაპირ თუ ირიბად მხარს უჭერენ და მისაღებად მიაჩნიათ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება?!

“არ მეგონა ამის ახსნა თუ მომიწევდა – ჯერ გეორგიევსკის ტრაქტატზე ძალიან მოკლედ.
1783 წელს დაიდო ტრაქტატი და უკვე 1785 წელს ომარ ხანმა დაღესტნიდან წამოსული 20 000-იანი ლაშქრით ააოხრა ქართლ-კახეთი.
რუსეთი არ დახმარებია ერეკლეს.
1795 წელი აღა მაჰმად ხანი და კრწანისის ბრძოლა. თბილისის აოხრება.
რუსეთი ისევ არ დაეხმარა ერეკლეს.
არა-და ამ ორივე ლაშქრობის მიზანი სწორედ “გეორგიევსკის ტრაქტატის” გამო ქართლ-კახეთის სამეფოს დასჯა იყო.
1801 წელი – რუსეთის მიერ ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმება და ანექსია.
არა-და, ტრაქტატის მეექვსე მუხლის თანახმად რუსეთი არ უნდა ჩარეულიყო სამეფოს შიდა საქმეებში არც საეკლესიოში და სასამართლოში
1811 უქმდება საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალია, რაც იქამდე არასოდეს, არც ერთი დამპყრობლის დროს არ მომხდარა.
ისტორიის დამახინჯებას რომ თავი დავანებოთ – სხვა კითხვა მაქვს:
“ქართული ოცნება” და ირაკლი კობახიძე პირდაპირ თუ ირიბად მხარს უჭერენ და მისაღებად მიაჩნიათ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება?!
ეს არაა საქართველოს ტრადიციების, სიწმინდეების და ისტორიის შეურაცხყოფა?!” – წერს დიპლომატი ზურაბ ფარჯიანი სოციალურ ქსელში და ეხმაურება კობახიძეს, რომელმაც გუშინ თქვა: “გეორგიევსკის ტრაქტატიდან საქართველოს ანექსიამდე გავიდა თითქმის 20 წელი, შესაბამისად, უმუშავია [ტრაქტატს], ორი ათწლეულის განმავლობაში გადარჩა ჩვენი ქვეყანა ეგზისტენციალური საფრთხისგან. როცა გარდაიცვალა ერეკლე II, მერე უკვე, სამწუხაროდ, სხვანაირად განვითარდა მოვლენები, მაგრამ იმ შეთანხმებამ გადაარჩინა ჩვენი ქვეყანა, რაც აპრიორი იმას ნიშნავს, რომ ერეკლე II-ის მიერ გადადგმული ნაბიჯი იყო ბრძნული და უალტერნატივო”