თურქეთში დაიწყო რეზონანსული სასამართლო პროცესი, რომელიც 2025 წლის ნოემბერში სტამბოლის ერთ-ერთ სასტუმროში მომხდარ შემზარავ ტრაგედიას ეხება. საქმე ეხება ოთხსულიანი ოჯახის დაღუპვას, რომლებიც სასტუმროში ჩატარებული არაპროფესიონალური დეზინფექციის მსხვერპლნი გახდნენ. სასამართლოზე გამოაშკარავებულმა დეტალებმა თურქული საზოგადოება კიდევ ერთხელ შეძრა.
- თურქულ-გერმანული ოჯახის წევრები – მამა სერვეტ ბოჯეკი, დედა ჩიგდემი, 6 წლის კადირი და 3 წლის მასალი სტამბოლში დასასვენებლად ჩავიდნენ, თუმცა შვებულება საბედისწერო აღმოჩნდა. 2025 წლის მიწურულს მომხდარი ამბავი თავიდან საკვებით მოწამვლას დაბრალდა, თუმცა სიმართლე ბევრად უფრო საზარელი აღმოჩნდა. მოვლენები ელვისებურად განვითარდა: თავდაპირველად ორივე ბავშვი გარდაიცვალა, მალევე მათ დედაც მიჰყვა, ხოლო 17 ნოემბერს საავადმყოფოში მამა, სერვეტ ბოჯეკიც დაიღუპა.

ცხედრების გაკვეთის შემდეგ პროკურატურას წარედგინა შოკისმომგვრელი დასკვნა – ოჯახის წევრების ორგანიზმში აღმოჩნდა ფოსფინის გაზის მნიშვნელოვანი რაოდენობა.
- ეს არის უძლიერესი ტოქსიკური ნივთიერება, რომელსაც სოფლის მეურნეობაში მავნებლების წინააღმდეგ იყენებენ. გამოძიების თანახმად, სასტუმროში მწერებთან საბრძოლველად გამოყენებულმა პესტიციდმა გაჟონა იმ ნომერში, რომელიც ბოჯეკების ოთახის ქვეშ მდებარეობდა. შხამიანი ორთქლი ზედა სართულზე სააბაზანოს სავენტილაციო არხის მეშვეობით შევიდა და მძინარე ოჯახი გაგუდა.
ამჟამად სასამართლოს წინაშე 6 ბრალდებული წარდგა, მათ შორის არიან სასტუმროს მფლობელი და სადეზინფექციო კომპანიის ხელმძღვანელები. მათ გაუფრთხილებლობით სიკვდილის გამოწვევაში ედებათ ბრალი და 22 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
სასამართლო პროცესის პირველ დღეს მრავალი სკანდალური დეტალი გაჟღერდა. მაგალითად, ცნობილი გახდა, რომ სადეზინფექციო კომპანიას 2019 წლის შემდეგ ლიცენზია საერთოდ აღარ ჰქონდა, ხოლო პერსონალს მხოლოდ რამდენიმეთვიანი მომზადება ჰქონდა გავლილი.

განსაკუთრებით მძიმე მოსასმენი აღმოჩნდა სასტუმროს ადმინისტრატორის ჩვენება. მან აღიარა, რომ შენობაში მძაფრი სუნი იგრძნო, რის გამოც კარი გარედან დაკეტა და შენობიდან გაიქცა, მაშინ როცა შიგნით ადამიანები შველას ითხოვდნენ. სათვალთვალო კამერების ჩანაწერებში ასევე ჩანს ოჯახის წევრების უშედეგო მცდელობა, გამოეძახებინათ სასწრაფო დახმარება, შემდეგ კი გონებას კარგავენ.
- ეს არ არის პირველი მსგავსი ტრაგედია სტამბოლში. სასამართლოზე გაიხსენეს კიდევ ერთი შემთხვევა, როდესაც სხვა სასტუმროში ორი ნიდერლანდელი მოზარდი დაიღუპა. ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ მათი სიკვდილის მიზეზიც სწორედ ალუმინის ფოსფიდის შესუნთქვა გახდა – იგივე ნივთიერების, რამაც ბოჯეკების ოჯახი იმსხვერპლა.

ფოსფინი უკიდურესად საშიშია და მას ხშირად “უხილავ მკვლელს” უწოდებენ.
ექსპერტები აფრთხილებენ საზოგადოებას, რომ ეს აირი სასიკვდილოა მცირე კონცენტრაციითაც კი – ჰაერში მაღალი შემცველობისას ადამიანის დასაღუპად სულ რაღაც 5 წუთია საჭირო. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთში ამ ნივთიერების გამოყენება დახურულ საცხოვრებელ სივრცეებში აკრძალულია, კონტროლის არარსებობა კვლავ დიდ საფრთხედ რჩება ტურისტებისთვის.




