ჯანდაცვის სამინისტრომ „რესპუბლიკური საავადმყოფოს” პერსონალს კომპენსაციები შესთავაზა

„რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან” დაკავშირებულ სამომავლო გეგმებსა და კომპენსაციების საკითხზე ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები კლინიკის თანამშრომლებს მას შემდეგ შეხვდნენ, რაც მთავრობის სხდომაზე შენობის დემონტაჟისა და ახალი კლინიკის მშენებლობის საკითხზე განკარგულება მიიღეს.
შეხვედრის შემდეგ აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თეა თავართქილაძემ განაცხადა, რომ შეხვედრა კლინიკის თანამშრომელთა უმეტეს ნაწილთან გაიმართა. „თანამშრომლების მხრიდან განკარგულების მოსმენა მწვავე იყო”, – თავართქილაძემ კლინიკის პერსონალის რეაქცია მედიას გააცნო. მისი თქმით, სამინისტროს მიერ წარმოდგენილი კომპენსაციის პაკეტი თანამშრომლებთან ნაწილობრივ განიხილეს. ამჟამად „რესპუბლიკურ საავადმყოფოში” 650-მდე თანამშრომელი მუშაობს. თავართქილაძისთვის უცნობია, მას შეეხება თუ არა კომპენსაციასთან დაკავშირებული წინადადება.
შენობის დემონტაჟისა და ახალი კლინიკის მშენებლობის თემაზე კი თეა თავართქილაძემ განაცხადა: „საქართველოს და თბილისს ესაჭიროება მაღალკვალიფიციური სახელმწიფო კლინიკა. მე ვარ მისი აშენების მომხრე”.
სამინისტროს პროექტის მენეჯერმა ნინო კვერნაძემ „რესპუბლიკური საავადმყოფოს” პერსონალთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ „რესპუბლიკური საავადმყოფოს” თანამშრომლებს გააცნეს ყველა იმ კომპენსაციის მოცულობა, რაზეც სამინისტრომ იმუშავა ბოლო ერთი თვის განმავლობაში. კვერნაძის განცხადებით, საკომპენსაციო პაკეტი გაცილებით მეტია იმისგან, რასაც „შრომის კოდექსი“ ითვალისწინებს (ძირითადად, ორი თვე).
„იმ თანამშრომლისთვის, რომელიც მხოლოდ „რესპუბლიკურ საავადმყოფოში” მუშაობს, განსხვავებული პაკეტია შეთავაზებული, ხოლო ის, ვინც სხვაგანაც მუშაობს – განსხვავებული. ეს ეხება როგორც სამედიცინო პერსონალს, ასევე ადმინისტრაციულს”, – თქვა მან.
ნინო კვერნაძის ინფორმაციით, „რესპუბლიკური საავადმყოფოს” თანამშრომლებს ასეთი საკომპენსაციო პაკეტი შესთავაზეს:
· იმ შემთხვევაში, თუ პირი თავიდანვე უარს იტყვის, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან გააგრძელოს რაიმე ტიპის შრომითი ხელშეკრულება, მას მიეცემა 12 თვის ხელფასის ოდენობით კომპენსაცია.
· თუკი პირი სხვა სამსახურშიც მუშაობს, მას მიეცემა მხოლოდ ოთხი თვის კომპენსაცია.
· თუ პირი უარს იტყვის 12-თვიან ანაზღაურებაზე, მას საშუალება მიეცემა, სხვა ტოლფასი თანამდებობა აირჩიოს სახელმწიფო კლინიკაში. ასეთ შემთხვევაში მას მიეცემა ოთხი თვის კომპენსაცია.
· თუ დასაქმებული უარს აცხადებს მიმდინარე პოზიციის დატოვებაზე და მას ვერ შესთავაზეს ტოლფასი სამსახური, ამ შემთხვევაში განიხილება 3-წლიანი ხელშეკრულების შენარჩუნება ყოველთვიური ხელფასით, თუმცა აუცილებლად განიხილება დასაქმების შესაძლებლობა და სანამ არ დასაქმდება, მიეცემა ხელფასი.
· ტოლფასი სამსახური გულისხმობს შინაარსობრივად იმავეს, თუმცა ის გეოგრაფიულად პირისთვის რამდენად მისაღები იქნება, ეს უკვე ინდივიდუალური მოლაპარაკების საგანია.
· „რესპუბლიკურ საავადმყოფოს” შესაძლოა, ზოგიერთ კლინიკასთან შედარებით, მეტი ხელფასები ჰქონდეს, იმიტომ რომ, თავის დროზე, ეს დადგენილებით იყო გათვალისწინებული. ამიტომ, ახალ პოზიციაზე შეთანხმებისთანავე ადამიანი მიიღებს 4-თვიან კომპენსაციას.
· პერსონალს 90 დღე აქვს არჩევის საშუალება.
პერსონალთან შეხვედრას ესწრებოდა ბექა ფერაძე, შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელი. ის კლინიკის პერსონალისთვის შეთავაზებულ კომპენსაციას უპრეცედენტოს უწოდებს.
„შრომის კოდექსის“ მიხედვით განსაზღვრულია გარკვეული პროცედურები, რაც უნდა განახორციელოს ორგანიზაციამ, როდესაც ხდება სამუშაო პროცესის შეჩერება ან დასაქმებული პერსონალის გათავისუფლება. ამ შემთხვევაში, კანონმდებლობის მიხედვით არის ერთი და ორი თვე. უპრეცედენტოა, რასაც სახელმწიფო [„რესპუბლიკურ საავადმყოფოში”] მედპერსონალს სთავაზობს: საუბარია ოთხ თვეზე, ერთ წელსა და რიგ შემთხვევაში 3-წლიან კომპენსაციაზე”, – განაცხადა ფერაძემ. მან დაამატა, რომ შრომის ინსპექცია მაქსიმალურად ჩართული იქნება პროცესში, რომ თითოეული ადამიანის უფლებები დაცული იყოს.
22 იანვარს საქართველოს მთავრობის სხდომაზე ოთხი საკითხი განიხილეს. როგორც ადმინისტრაცია იუწყება, მათ შორის იყო ყოფილი “რესპუბლიკური საავადმყოფოს” შენობის დემონტაჟისა და მის ადგილზე ახალი, მრავალპროფილური კლინიკის მშენებლობის საკითხი (მთავრობის განკარგულების პროექტი „შპს აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის ახალ პროექტთან დაკავშირებით რიგი საკითხების განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“). პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საავადმყოფოს თანამშრომელთა ნაწილი სხვადასხვა სახელმწიფო კლინიკაში უკვე დასაქმდა, ნაწილი კი დასაქმდება.
„პირადად მინისტრის კოორდინაციით, “რესპუბლიკური საავადმყოფოს” თანამშრომელთა ნაწილი სხვადასხვა სახელმწიფო კლინიკაში უკვე დასაქმდა, ნაწილი დასაქმდება და გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ არცერთი თანამშრომელი არ დარჩება სამსახურის გარეშე და ყველა იქნება უზრუნველყოფილი დასაქმების ალტერნატიული შეთავაზებით თუ უპრეცედენტო ღირსეული კომპენსაციით“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ჯანდაცვის სამინისტრო შენობის სადემონტაჟო პროექტისა და კლინიკის საპროექტო სამუშაოების შესყიდვის პროცედურებს იწყებს.
მთავრობის სხდომის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა: „ჩვენ მთავრობაზე ავიღეთ დღეს თანხმობა და დავიწყებთ არსებული ფასადის დემონტაჟის სამუშაოებს, ასევე ახალი კლინიკის მშენებლობასთან დაკავშირებული ტენდერის გამოცხადების ღონისძიებებს. ეს ტენდერი უნდა იყოს აუცილებლად საერთაშორისო, რადგანაც საერთაშორისო გამოცდილება მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის ასეთი ისტორიული და მნიშვნელოვანი კლინიკის მშენებლობის და შექმნის პროცესში“.
ოფიციალური ცნობით, „ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო მულტიფუნქციური, საერთაშორისო სტანდარტების სახელმწიფო კლინიკა 500-ზე მეტ საწოლზე იქნება გათვლილი. ამასთან, მოეწყობა ამბულატორია და 100-ზე მეტ საწოლზე გათვლილი დღის სტაციონარი. კლინიკაში განთავსდება ბავშვთა ონკო-ჰემატოლოგიური ცენტრი; გაიხსნება თანამედროვე სტანდარტების ცენტრალური სისხლის ბანკი; ტერიტორიაზე მოეწყობა GDP სტანდარტის აფთიაქი, სასწავლო სივრცეები, სამედიცინო ბიბლიოთეკა, ტელემედიცინის სივრცეები და სხვა. ასევე რესპუბლიკური საავადმყოფო შეინარჩუნებს საუნივერსიტეტო კლინიკის სტატუსს”.
„რესპუბლიკური საავადმყოფოს” შენობის დანგრევის საკითხზე მთავრობის გეგმას თავდაპირველად ექიმების პროტესტი მოჰყვა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეებსა და „რესპუბლიკური საავადმყოფოს” ექიმებს შორის პირველი შეხვედრა 2023 წლის მარტში გაიმართა. ექიმები ითხოვდნენ, რომ მთავრობა კლინიკის რეკონსტრუქციის იდეაზე შეჩერებულიყო ან ახალი შენობა უკვე არსებული კლინიკის გვერდით აეშენებინათ, მშენებლობის დასრულებამდე კი მათ ჩვეულებრივ ემუშავათ.
ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა, იგივე „რესპუბლიკური“, 1973 წელს გაიხსნა. ეს არის 24-საათიანი, მრავალპროფილური საავადმყოფო, რომელსაც 2008 წელს გადაუდებელი დახმარების ფუნქციაც დაემატა. საავადმყოფოში ოცზე მეტი მიმართულებით ემსახურებიან პაციენტებს, რასაც ლაბორატორიაც ემატება.

ასევე დაგაინტერესებთ