საჯარო სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის საინფორმაციო კურსი “დემოკრატიული არჩევნები და საარჩევნო გარემო” ხორციელდება
საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან პარტნიორობით საჯარო სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის სასწავლო კურსს „დემოკრატიული არჩევნები და საარჩევნო გარემო“ ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის (სწავლების ცენტრი) წარმომადგენლები სამოქალაქო განათლების 500-ზე მეტ პედაგოგს უზიარებენ პრაქტიკულ გამოცდილებას საარჩევნო სწავლების მიმართულებით. მოგვიანებით კი პედაგოგები მიღებულ ცოდნას მოსწავლეებს გაუზიარებენ, რათა არჩევნების მნიშვნელობასა და საარჩევნო უფლებებზე ახალგაზრდებს სკოლის ასაკიდანვე მიეწოდოთ ინფორმაცია.
21 აპრილს პროექტის მორიგი შეხვედრა ლაგოდეხის საგანმანათლებლო რესურსცენტრში გაიმართა. ღონისძიება ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი შარაბიძემ და სწავლების ცენტრის დირექტორმა, ნათია ზაალიშვილმა გახსნეს. მათ ყურადღება გაამახვილეს სამოქალაქო განათლების პედაგოგების მნიშვნელოვან როლზე სასკოლო ასაკიდან ახალგაზრდების საარჩევნო ცნობიერების ამაღლების მიმართულებით.
როგორც ცესკოს და სწავლების ცენტრის ხელმძღვანელმა პირებმა აღნიშნეს, ერთობლივი პარტნიორობის მიზანია, დარგობრივი კომპეტენციის ფარგლებში მასწავლებლებისთვის საჭირო საინფორმაციო ინსტრუმენტის გაზიარება, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთათვის საარჩევნო სიახლეების, ტექნოლოგიური პროგრესის გაცნობას და საარჩევნო პროცესებისადმი ახალგაზრდა თაობის დაინტერესების ზრდას.
სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული სპეციალიზებული პროგრამის ფარგლებში განიხილება შემდეგი ძირითადი საკითხები: ამომრჩევლის როლის მნიშვნელობა და პოლიტიკური კულტურის ასპექტები; არჩევნების ჩატარების პრინციპები და საერთაშორისო სტანდარტები; არჩევნების მოდერნიზაციის ტენდენციები და ხმის მიცემის პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენება; ამომრჩევლის საარჩევნო უფლების რეალიზება, ფარულობა და დაცულობა კენჭისყრის პროცესში; ინკლუზიური საარჩევნო გარემო; საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ამომრჩევლებისთვის შეთავაზებული საარჩევნო სერვისები.
კურსის ბოლოს პედაგოგებს გადაეცემათ სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული დამხმარე რესურსი, რომელიც მოიცავს მოსწავლეებთან განსახილველ საარჩევნო თემატიკას, თემის განვრცობისთვის საჭირო საკითხავ მასალას, პრაქტიკულ სავარჯიშოებსა და მეთოდოლოგიურ რეკომენდაციებს საგაკვეთილო პროცესის ეფექტიანად წარმართვის უზრუნველსაყოფად.
პროექტი 2024 წლიდან ხორციელდება, თუმცა წელს ახალი მასშტაბები შეიძინა, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ 28 მუნიციპალიტეტს აერთიანებს და 1-ელი აპრილიდან 7 მაისის ჩათვლით ხორციელდება.