საქართველოს საპატრიარქო: „ხელისუფლება თვალნათლივ დაადგა ტრადიციული ღირებულებების დაცვის გზას“.

საქართველოს საპატრიარქო განცხადებით ეხმიანება საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს, რომლებიც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის ხელახალმა განხილვამ და პარლამენტში პირველი მოსმენით მისმა მიღებამ გამოიწვია.
„საზოგადოებაში არსებული დაპირისპირების ხაზი დღეს ფასეულობების წინააღმდეგ ბრძოლისა და სახელმწიფოს სუვერენიტეტის ველზე გადის. უახლეს ისტორიაში ჩვენი ქვეყნის წინსვლა დაფუძნებული უნდა იყოს წმინდა ილია მართლის სიტყვებზე: ,,მამული, ენა, სარწმუნოება”, – ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც სრულად იზიარებს მმართველი პარტიის პოზიციას როგორც კანონპრეოქტთან დაკავშირებით, ასევე სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობაში:
„ხელისუფლება გარკვევით დეკლარირებს, რომ მისი პოლიტიკური ვექტორი, ისევე როგორც საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის სურვილი, არის ევროინტეგრაცია. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქომ გააკეთა განცხადება. მასში ნათქვამი იყო, რომ წლების განმავლობაში დიპლომატიური სამსახურის უმაღლესი პირებისგან ისმოდა დამაჯერებელი დასტური იმისა, რომ ქვეყნის სწრაფვა ევროინტეგრაციისაკენ არ გულისხმობდა საკუთარი კულტურისა და ფასეულობების უარყოფას. თუმცა, ფაქტია, წლების განმავლობაში უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების თუ ტელევიზიების მხრიდან წარმოებდა ეკლესიის დისკრედიტაციის კამპანია და ეს ხდებოდა ლგბტ ცხოვრების წესის, ცოდვის პროპაგანდის მზარდი ტენდენციის პარალელურად“.
საპატრიარქოს პერესსამსახური ასევე იმეორებს მმართველი პარტიის მიერ კონსტიტაციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით საჯაროდ გამოთქმულ პოზიციას და კმაყოფილებით შენიშნავს, რომ „ხელისუფლება თვალნათლივ დაადგა ტრადიციული ღირებულებების დაცვის გზას“.
„ევროპარლამენტის რეზოლუციაში ჩანაწერი, რომ ქართული სახელმწიფოს მიერ დაუშვებელია მოზარდებში ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის კანონის მიღება, წარმოადგენს ქვეყნის უმეტესი მოსახლეობისათვის აღიარებული ფასეულობების წინააღმდეგ ზეწოლას. რჩება შთაბეჭდილება, რომ მათი მხრიდან საქართველოს სახელმწიფოს სუვერენიტეტი არ განიხილება, როგორც სრულყოფილი მოცემულობა. ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტის უგულებელყოფით ქვეყნისთვის სასიკეთო არცერთი საქმე არ გამოვა“, – ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებაში.