რუსული რუბლი მყარდება

ს ფედერაციის ეროვნული ვალუტა გამყარებას განაგრძობს. ამჟამად „ბლუმბერგზე“ ერთი დოლარის გაცვლითი კურსი 88 რუბლს შეადგენს, ნაცვლად გასულ თვეს დაფიქსირებული 102 რუბლისა.
რუსული რუბლის თითქმის 14%-იან გამყარებას არაერთი მიზეზი განაპირობებს, მათ შორის უმნიშვნელოვანესი ენერგორესურსების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლებია. ნავთობის ძვირად გაყიდვით რუსეთის ხელისუფლება საბიუჯეტო შემოსავლების გაზრდას ახერხებს, გარდა ამისა, ენერგეტიკული კომპანიები ვალდებულნი არიან, უცხოურ ვალუტაში მიღებული შემოსავლები ეროვნულ ვალუტაზე გადაცვალონ, რაც რუბლის ხელოვნურად გამყარებას უწყობს ხელს.
მნიშვნელოვანი ფაქტორია გამკაცრებული კაპიტალის კონტროლიც, რომელიც გასულ თვეს ამოქმედდა. ახლა უკვე დიდი მოცულობით რუბლის გადასახურდავებლად მარეგულირებლისგან ნებართვის მიღებაა საჭირო.
კომპანიებს ასევე გაუჩნდათ ვალდებულება, რომ დოლარსა და ევროში მიღებული შემოსავლები რუბლში გადაცვალონ, რაც რუსეთის ეროვნულ ვალუტაზე მოთხოვნის ზრდას უწყობს ხელს.
რუბლის გამყარებას ხელს რუსეთის ცენტრალურმა ბანკიც უწყობს, როცა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების და რეფინანსირების განაკვეთის 200 საბაზო პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. ცვლილების შედეგად, ქვეყანაში რეფინანსირების განაკვეთმა 15%-იან ნიშნულს მიაღწია.