რა ღირს კულინარიული მასტერკლასები “სტუდიო 3.14”-ში?

თბილისში ახალი კონცეპტუალური სივრცე “სტუდიო 3.14” გაიხსნა, რომელიც მომხმარებელს არა მხოლოდ ტკბილეულისა და ყავის მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. ამ ყველაფერთან ერთად, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ტკბილეულის მომზადების პროცესში თავად ჩაერთონ და ტორტები თუ სხვა საკონდიტრო ნაწარმი, საკუთარი გემოვნებით შექმნან. კონცეპტუალურმა სივრცემ სატესტო რეჟიმში მუშაობა უკვე დაიწყო, ოფიციალურად კი 20 დეკემბერს გაიხსნება.
როგორც “სტუდიო 3.14”-ის თანადამფუძნებელმა, ეკატერინე დავითმღვდლიშვილმა BMGtv-ის გადაცემა “ქალების ნარატივში” საუბრისას აღნიშნა, სივრცეს საგანმანათლებლო დატვირთვაც აქვს. “სტუდიო 3.14” მსურველებს კულინარიულ მასტერკლასებსა და საკონდიტრო მიმართულებით ცოდნის შეძენა/გაღრმავებას სთავაზობს.
“სატესტოდ უკვე გავაკეთეთ მასტერკლასი, უფრო ზუსტად კი ვორქშოპი ბავშვებისთვის, რომლებსაც საშობაო ორცხობილების მოხატვა ვასწავლეთ. პროცესში მონაწილეობა 12-მდე ადამიანმა მიიღო. მშობლებიც რომ გავითვალისწინოთ, დაახლოებით 20-მდე ადამიანის ერთდროულად მიღება შეგვიძლია.
მომხმარებლებს ყველა სირთულის მასტერკლასს ვთავაზობთ, მათ შორის არის პროფესიული მასტერკლასიც, სადაც ყველა ტიპის დესერტის მომზადებას ვასწავლით, ჩიზქეიქით დაწყებული, ტორტით დამთავრებული. გვაქვს ასევე სარელაქსაციო მასტერკლასებიც, რაც მოიცავს დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ განტვირთვას, ჩვენთან ერთად დესერტების მომზადებას და შემდეგ დაგემოვნებას”, – ამბობს “სტუდიო 3.14”-ის თანადამფუძნებელი.
ეკატერინე დავითმღვდლიშვილის თქმით, პროფესიული მასტერკლასების ხანგრძლივობა ერთი თვით განისაზღვრება, სასწავლო დღეები კი პარასკევი, შაბათი და კვირაა. შესაბამისი კურსი 1500 ლარიდან 1800 ლარამდე იქნება ხელმისაწვდომი.
“რაც შეეხება ერთდღიან ან ორდღიან მასტერკლასებს, ამის ფასი იმის მიხედვით დადგინდება, თუ რა სირთულის დესერტის მომზადებას ვასწავლით. მაგალითად, ჩიზქეიქს მოსამზადებლად ორი დღე სჭირდება, შესაბამისად ამ დესერტის მასტერკლასიც ორი დღის განმავლობაში ჩატარდება და ფასი დაახლოებით 200-250 ლარით განისაზღვრება. აღსანიშნავია, რომ ეს პროცესი არა ერთი, არამედ რამდენიმე სახეობის ჩიზქეიქის შესწავლას მოიაზრებს”, – აღნიშნავს “სტუდიო 3.14”-ის თანადამფუძნებელი ეკატერინე დავითმღვდლიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ