22 სექტემბერს მილანში Vogue-ის მასშტაბური ღონისძიება Vogue World: Milano 2026 გაიმართა. შოუ მილანის მოდის კვირეულის პირველ დღეს, ქალაქის ისტორიულ Galleria Vittorio Emanuele II-ში ჩატარდა და მოდას, მუსიკას, კინოს, ცეკვასა და თანამედროვე ტექნოლოგიებს აერთიანებდა.


- Vogue World-ის მეხუთე ღონისძიების მთავარი თემა “ადამიანის შემოქმედება და ხელით შექმნილი ოსტატობა ტექნოლოგიების ეპოქაში” იყო. შოუ ხუთ ნაწილად დაიყო და იტალიის ისტორიის სხვადასხვა ეტაპი წარმოადგინა – რენესანსიდან ინდუსტრიულ რევოლუციამდე და მომავლის ხედვამდე.

- განსაკუთრებული ყურადღება ტექნოლოგიებისადმი მიძღვნილ ნაწილს დაეთმო, სადაც პოდიუმზე რობოტებიც გამოჩნდნენ. ამ ფორმით Vogue-მ ტრადიციული ხელოვნებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გაერთიანება წარმოაჩინა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ როგორც ცნობილი მოდელები, ისე მსახიობები, მუსიკოსები და სპორტსმენები. პოდიუმზე გამოჩნდნენ ჯიჯი ჰადიდი, ვიტორია ჩერეტი, ირინა შეიკი, ადრიანა ლიმა, ჰელენა კრისტენსენი, პალომა ელსესერი, ჯეი ბალვინი, ჯენიფერ ლოპესი, კარდი ბი, არინა საბალენკა და სხვა ვარსკვლავები.

Vogue World-ის ფარგლებში პოდიუმზე მატილდა გვარლიანიც გამოვიდა. აღსანიშნავია, რომ მატილდა 2025 წელს, ლოს-ანჯელესში გამართულ Vogue World: Hollywood-ზეც გამოჩნდა. ქართველი მოდელი Michael Kors-ის 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ლუქით გამოვიდა.

მილანის ღონისძიების სტუმრებს შორის იყო დემნა გვასალიაც, რომელიც Gucci-ს კრეატიული ხელმძღვანელის რანგში Vogue World-ის პირველ რიგში იმყოფებოდა.





