„ეს იქნება ის გაუთვალისწინებელი მოვლენა, რომელსაც არ ელოდება არჩევნების წინ არც „ქართული ოცნება“ და არც ოპოზიცია“ – რას გვიყვება სანდრო ბრეგაძე

ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება „ქართული მარშის“ ყოფილი ლიდერი, .
– ბატონო სანდრო, თქვენ განაცხადეთ, რომ „ქართული ოცნება“ ეროვნული თემებით აპელირებს. კონკრეტულად რას გულისხმობთ?
– მოდით, ყველაფერი პირდაპირ ვთქვათ. სამწუხაროა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ხდება ეროვნული თემების გამოყენება და ამას სპეკულაციური და მანიპულაციური ხასიათი აქვს იმ ძალების მიერ, რომელთაც არანაირი საერთო არ აქვთ არც ეროვნულობასთან, არც ქართველობასთან, არც ტრადიციონალიზმთან, არც კონსერვატიზმთან და საერთოდ, იმ ღირებულებებთან, რაც ძვირფასია ქართველი ერისთვის. ბატონმა მ, ბათუმში, „ქართული ოცნების“ ლიდერების შეხვედრაზე განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ დამსახურებაა, რომ ერთსქესიანთა ქორწინების აკრძალვის განსაზღვრა მოხდა კონსტიტუციაში და უცხოელებზე აიკრძალა ქართული მიწის გაყიდვაო. ეს სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. 2016 წელს, მამუკა მდინარაძე უკვე „ქართულ ოცნებაში“ იყო, მაგრამ პარტიის ერთ–ერთი ლიდერი ჯერ კიდევ არ იყო. გიორგი კვირიკაშვილი იყო პარტიის თავმჯდომარე. მაგ დროს, „რესპუბლიკური“ პარტია, სხვა, აქაური ლიბერალური პარტიები და არასამთავრობოები, უცხური ძალების მხარდაჭერით და ფინანსებით, ლობირებდნენ ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას. სერიოზული მხარდაჭერა იყო უცხოეთიდან, პირდაპირ გააფრთებით იბრძოდნენ, რომ მიზნისთვის მიეღწიათ. მაშინ საკანონმდებლო ბაზაში იყო ხარვეზი. ორგანული კანონით ქორწინება იყო ქალისა და მამაკაცის ერთობა, მაგრამ კონსტიტუციაში ეს არ იყო განსაზღვრული. თან, იმ დროს მიიღეს „ანტიდისკიმინაციული კანონი“, რომელიც წინააღმდგეგობაში მოდიოდა ამ ორგანულ კანონთან. აქედან გამომდინარე, არასამთავრობო ორგანიზაციებს აჩივლებინეს საკონსტიტუციო სასამართლოში, რომ ორგანული კანონი წინააღმდეგობაში მოდიოდა კონსტიტუცისთან. საკონსტიტუციომ წარმოებაში მიიღო არასამთავრობოთა სარჩელი. გაჩნდა საფრთხე, რომ ორგანულ კანონში ჩანაწერს გააუქმებდა სასამართლო, როგორც ანტიკონსტიტუციურს, რომ ერთსქესიანთა ქორწინება დაკანონებულიყო. ამას ლობირებდა „ქართული ოცნება“ და პრემიერი გიორგი კვირიკაშვილიც მოწადინებული იყო, რომ ეს მომხდარიყო. ამ დროს, ჩვენ, საინიციატივო ჯგუფი შევიკრიბეთ, 250 000 ხელმოწერა შევაგროვეთ, რათა რეფერენდიმის გზით, კონსტიტუციაში ჩაწერილიყო, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა. ეს ხელმოწერები მივიტანეთ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან და ხელი არ მოგვიწერა, მხარი არ დაგვიჭირა. შემდეგ უკვე „ქართულმა ოცნებამ“ დაგვიწყო ვაჭრობა, რომ საარჩევნოდ თუ ქულებს ჩავაწერინებდით, თუ თავად მიიწერდნენ ამას, მაშინ ხელს არ შეგვიშლიდნენ, კონსტიტუციაში ეს ჩანაწერი ასახულიყო. ჩვენთვის მთავარი არ იყო, ვინ მიიწერდა ამის გაკეთებას და კონსტიტუციაში ეს ჩანაწერი გაჩნდა და ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება ვეღარ მოახერხეს. ეს მოხდა „ქართული ოცნების“ დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად. მამუკა მდინარაძე არ მონაწილეობდა ამ პროცესებში, მაგრამ მისი პარტია, მისი პარტიის ლიდერები ხომ მონაწილეობდნენ? ეს რა, არ იცის? რასაც ებრძოდნენ, დღეს იმას საკუთარ დამსახურებად აცხადებენ, რისი დაკანონებაც სურდათ, დღეს აცხადებენ, რომ ის თავად აკრძალეს და ამისთვის მათ მადლობაც კი უნდა ვუთხრათ. ეს არის უტიფრობა და დიდი, უსინდისო ტყუილი.
მეორე საკითხი, რასაც იბრალებენ, უცხოელებზე ქართული მიწის გაყიდვის აკრძალვაა. „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში შემოიტანა კონსტიტუციაში შესწორებების პაკეტი. იქ, ერთ–ერთ კანონპროექტში ეწერა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სასოფლო–სამეუურნეო მიწის მიყიდვა ნებადართული იყო. „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა ლიდერებმა საერთო–სახალხო განხილვაზე გამოიტანეს ეს საკითხი ფილარმონიაში, მაშინ დარბაზმა ობსტრუქცია მოუწყო. მამუკა მდინარაძე მაშინ სცენაზე იყო, თავად იყო ამ ცვლილებების წარმდგენი და კარგად ახსოვს ყველაფერი. „ქართული მიწის დაცვის ჯგუფმა“ და „ქართულმა მარშმა“, ხალხის დიდმა პროტესტმა აიძულა ხელისუფლება ეს კანონპროექტი აღარ განეხილა და იძულებულნი გახდნენ კონსტიტუციაში ჩაეწერათ, რომ უცხოელებზე ქართული მიწის გაყიდვა აკრძალულია. ეს რომ არ გაეკეთებინათ, ბევრ მომხრეს კარგავდნენ, მიხვდნენ ამას. არც მე, არც სხვები აღარ ვაპირებთ, „ქართულ ოცნებას“, მის ლიდერებს მივცეთ საშუალება, ჩვენი გაკეთებული დაიბრალონ, წარმოჩინდნენ ეროვნულ, კონსერვატიულ ძალად. იფარისევლონ ისე, როგორც 12 წელი ფარისევლობდნენ, ეროვნულის ნაცვლად, ანტიეროვნულ საქმეებს აკეთებდნენ. მათ მიერ მიღებული „ანტიდისკრიმინაცული კანონის“ კონკრეტული მუხლების გამო, ძალიან ბევრი ცუდი რამ მოხდა ქვეყანაში. ამ კანონმა შებღალა ეკლესიის, რწმენის, მართლმადიდებელთა უფლებები. ფაქტობრივად, დააკანონა ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა ქვეყანაში და სხვა ბევრი უბედურებაც მოიტანა.
– სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მომავალი პატრიარქი პროევროპელი უნდა იყოსო. ბევრმა ეს ისე გაიგო, რომ პრეზიდენტი ილია მეორეს პრორუსად მიიჩნევს. ვფიქრობ, ძალიან რიყიო განცხადება იყო მისი მხრიდან.
არის „ტროას ცხენი“ ოპოზიციაში. მწვანე აქვს ანთებული, რაც უნდა აკეთოს, ვინც უნდა ლანძღოს, ამაზე პრობლემები არ შეექმნება. არჩევნების დროს, ზურაბიშვილი იქნება ოპოზიციის უპირობო ლიდერი. მისი ერთადერთი ფუნქციაა, რომ 2024 წლის არჩევნების მერე გამოვიდეს და განაცხადოს, რომ მიუხედავად დარღვევებისა, არჩევნები ჩატარდა ლეგიტიმურად. მერე უნდა მოუწოდოს ოპოზიციას, ქვეყნის სტაბილურობის აუცილებლობიდან გამომდინარე, შედით პარლამენტში და იქიდან განაგრძეთ ბრძოლა ხელისუფლებასთანო. ამას გააკეთებს ზურაბიშვილი, აღიარებს გაყალბებულ არჩევნებს. „ქართული ოცნება“ არჩევნებს რომ გააყალბებს, ამაში ეჭვი არავის ეპარება. ახლა ამბობენ, რომ 60 და 65% რეიტინგი აქვთ, მაგრამ აპირებენ, რომ არჩევნებზე დაიწერონ 55%. თან ზურაბიშვილს საკმაოდ სოლიდური გავლენა აქვს უცხოეთში, დასავლეთში და მის აზრს ანგარიშს უწევენ. სალომე ზურაბიშვილმა უნდა ააცილოს „ქართულ ოცნებას“ გაყალბებული არჩევნების შემდეგ ქუჩაში ხალხის გამოსვლა და ის პროცესები, რაც შეიძლება ამას მოჰყვეს. ის, როგორც ოპოზიციის ლიდერი, ზუსტად მაშინ განაცხადებს, არჩევნები ლეგიტიმური იყოო, როდესაც ხალხი ქუჩაში დაიწყებს შედეგების გაპროტესტებას და დასავლეთიდან დაიწყება ზეწოლა ხელისუფლებაზე, რომ არჩევნები გააყალბეს და მის შედეგებს არ სცნობენ. „ქართული ოცნების“ „მაშველი რგოლი“, მოტყუებულ ხალხში ანთებული ცეცხლის ჩამქრობი იქნება სალომე ზურაბიშვილი.
– ეს გასაგებია, მაგრამ რატომ დაუპირისპირდა სალომე ზურაბიშვილი პატრიარქს, ეკლესის და ასეულ ათასობით მორწმუნე მრევლს? რატომ გააკეთა მისთვის ასეთი წამგებიანი განცხადება?
–რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის მომავალ პატრიარქთან დაკავშირებულ განცხადებას, ეს იმისთვის სჭირდება, რომ ლიბერალური ოპოზიციის ლიდერად იქცეს. მისი ეს განცხადება არ ესიამოვნა საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს, მაგრამ ესიამოვნათ იმ ძალებს, რომლებიც მიმართულნი არიან საქართველოს ეკლესიის, საპატრიარქოს და მართლმადიდებლობის წინააღმდეგ. დღეს ზურაბიშვილს ამ ლიბერალური ძალების მხრდაჭერა სჭირდება. რეალობა არის ის, რომ სალომე ზურაბიშვილი ძალიან ოსტატურად თამაშობს ოპოზიციონერობას, რეალურად აკეთებს „ქართული ოცნების“ საქმეს და მე აღფროვანებული ვარ ამ ქალბატონის სამსახიობო ოსტატობით.
– თქვენ ბრძანეთ, რომ ძალიან მალე დაიწმინდება ყველაფერი და გამოჩნდება დიდი, ერთიანი ეროვნული ძალა. ვინ და როდის გამოჩნდება?
– ხელისუფლება ამ არჩევნებზე ითამაშებს ეროვნული და კონსერვატიული ძალის როლს, რადგან იცის, რომ ამ გზით მიიღებს ხმებს. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა, პერსონა, ჯგუფი, ორგანიზაცია იქნება თუ რაც და ვინც იქნებიან, რომლებიც თავს ჭეშმარიტად ეროვნულებად თვლიან, მოახერხებენ გაერთიანებას ერთიანი ეროვნული იდეის გარშემო და არ მისცემენ ფსევდო–ეროვნულ ძალებს ისარგებლონ, საქართველოს მოსახლეობის ნდობით. მე მაქვს ამის იმედი და წინაპირობა. დღეს, წინასწარ შეიძლება ვერაფერი ვთქვა ამის თაობაზე დადასტურებულად, მაგრამ ეს აუცილებლად მოხდება და აუცილებლად უნდა მოხდეს. ეს იქნება ის გაუთვალისწინებელი მოვლენა, რომელსაც არ ელოდება არჩევნების წინ არც „ქართული ოცნება“ და არც ოპოზიცია.
–ამის იმედი გაქვთ თუ გარკვეული ინფორმაციაც, რომ არჩევნებამდე ასეთი ძალა გამოჩნდება?
–არის ამის წინაპირობები. ჯერ მეტს ვერაფერს ვიტყვი.

ასევე დაგაინტერესებთ