„დღეს თბილისი ევროპის დედაქალაქია!” – პაატა ციკოლიას სიტყვა ჰაიდელბერგის თეატრალურ ფესტივალზე

„ახლა საქართველოში, თბილისში, ხდება რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი და ისტორიული, რამაც შეიძლება შეცვალოს საქართველოს ისტორია; რაღაც ძალიან დრამატული”, – ჰაიდელბერგის თეატრალურ ფესტივალზე სპექტაკლის „მედეა სეზონი 1, ეპიზოდი 6″ დასრულების შემდეგ, სპექტაკლის რეჟისორმა და პიესის ავტორმა პაატა ციკოლიამ მაყურებელს სიტყვით მიმართა:
ასიათასობით ადამიანი ქუჩაში დგას და გამოხატავს პროტესტს, ეს სამი კვირაა გრძელდება. ყოველ ღამე საქართველოს ახალი თაობა ფეხზე დგას საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით ხელში და იცავს ევროპულ ღირებულებებს.
ისინი გაიზარდნენ თავისუფალ საქართველოში; ქვეყანაში, რომელიც აღარ იყო დან მართული. მათ არ იციან როგორი იყო ცხოვრება იქამდე. ჩემს და სხვა თაობებს გვახსოვს როგორი იყო რუსული მმართველობა. მიჩვეული ვიყავით თაღლითობას და ტყუილს, ჩვენთვის, ვინც გაიზარდა და იცხოვრა საბჭოთა კავშირში, ტყუილი ყოველდღიურობა იყო. გვეგონა ასე ლაპარაკობდნენ ადამიანები: ამბობდნენ ერთს, გულისხმობდნენ მეორეს და აკეთებდნენ მესამეს. ახალ თაობას ეს არ ესმის, მათ არ შეუძლიათ ტყუილის თქმა.
როცა ჩვენმა მთავრობამ საპარლამენტო არჩევნების წინ (რომელიც ამ წლის ოქტომბერს უნდა ჩატარდეს) გადაწყვიტა შემოეტანა კანონები, რომლებიც არჩევნების მოპარვაში დაეხმარებოდა, დაეხმარებოდა კიდევ ერთხელ უარეყო ხალხის ნება და უკან შეეთრია საქართველო რუსეთში, ყველა გარეთ გამოვედით და ვცდილობთ დავიცვათ ჩვენი თავისუფლება. ვცდილობთ დავამტკიცოთ, რომ ვართ ევროპული სახელმწიფო.
ვიბრძოლებთ და მოვიგებთ ამ ბრძოლას! ეს არის საბოლოო ბრძოლა თავისუფლებისთვის; საბოლოო ბრძოლა იმპერიის გასანადგურებლად. ჩვენ ვერ დავნებდებით, რადგან თუ ისინი ახლა ამ ბრძოლას მოიგებენ, საქართველო ისევ და მრავალი წლით შეწყვეტს არსებობას. დღეს თბილისი ევროპის დედაქალაქია! დღეს ჩვენ ვიბრძვით ევროპული ღირებულებებისთვის და ამ ბრძოლას მოვიგებთ! რუსეთი დამარცხდება, საქართველოს მოქალაქეები კი იპოვიან სახლს ევროპულ ოჯახში.
არა რუსულ კანონს! არა რუსულ ძალადობრივ სახელმწიფოს!”, – ასე დაასრულეს სიტყვა პაატა ციკოლიამ და სპექტაკლის მსახიობებმა, რომლებსაც სცენაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები ჰქონდათ გამოტანილი.

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა: საქართველოს პრეზიდენტის ვეტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე წინ მიმავალ გზას ხსნის – ესტონეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიონ კანონი