ზაზა ფირალიშვილი: წუხანდელმა ღამემ დამანახა, რომ ცოცხლები ვართ, რომ მოვიდა თაობა, რომელსაც აქვს ნება, ჩვენი, უფროსი თაობის ტვინებში ჩასახლებული საბჭოთა ჯოჯოები განდევნოს

“ქრისტე აღდგა!
წუხანდელი ღამე ჩემთვის უდიდესი იყო ყველა იმ სააღდგომო ღამეთა შორის რომელსაც შევსწრებივარ. ახალგაზრდებმა დაგვანახეს, რომ ისინი არც იმათ ჭკუაზე აპირებენ სიარულს, ვისთვისაც მოსკოვი მესამე რომია და არც იმათ ჭკუაზე, ვისთვისაც რწმენა ლიბერალიზმს და ევროპულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება. მათ, თურმე, სცოდნიათ, როგორ უნდა გამოხატო, რომ თუ რწმენაში თავისუფალი, იმედით სავსე და სხვების მოყვარული არ ხარ, ქრისტიანი ვერ იქნები.
მათ ისიც დაგვანახეს, რომ მათ ტრიადაში შემთხვევით არ გაჩენილა სიტყვა „ერთობა“ და ერთად ზეიმისაკენ მოგვიწოდეს. გვსურს თუ არა, ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიცხოვროთ და უნდა ვისწავლოთ ეს.
ვიცი, რომ რთული გზა ელით. დიდი სიხარულიც ექნებათ და შეცდომებიც. სხვაგვარად არ ხდება. მტერსაც არ ძინავს და კაბინეტებში ჩაკეტილი ახალ ბოროტ ხრიკებს იგონებს, რათა წუხანდელი სიხარულით არ გაგვახაროს. მისთვის ყველაზე მძიმე რამ მოხდა: ქართულმა საზოგადოებამ, მიუხედავად შეცდომებისა, მიუხედავად ათწლეულების განმავლობაში დაგებული ბოროტი მახეებისა, ახალი, თავისუფალი თაობა შვა. წვრილფეხა პროპაგანდისტების წამოძახილები და დაცინვა არაფერია იმასთან შედარებით, რაც წუხანდელი ღამით გაბოროტებულს შეუძლია. ესეც უნდა ვიცოდეთ.
და მაინც, წუხანდელმა ღამემ დამანახა, რომ ცოცხლები ვართ, რომ მოვიდა თაობა, რომელსაც აქვს ნება, ჩვენი, უფროსი თაობის ტვინებში ჩასახლებული საბჭოთა ჯოჯოები განდევნოს და თავისუფლებითა და რწმენით სავსე სამყარო შექმნას. რა შეიძლება ამაზე ქრისტიანული იყოს?
ქრისტე აღდგა!” – წერს სოციალურ ქსელში ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი.