ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დიდ ბრიტანეთში საპარლამენტო არჩევნები დაიწყო

დიდ ბრიტანეთში მიმდინარეობს პარლამენტის არჩევნები, რომელიც, დიდი ალბათობით, დაასრულებს კონსერვატორების ზედიზედ 14-წლიან მმართველობას და ხელისუფლებაში ლეიბორისტები დაბრუნდებიან.
საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 07:00 საათზე გაიხსნა და 22:00 საათზე დაიხურება. ბრიტანელები თემთა პალატის 650 წევრს აირჩევენ.
BBC-ის ინფორმაციით, კენჭისყრის დღემდე ჩატარებული ყველა გამოკითხვა აჩვენებს, რომ კონსერვატიული პარტია დაახლოებით 100 მანდატს მიიღებს, მაშინ, როცა წინა, 2019 წლის არჩევნების შედეგად თემთა პალატაში 345 წევრი ჰყავდა. წინასწარი გამოკითხვებით, 4 ივლისის არჩევნების შედეგად ლეიბორისტულმა პარტიამ შესაძლოა, 400-ზე მეტი მანდატი მოიპოვოს.
საპარლამენტო არჩევნების წინ ლეიბორისტების ლიდერის, კირ სტარმერის რეიტინგი 44% იყო, ხოლო კონსერვატორთა ლიდერის, პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკის - 23%. ლეიბორისტული პარტიის მიერ თემთა პალატაში უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში სტარმერი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი გახდება.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა 22 მაისს გამოაცხადა გადაწყვეტილება საპარლამენტო არჩევნების 4 ივლისს ჩატარების შესახებ.
ბრიტანელი ანალიტიკოსები, რომლებიც არჩევნების შემოდგომაზე ჩატარებას ვარაუდობდნენ, საპარლამენტო არჩევნების ივლისში დანიშვნას უკავშირებდნენ სუნაკის მცდელობას, კონსერვატორების სასარგებლოდ გამოეყენებინა ქვეყნის გაუმჯობესებული ეკონომიკური მდგომარეობა და ინფლაციის შემცირება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.