არასამთავრობო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი იუსტიციის მინისტრს წერილით მიმართავს და განმარტებას სთხოვს, რატომ ვერ ხერხდება მიხეილ სააკაშვილთან უკრაინის სახალხო დამცველის შეშვება

არასამთავრობო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების ნაწილმა იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს ოფიციალური წერილით მიმართა, რითაც ითხოვს, სამინისტრომ ახსნას, რატომ ვერ ხერხდება უკრაინის სახალხო დამცველის შეშვება პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან კლინიკა „ვივამედში“.
წერილის წარმდგენი არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, არის უკრაინის მოქალაქე, შესაბამისად აღნიშნულ კითხვაზე პასუხს სამართლებრივად ითხოვენ.
„მარტში ვიმყოფებოდი კევში. შეხვედრა მქონდა უკრაინის სახალხო დამცველთან. გამომატანა უამრავი დოკუმენტი მიმართვების შესახებ. ასევე, საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი იმყოფებოდა 2023 წლის მაისში ში და ერთ-ერთ კონფერენციაზე შეხვდა ლუბინეცს. ბატონმა ლუბინეცმა უთხრა, რომ იქნებ მიშუამდგომლოთ, იმიტომ, რომ ვერ გავიგეთ, ქართული მხარე რას გვეუბნებაო. უკრაინის ომბუდსმენმა ვერ გაიგო, რატომ ვერ ჩამოდის საქართველოში და ვერ ნახულობს პრეზიდენტ სააკაშვილს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის პოლიტიკური შურისძიება, ხელოვნურად ჭიანურდება. ამიტომ მოვედით რატი ბრეგაძესთან ოფიციალური მიმართვით, ველოდებით, თუ რას გვეტყვის. რამე თუ არის გამოსასწორებელი, უკრაინული მხარე მზად არის გამოასწოროს“, – განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდები ევროპული მომავლის“ წარმომადგენელმა მანანა ანდღულაძემ.
იუსტიციის მინისტრისადმი წერილით მიმართვას უერთდება სამოქალაქო საზოგადოების წევრი, ივერი მელაშვილი.
„წერილი აგებულია პოლიტპატიმარ მიხეილ სააკაშვილის უფლებებზე. საქართველოში არ უნდა იყოს პოლიტპატიმარი, არ უნდა ირღვეოდეს ადამიანის უფლებები. აქცენტი არის გაკეთებული ყველა იმ ცივილურ მოთხოვნაზე, რომელიც ყოფილ პრეზიდენტს ეხება”, – განაცხადა მელაშვილმა.
წერილს უერთდება პოლიტოლოგი ნიკა ჩიტიძეც. მისი განცხადებით, მთავარი პრობლემა არის ის, რომ როდესაც უკრაინის ომბუდსმენის სამსახურმა მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, სამინისტრომ პასუხიც არ გასცა უკრაინის ომბუდსმენს.
„აქ ნათლად ჩანს, რომ იუსტიციის სამინისტროს არაფერი აქვს ასახსნელი, არ აქვს საფუძველი განაცხადოს ის, რომ უკრაინის ომბუდსმენს უფლება არ აქვს შევიდეს და მოინახულოს მესამე პრეზიდენტი, ამიტომ როდესაც არ არსებობს საფუძველი უარი უთხრან უკრაინის ომბუდსმენს, მიმართეს იგნორირების ტაქტიკას. რეალობა კი ის არის, რომ მიხეილ სააკაშვილის საკითხი განიხილება ევროპარლამენტის ფარგლებში”, – განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.