ალვინო: ოსიმენმა ახალ კლუბთან კონტრაქტი უკვე გააფორმა
"ნაპოლის" ფორვარდმა ვიქტორ ოსიმენმა ახალ კლუბთან კონტრაქტი უკვე გააფორმა, ამის შესახებ ინფორმაციას აურელიო დე ლაურენტისთან დაახლოებული ჟურნალისტი კარლო ალვინო ავრცელებს.
ალვინოს თქმით, მას ამჟამად კლუბის დასახელება არ შეუძლია, თუმცა აღნიშნავს, რომ "ნაპოლი" ნიგერიელის ტრანსფერიდან 120 მილიონ ევროს მიიღებს.
"ოსიმენმა ახალ კლუბთან უკვე ყველაფერი შეათანხმა, სხვათა შორის, ეს ყველაფერი აურელიო დე ლაურენტისთან ერთად მოხდა.
ვიქტორი "ნაპოლის" მხოლოდ 120 მილიონი ევროს სანაცვლოდ დატოვებს, ფასის შემცირება შეუძლებელია.
კლუბი რომ დავასახელო, ეს უადგილო იქნება, რადგან ოსიმენმა ახლა მხოლოდ "პარტენოპეიზე" უნდა იფიქროს", - განაცხადა ალვინომ
Radio Goal-თან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, ოსიმენმა მიმდინარე სეზონში "ნაპოლის" რიგებში 24 მატჩი გამართა, თავი კი 13 გატანილი გოლითა და 4 შედეგიანი პასით გამოიჩინა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.