თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე სახელმწიფო ქონება „სითი დეველოპმენტმა“ ₾3 მილიონად იყიდა.
ჭავჭავაძის გამზირზე 49ა-ში მდებარე 9 200 კვადრატულ მეტრზე მეტი მიწა და მასზე განთავსებული შენობები 3 005 000 ლარად „სითი მოლის“ მფლობელმა კომპანიამ 13 თებერვალს აუქციონის გზით იყიდა.
საპრივატიზებო არეალი მათ შორის სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ ოფისსაც მოიცავს, რომელიც ჭავჭავაძის №49ა-ში მდებარეობს. როგორც ბრძანებიდან ირკვევა, სააგენტო გარკვეული პერიოდით კვლავ გააგრძელებს შენობით სარგებლობას. მყიდველი კი ვალდებულია მინიმუმ 5 წელი ქონების სააგენტოს მხრიდან უძრავი ქონების უსასყიდლოდ სარგებლობა უზრუნველყოს.
„ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ ამ ბრძანების დანართი N1-ით გათვალისწინებული, მის სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების გამოთავისუფლებიდან 48 (ორმოცდარვა) თვის ვადაში, რეგისტრირებული უძრავი ქონების ან მისი ნაწილის განვითარების (რაც მოიცავს (მაგრამ შესაძლოა, არ შემოიფარგლებოდეს) ამავე ქონებაზე ან მის ნაწილზე სამშენებლო/სარემონტო სამუშაოების (რაც შესაძლოა, მათ შორის, მოიცავდეს უძრავი ქონების ან მისი ნაწილის შესაბამისი კომპეტენტური ორგანო(ები)ს თანხმობით განხორციელებულ დემონტაჟს) განხორციელებას) მიზნით, პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით, არანაკლებ 20 000 000 (ოცი მილიონი) აშშ დოლარის (დამატებული ღირებულების გადასახადის გათვალისწინების გარეშე) ოდენობის ინვესტიციის განხორციელება“, – წერია ბრძანებაში.
კომპანია „სითი დეველოპმენტის“ მფლობელი „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიაა”, რომელიც ბიზნესმენ მინდია საბანაძეს ეკუთვნის.
