USAID-ისა და „საქართველოს ბანკის“ ინიციატივით, ბიზნესასოციაციები და კლასტერები სრულად აღჭურვილი 4B სივრცეებით უფასოდ ისარგებლებენ

USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა, „საქართველოს ბანკთან“ თანამშრომლობით, სექტორული ბიზნეს ასოციაციებისა და კლასტერებისთვის ინოვაციურ ინიციატივას იწყებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ექნებათ შესაძლებლობა, „ს“ 4B-ის ორივე ფილიალში (ალ. ყაზბეგის გამზ. N15 და გუდიაშვილის ქ. N2) სრულად აღჭურვილი შეხვედრებისა თუ მასშტაბური ღონისძიებების სივრცეებით უფასოდ ისარგებლონ,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.
ბანკის პრესსამსახურის ცნობით, ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციებისთვის ოფიციალური შეხვედრის ფარგლებში ინიციატივა ოფიციალურად უკვე წარადგინეს, სადაც „საქართველოს ბანკის“ წარმომადგენლებმა პროექტის მონაწილე 11 ასოციაციასა და კლასტერს 4B სივრცეების სპეციფიკა და განლაგება შემოთავაზებული უპირატესობები, სივრცეების გამოყენების წესები და პროცედურები გააცნეს. შეხვედრას USAID – ის დელეგაციის, „საქართველოს ბანკისა“ და სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კომპანიის ცნობით, 4B სრულიად ახალი კონცეფციის მქონე ბიზნეს სივრცეს წარმოადგენს, რომელიც ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო ყველა სერვისს აერთიანებს. აქამდე 4B სივრცეების განსაკუთრებული პირობებითა და შეთავაზებებით სარგებლობა მხოლოდ „საქართველოს ბანკის“ პარტნიორ, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს შეეძლოთ.
აღნიშნული სტრატეგიული თანამშრომლობა მიზნად ისახავს ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციების (BSO) ხელშეწყობას და ინსტიტუციური და ფინანსური მდგრადობის გაძლიერებას, რაც ასოციაციებსა და კლასტერებს დაეხმარება, არსებული წევრების საჭიროებებს ეფექტურად უპასუხონ და ახალი პარტნიორები მოიზიდონ. ასევე, შექმნან დამატებითი შესაძლებლობები მთლიანად სექტორის კონკურენტუნარიანობის გაზრდისთვის. საპილოტე ეტაპზე, ინიციატივა მორგებულია USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის პარტნიორი და ბენეფიციარი ასოციაციებისა და კლასტერების საჭიროებებზე.
„ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციებისთვის, ჩვენმა პროგრამამ ოთხწლიანი „ორგანიზაციაზე მორგებული მხარდაჭერის პროგრამა (OCAP)“ განახორციელა, და საბოლოოდ, ხელი შევუწყვეთ 21 ორგანიზაციის განვითარებას, ანალიტიკის, სწავლების, მენტორობისა და საგრანტო კომპონენტის გამოყენებით. „საქართველოს ბანკთან“ პარტნიორობით, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა დამატებით სერვისებს ვთავაზობთ BSO-ებს, რათა კიდევ უფრო გავამყაროთ ბიზნეს ასოციაციებისა და კლასტერების პოზიციონირება და მათ მოიტანონ უფრო მეტი სასიკეთო ცვლილება იმ სექტორებისთვის, რომლებსაც ისინი წარმოადგენენ“, – განაცხადა USAID – ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის წარმომადგენელმა ნათია კაციაშვილმა.
„USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან ერთად, 2021 წლიდან არაერთ პარტნიორულ ინიციატივას ვახორციელებთ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის, მათ შორის: BizLink Clinic, B2B ფორუმები, სავაჭრო მისიები. ამჯერად, მხარს ვუჭერთ ბიზნეს ასოციაციებსა და კლასტერებს, ისარგებლონ 4B სივრცის სერვისებით. 4B ფილიალებში მათ შესაძლებლობა ექნებათ, დაჯავშნონ და ისარგებლონ სამუშაო სივრცეებით, დაგეგმონ შეხვედრები, დაესწრონ სხვადასხვა, მათთვის საინტერესო ღონისძიებას, შეხვდნენ დარგის ექსპერტებს და მათთვის სასარგებლო ბიზნეს რჩევები მიიღონ. ასევე, ისარგებლონ პარტნიორი კომპანიების მიერ მათთვის შექმნილი სპეციალური შეთავაზებებით“,- განაცხადა „საქართველოს ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების დეპარტამენტის დირექტორმა რუსუდან ბარათაშვილმა.
„ჩვენი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ჩვენს წევრებთან რეგულარულად გვაქვს შეხვედრები და ტრენინგები, ასევე ვატარებთ ბორდის შეხვედრებს და ასეთი ტიპის სივრცეების, განსაკუთრებით ამფითეატრის დარბაზის გამოყოფის შესაძლებლობა, ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება იქნება ჩვენთვის. USAID – ის პროგრამასთან ბევრი მნიშვნელოვანი ინიციატივა და აქტივობა გვაკავშირებს, გვახარებს რომ კორპორაციული გაყიდვების ხელშეწყობისთვის და პროდუქტის გაყიდვების კუთხით, „საქართველოს ბანკთანაც“ ვიწყებთ თანამშრომლობას და ვფიქრობ, მსგავსი წახალისებები ერთიანობაში ძალიან გაზრდის და დაეხმარება ჩვენს ორგანიზაციას ზრდასა და წინსვლაში“, – განაცხადა, საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ანა შანშიაშვილმა.