გირაოთი გაათავისუფლეს მასწავლებელი, რომელიც კოლეგას სექსუალურ ურთიერთობას სთხოვდა – პროკურატურა

ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ არ გაითვალისწინა პროკურატურის შუამდგომლობა და ორიათასლარიანი გირაოთი გაათავისუფლა სკოლის მასწავლებელი, რომელიც კოლეგას სექსუალურ ურთიერთობას სთხოვდა. შემთხვევა თერჯოლის რაიონის ერთ-ერთი სოფლის საჯარო სკოლაში ხდებოდა.
„ბრალდებული დაზარალებულს დაჟინებით სთხოვდა სქესობრივ ურთიერთობას და კატეგორიული უარის მიუხედავად, მასთან დაახლოების მცდელობებს მაინც განაგრძობდა“, – წერია პროკურატურის განცხადებაში.
მასში ასევე აღნიშნულია, რომ კოლეგის ამ ქცევის გამო მასწავლებელი იძულებული გახდა ხანგრძლივი უხელფასო შვებულება აეღო. პედაგოგს ბრალი წაუყენეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ადევნება, რამაც დაზარალებულის ფსიქიკური ტანჯვა და ძალადობის გამოყენების შიში გამოიწვია).
პროკურატურა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.

ასევე დაგაინტერესებთ

ოთარ შამუგია: მადლობა მინდა გადავუხადო FAO-ს და ავსტრიის მთავრობას, კერძოდ, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობას (ADC) წლების განმავლობაში გაწეული მხარდაჭერისა და პარტნიორული თანამშრომლობისთვის