“ამაზე დათანხმება ნიშნავს, რომ მონობაზე ხარ თანახმა” – ლელა გაფრინდაშვილი რუსულ კანონზე

ფილოსოფოსი და სოციოლოგი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ლელა გაფრინდაშვილი “ქართული ოცნების” მიერ ერთი წლის წინ დადებული პირობის დარღვევას და რუსული კანონის ხელმეორედ დაინიციირებას “წინასაარჩევნო ფანდად” აფასებს.
ის ფიქრობს, რომ მმართველ პარტიას სულ ელექტორატის დარწმუნება, რომ “თვითონ არიან პატრიოტები და რაღაც ძალიან მნიშვნელოვან საშინელებას უნდა გადაარჩინონ მოქალაქეები და სახელმწიფო”.
თუმცა, სოციოლოგისთვის ცხადია, რომ წინააღმდეგობა, რომელიც ამ კანონის ისევ დღის წესრიგში დაყენებით საზოგადოებაში გაჩნდა, ხელისუფლებას არ წაადგება. უფრო მეტიც, გაფრინდაშვილის ფიქრობს, რომ კანონის მიღების შემთხვევაშიც კი არ გაჩერდება წინააღმდეგობა. ამიტომ, ვარაუდობს, რომ რუსული კანონის ხელმეორედ დაინიციირება, შესაძლოა, იყოს ხელისუფლების მხრიდან “გარე დავალების შესრულება”.
“მგონია, რომ წინასაარჩევნო ფანდებთან გვაქვს საქმე. მეორე მხრივ, დაუჯერებელია, რომ ხელისუფლებაში ვერავინ ხედავდეს სინამდვილეში რა პროცესის დაწყება შეუძლია ამ კანონს ქვეყანაში – როგორც საზოგადოებაში, ისე პოლიტიკურ ველზე: დაძაბულობა, განხეთქილება, ურთიერთდაპირისპირება და პოლარიზაცია, რაც ისედაც არ გვაკლია. რა მიზანი უნდა იყოს ისეთი, რომელიც, ღირდეს ამის გაკეთებად?! ამიტომ, მგონია, რომ ხელისუფლება იქცევა არა დამოუკიდებლად, თავისი შეხედულებისამებრ, არამედ ასრულებს რაღაც დავალებას. არ მგონია, რომ ისინი იყვნენ დამოუკიდებლები ამ კანონის ხელახლა ინიციირებაში”, – ამბობს ლელა გაფრინდაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას.
სოციოლოგი ამბობს, რომ კანონი, რომელიც “გაამძაფრებს სოციალურ, სამოქალაქო, პოლიტიკურ დაპირისპირებებს და იწვევს შიდასაზოგადოებრივ დაპირისპირებას” ვერ გააჯანსაღებს საზოგადოებას. მით უმეტეს, რომ საბაბი, რასაც ხელისუფლება მისი მიღების საჭიროებად ასახელებს – გამჭვირვალობა – არალეგიტიმურია. ლელა გაფრინდაშვილი, რომელიც თავმჯდომარეა არასამთავრობო ორგანიზაციისა “ქალების ინიციატივა თანასწორობისთვის”, ამბობს, ორგანიზაციების ფინანსური დანახარჯების შესახებ ისედაც ავსებენ დეკლარაციებს.
“მე კვლევით ორგანიზაციას ვხელმძღვანელობ. განმანათლებლობის კვლევაში და ქალთა საკითხების კვლევაში გერმანელები მეხმარებიან ფინანსურად. ეს არ ნიშნავს გერმანიის ინტერესების გატარებას. როგორ შეიძლება, რომ ორგანიზაცია, რომელიც ფინანსდება ქართული საქმის გასაკეთებლად, საქართველოში ისტორიული ფაქტების კვლევისთვის, სხვა ქვეყნის საქმეს აკეთებდეს? მე პირადად და ყველა, ვინც საკუთარ თავს, საკუთარ ქვეყანას და საზოგადოებას პატივს სცემს, არასოდეს არ დავრეგისტრირდები უცხო ქვეყნების ინტერესების გამტარებლად. ეს არის გამორიცხული. მე ვფიქრობ, ამაზე დათანხმება ნიშნავს, რომ მართლა მონობაზე ხარ თანახმა და იმაზე, რომ ვისაც როდის მოუნდება გაგაჩუმებს. ასე მოიქცევა ყველა თავმოყვარე ორგანიზაცია. წინააღმდეგობები იქნება და შეუძლებელია ვერ ხედავდნენ [“ქართული ოცნება”]”, – ამბობს გაფრინდაშვილი.
მისი შეფასებით, სამოქალაქო საზოგადოების დემონიზებით, ხელისუფლებას კრიტიკული აზრის ჩახშობა უნდა – “როგორც ეს მოხდა რუსეთში”.
კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც, ლელა გაფრინდაშვილისთვის რუსული კანონი მიუღებელია, არის ის საფრთხე, რასაც მისი მიღება ქვეყნის ევროინტეგრაციის პერსპექტივას უქმნის.
ამავე თემაზე:
· „30 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ სხვა მხარეს მივდივართ“ — თედო ჯაფარიძე
· „ეს არის თაღლითობა და შულერობა“ — ირა ჭელიძე რუსული კანონის შემობრუნებაზე
· რას ურჩევდა პრემიერის კონსულტანტი „ოცნებას“ რუსულ კანონზე
2023 წლის 7-9 მარტის მოვლენების შემდეგ, როცა ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების გამო “ქართულმა ოცნებამ” თავისივე მხარდაჭერილი კანონპროექტი ჩააგდო, პირობაც დადო, რომ რუსულ კანონი დღის წესრიგში აღარასდროს დაბრუნდებოდა. მმართველმა პარტიამ ეს პირობა ერთ წელში დაარღვია და 2024 წლის აპრილში იგივე კანონი, განსხვავებული სახელწოდებით, კვლავ დააინიციირა.
ყველა საერთაშორისო პარტნიორის კრიტიკისა და ქვეყნის შიგნით მოქალაქეთა პროტესტის მიუხედავად, 17 აპრილს საპარლამენტო უმრავლესობამ კანონი პირველი მოსმენით მიიღო. ერთ კვირაზე მეტია მოქალაქეები პარლამენტის შენობასთან რუსული კანონის გასაპროტესტებლად იკრიბებიან და მრავალათასიან აქციებს აწყობენ.
რუსული კანონი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის -ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, “უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.
მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან.

ასევე დაგაინტერესებთ

ურსულა ფონ დერ ლაიენი – დარწმუნებული ვარ, სი ძინპინი გააგრძელებს მნიშვნელოვანი როლის შესრულებას რუსეთის მიერ წარმოქმნილ ბირთვულ საფრთხეებთან დაკავშირებული დაძაბულობის დეესკალაციაში