გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: დასავლური ცივილიზაციის მომავალი და საქართველო
გიორგი თარგამაძის განცხადებით, მარკო რუბიოს გამოსვლა ადასტურებს, რომ დასავლური ალიანსები სუვერენიტეტის დაცვას ემსახურება, მაშინ როცა ივანიშვილის ხელისუფლება დასავლეთისგან ჩამოშორებით საქართველოს რუსეთის წინაშე დაუცველს ტოვებს.

დასავლეთი ეროვნულ იდენტობას გვართმევს, ტრადიციებს გვინგრევს და სუვერენიტეტს გვიზღუდავს - წლების განმავლობაში ამტკიცებს ქართულად მოლაპარაკე რუსული პროპაგანდა. ამ კვირაში, ათენში, პართენონის ფონზე, ამერიკის სახელმწიფო მდივანმა დასავლეთის გასაძლიერებლად პრიორიტეტებად სწორედ ეროვნული ინტერესების, კულტურული იდენტობისა და სუვერენიტეტის დაცვა დაასახელა. საინტერესო უხერხულობაა მათთვის, ვინც საქართველოს რუსეთთან დაახლოებას ამერიკული კონსერვატიზმის სახელითაც გვთავაზობს.
მარკო რუბიოს გამოსვლა ამერიკის დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობის ხედვის კონცეპტუალური განაცხადია, ყოველ შემთხვევაში ეს ასეა წარმოჩენილი ოფიციალურად და რამდენად თანმიმდევრული არის იქნება ტრამპის ადმინისტრაცია ამ პრინციპებისა და ღირებულებების ერთგულებას - ცალკე განსჯისა და საუბრის თემაა: დასავლეთის უპირატესობა თავისთავადი მოცემულობა არ არის. ცივილიზაცია, რომელიც საკუთარ საფუძვლებს შორდება, თანდათან მომავლის შექმნის უნარსაც კარგავს.
,,..დროთა განმავლობაში ჩვენ, დასავლეთში, საკუთარი განსაკუთრებულობის განმსაზღვრელი თვისებების გამო სირცხვილის გრძნობა გაგვიჩნდა. გვრცხვენოდა, რომ ჩვენი მიღწევები მსოფლიოს სხვა ქვეყნებისგან გამოგვარჩევდა. ჩვენი კეთილდღეობა რატომღაც დანაშაულის განცდის წყაროდ იქცა.
აღარ გვჯეროდა, რომ ჩვენი დიდება დავიმსახურეთ და საკუთარი ძალისხმევით მოვიპოვეთ.
სიტყვა "ნაციონალიზმი" ბინძურ სიტყვად იქცა.
ამიტომ დავანგრიეთ ჩვენი ძეგლები, დავგმეთ საკუთარი ისტორია და ბევრ ადგილას ბავშვებს ვასწავლიდით, შერცხვენოდათ იმ ქვეყნების, რომელთა მემკვიდრეებიც უნდა გამხდარიყვნენ.“
რუბიოს აღწერით, დასავლეთი შეასუსტა საკუთარი ისტორიის მიმართ უნდობლობამ, წარმოების სხვაგან გადატანამ, თავდაცვის უგულებელყოფამ და ეროვნული მნიშვნელობის გადაწყვეტილებების საკუთარ კონტროლს მიღმა მოქცევამ. ამ დროს მისმა მეტოქეებმა ძალა და გავლენა გაზარდეს. ამის საპასუხოდ ამერიკა წარმოების, თავდაცვისა და ტექნოლოგიური ლიდერობის აღდგენისთვის ევროპასთან ალიანსის გაძლიერებაში ხედავს.
ამ ხედვის საფუძვლად რუბიო ბერძნულ-რომაულ და ქრისტიანულ მემკვიდრეობას ასახელებს: შემეცნების წყურვილს, პიროვნულ ინიციატივას, შეჯიბრებითობას, ღირსებასა და მოვალეობას. სიტყვის ბოლოს კი დემოკრატიის, თავისუფალი დებატისა და აზრთა კონკურენციის ტრადიციას შეგვახსენებს.
საქართველოსთვის ეს საუბარი შორეული ცივილიზაციის ოჯახური თათბირი არ არის. ეს ჩვენი უსაფრთხოების, სახელმწიფოებრიობისა და კულტურული კუთვნილების საკითხია.
ძლიერი ქვეყანა დასავლეთის დასუსტების შემთხვევაშიც ეცდება და შეძლებს საკუთარი თავის დაცვას. პატარა, ოკუპირებული და გეოპოლიტიკურად მოწყვლადი საქართველოსთვის თავისუფალი სამყაროს უკან დახევა გაცილებით მძიმე და არსებობისთვის საშიში საფრთხეა: ამ პირობებში იზრდება დასუსტების გზაზე მდგარი, მაგრამ იმ იმპერიული ამბიციის მტრული წარმონაქმნის შესაძლებლობები, რომელმაც ჩვენი მიწა მიიტაცა და ჩვენი დამოუკიდებლობა დღემდე დროებით გაუგებრობად მიაჩნია.
ჩვენ გვჭირდება დასავლეთი, რომელსაც საკუთარი პრინციპების დაცვა შეუძლია. მშვიდობასაც სწორედ ასეთი ძალა სჭირდება - სამართლიანი წესრიგის დამცველი და აგრესორის შემაკავებელი. განიარაღებული სუბიექტის პაციფისტურ სურვილს, რომ ომი აღარ იყოს, აგრესიული ოკუპანტი არათუ შემაკავებელ ფაქტორად ვერ აღიქვამს - მოქმედების მადას უღვივებს.
,,.. მიუხედავად მათი მაღალი იდეალებისა, ანტიკური ბერძნები გულუბრყვილოები არ იყვნენ.
მათ ესმოდათ, რომ სახელმწიფოებს საკუთარი ინტერესები აქვთ. ესმოდათ, რომ სახელმწიფო მართვა წინდახედულობასა და დიპლომატიას მოითხოვს.
მაგრამ მათ ისიც იცოდნენ, რომ აუცილებელია ძალის გამოყენების უნარი მაშინ, როდესაც წინდახედულობა და დიპლომატია მარცხს განიცდის.
მათ ესმოდათ, რომ ძალაუფლებისთვის საკმარისი არ არის მხოლოდ თავდაცვის საშუალებების ფლობა. აუცილებელია მოწინააღმდეგეს სჯეროდეს, რომ საჭიროების შემთხვევაში ამ ძალას ნამდვილად გამოიყენებ“ - მოვისმინეთ პართენონის ფონზე მდგარი თავისუფალი სამყაროს ლიდერი ქვეყნისგან.
დასავლეთთან ჩვენი კავშირიც მხოლოდ დახმარების მოლოდინი არ არის. ქართული კულტურის ეთიკურ საფუძვლებში ღრმადაა ჩაბეჭდილი პიროვნული ღირსება, სიტყვის ერთგულება, თავისუფლების სიყვარული და სამშობლოს წინაშე პასუხისმგებლობა. საკუთარი ქვეყნის დასაცავად თავგანწირვა ჩვენთვის უცხო ცივილიზაციისგან ნასესხები იდეა არ არის.
სწორედ აქ ჩანს ივანიშვილის კონსერვატიზმის ფარისევლობა.
ტრადიციის დაცვად ვერ ჩაითვლება ისეთი წესრიგის დამკვიდრება, სადაც მოქალაქის ღირსება მორჩილებით იზომება, სიმართლის თქმა ისჯება, კონკურენტი მტრად ცხადდება, ხოლო სახელმწიფოს ინტერესს ერთი კაცის ძალაუფლება ენაცვლება. ქრისტიანული მემკვიდრეობის დაცვა უსამართლობასთან შეგუებას გამორიცხავს. ეროვნული სუვერენიტეტის დაცვა კი ოკუპანტისთვის წინააღმდეგობის გაწევაზე უარის თქმით ვერ მოხერხდება.
"ოცნება" იმ დასავლეთს გვაშორებს, რომლის გაძლიერებასაც რუბიო ეროვნული სახელმწიფოების გადარჩენის პირობად მიიჩნევს. ქართულ იდენტობას გვპირდება და რუსული იმპერიისთვის მოსახერხებელ საქართველოს ქმნის. მშვიდობას გვპირდება და ქვეყანას დამცავი კავშირების გარეშე ტოვებს.
რუბიოს გამოსვლის უმნიშვნელოვანესი გზავნილიც სწორედ ესაა: ალიანსების დანიშნულება მათი წევრების სუვერენიტეტის დაცვაა; საერთო ინტერესების აღიარება ეროვნული თავისებურების დათმობას არ მოითხოვს.
ეს ხედვა საქართველოს ისტორიულ გამოცდილებასა და მომავალ საჭიროებას პირდაპირ ეხმიანება. ჩვენი ადგილი თავისუფალი სამყაროს განახლებულ ალიანსებშია - საკუთარი სახით, საკუთარი ინტერესებით და საერთო პასუხისმგებლობით.
ამ ადგილის დაკავებას მუშაობა სჭირდება. ქვეყნის შიგნით კი გზას ივანიშვილის ხელისუფლება გვიკეტავს, რომელიც საკუთარ გადარჩენას საქართველოს დასავლეთისგან ჩამოშორებას უკავშირებს.
რუბიოს მიერ ნათქვამს ამ სიტყვებს ყველა საკუთარი ისტორიისა და პასუხისმგებლობის მქონე ქართველი მოაწერს ხელს:
,,..ჩვენ დასავლური წარმოდგენები - გმირობა, ღირსება და მოვალეობა - ხშირად თავისთავად მოცემულ ჭეშმარიტებად მიგვაჩნია.
ვფიქრობთ, რომ ისინი ყველა ხალხისთვის, ყველა ეპოქასა და ყველა ადგილას უნივერსალურია.
მაგრამ ასე არ არის.
ეს ყველაფერი განსაკუთრებული ხასიათის პროდუქტია - ხასიათისა, რომელიც სწორედ აქ ჩამოყალიბდა და შემდგომი ცივილიზაციის მთელი ისტორია განსაზღვრა.
დღეს ჩვენ ვალდებულნი ვართ, ეს ცივილიზაცია ისეთივე სულისკვეთებით დავიცვათ, როგორითაც ამას ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ.“
დასავლეთი გაძლიერების გზებს ეძებს. ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, ამ პროცესის მონაწილე ვიქნებით თუ რუსულ მოსაცდელში დარჩენას შევეგუებით.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.