რომან გოცირიძე: კიდევ ერთი აბსურდული რამ, რაც ყეენიშვილი-კრიპტოკომპანიის საქმეში გამოიკვეთა...
სანამ ამ ფაქტს ეროვნული ბანკი და პროკურატურა გაუგებარი მიზეზებით მალავდნენ, კრიპტოკომპანია კვლავ ეწეოდა საქმიანობას. ამ რეზონანსული ისტორიის გასაჯაროების შემდეგ მისი გადარჩენის შანსი ნულოვანი გახდა, რადგან უკვე ადეკვატური ოდენობის ჯარიმის გადახდაზეც საუბარი შეუძლებელი იქნება
რომან გოცირიძე:
კიდევ ერთი აბსურდული რამ, რაც ყეენიშვილი-კრიპტოკომპანიის საქმეში გამოიკვეთა: თურმე ეროვნულმა ბანკმა ეს კომპანია 572 მილიონი ლარით დააჯარიმა. სასაცილოცაა და სატირალიც. ეროვნული ბანკის დაარსებიდან დღემდე, დაახლოებით 35 წლის განმავლობაში, ყველა ჯარიმა ერთად რომ შეკრიბო, ამის ნახევარიც კი არ იქნება, გადახდილი კი, ალბათ, მეათედიც არ იქნება.
როგორც თავად ეროვნული ბანკი ამბობს, ამ კრიპტოკომპანიის წლიური მოგება 3 მილიონი ლარი ყოფილა. დავუშვათ, 10 მილიონი ლარია. ამ ვალის დაფარვას 57 წელი დასჭირდება. ფაქტობრივად, ეს კომპანიის განადგურებას ნიშნავს. როგორც ცნობილია, მას მთელი ქვეყნის მასშტაბით 75 კრიპტოაპარატი აქვს. რამდენად უკეთესი იქნებოდა, არსებული დარღვევების გათვალისწინებით, კომპანიის საქმიანობის ერთბაშად შეწყვეტა თუ მისი კანონიერ ჩარჩოში მოქცევა, ცალკე მსჯელობის საგანია.
ახლა თავად ჯარიმის დაწესების აბსურდულ მექანიზმზე: ჯარიმა, როგორც წესი, გაფრთხილებისა და დარღვევის პრევენციისკენ უნდა იყოს მიმართული და არა კომპანიის განადგურებისკენ. როგორც ირკვევა, კრიპტოაპარატიდან თანხის ნებისმიერი ოდენობით უკანონოდ გატანის თითოეული ფაქტი 1 000 ლარით ჯარიმდება. ამ კომპანიას 572 ათასი ოპერაცია ჰქონია განხორციელებული. თითოეული ოპერაცია 1 000 ლარით დაუჯარიმებიათ და ასე მივიღეთ აბსურდული რიცხვი.
ჯარიმა უნდა იყოს ადეკვატური და პროპორციული დარღვევის სიმძიმისა და ხასიათისა. სამართალდარღვევაზე რეაგირება აუცილებელია, თუმცა სანქციის ოდენობამ უნდა გაითვალისწინოს როგორც მიყენებული ზიანი და დარღვევების მასშტაბი, ისე კომპანიის ფინანსური შესაძლებლობები. ჯარიმის მიზანი კანონის აღსრულება და მსგავსი დარღვევების პრევენცია უნდა იყოს და არა ისეთი ფინანსური ტვირთის დაკისრება, რომელიც კომპანიის განადგურებას გარდაუვალს გახდის.
სანამ ამ ფაქტს ეროვნული ბანკი და პროკურატურა გაუგებარი მიზეზებით მალავდნენ, კრიპტოკომპანია კვლავ ეწეოდა საქმიანობას. ამ რეზონანსული ისტორიის გასაჯაროების შემდეგ მისი გადარჩენის შანსი ნულოვანი გახდა, რადგან უკვე ადეკვატური ოდენობის ჯარიმის გადახდაზეც საუბარი შეუძლებელი იქნება. თანაც, ამ კომპანიის ხელმძღვანელები უცხოეთში არიან გაქცეულები-გაექცნენ იმ სუს-ს, რომლის ორგანიზებითაც 2024 წელს ყეენიშვილის ფარული ჩაწერა მოხდა და რომლის შესახებაც მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი, ისიც ჟურნალისტური გამოძიების შედეგად. ეროვნული ბანკიც მალავდა 570 მილიონი ლარის ჯარიმის დაკისრების ფაქტს და მხოლოდ ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ გახადა ის საჯარო.
„ქართულ ოცნებაში“ მიმდინარე ქაოსი ფინანსურ სისტემასაც ვერ ასცდა. ვითარება კიდევ უფრო გამწვავდა გარომანოვებულ ფარცხალაძესთან დაკავშირებული სანქციებისა და ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებების გარშემო განვითარებული მოვლენების შემდეგ. ეს ყველაფერი აზიანებს ქვეყნის რეპუტაციას და ინვესტორებში კიდევ უფრო აღვივებს უნდობლობას
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.