“ბევრი რამ არის ამ სამყაროში უსამართლობა და ერთ-ერთი ალექსანდრეს ეს ბოლო ერთი წელია”– ცაბუნია ვართაგავა
სამოქალაქო აქტივისტი ცაბუნია ვართაგავა ალექსანდრე ჩილაჩავას დაკავებიდან ერთი წლისთავს ეხმაურება, საუბრობს მის მხნეობაზე, პრინციპულ პოზიციასა და ციხიდან გამოგზავნილ წერილებზე.

ფოტო – სალომე ფარცვანია
სამოქალაქო აქტივისტი, ცაბუნია ვართაგავა:
ზუსტად ერთი წლის წინ ამ დღეს აქციიდან სახლისკენ მიმავალ ალექსანდრე ჩილაჩავას პოლიცია დახვდება და დააკავებს.
პირველ სასამართლოზე თავს ვერ მოვერევი და ძალიან ბევრს ვიტირებ. შემომხედავს და გაიღიმეო მანიშნებს.
მერე პირველ წერილს დავწერ. მერე მეორეს, მესამეს, მეათეს და ასე მუდმივად. ფოსტაში უკვე იციან, სად უნდა გაიგზავნოს წერილი და უბრალოდ დასაზუსტებლად მეკითხებიან – “ციხე ხო?” მეც უსიტყვოდ ვუქნევ თავს.
მე შენი ბრძოლის იმედი მაქვს და შენ რას დამჯდარხარ და ტირიო, მომწერს პირველ წერილში.
მერე ტრადიციად მექცევა ორშაბათობით თბილისის გზა და სასამართლო. ხანდახან ვაცდენ. იმ დღეს დამირეკავს ხოლმე, რამე ხომ არ გიჭირს, როცა დარბაზში ვერ გხედავ, მგონია ქვეყანა იქცევა და მაგიტომ ვერ მოახერხე მოსვლაო.
მერე ჩვენი აქციის ბაბუ, Tornike Berandze გარდაიცვლება და ადვოკატისთვის მომიწევს მიწერა, რომ ალექსს სიტყვასიტყვით გადასცეს : “ალექს, თორნიკე გარდაიცვალა 16-ში საღამოს. მშვიდად და წყნარად, მეზობლის სახლში.
ვიცი, რომ ინერვიულებ, თუმცა, მგონია რომ გაქვს უფლება, იცოდე.
ვწუხვარ, რომ მის დაკრძალვას ვერ დაესწრები, თუ რამე განსაკუთრებული სურვილი გექნება მასთან დაკავშირებით, დამირეკე”
მერე მის ფოტოებს ვბეჭდავთ და ბანერებს ვამზადებთ აქციისთვის. ადრე თუ თვითონ იყო უწყვეტად აქციაზე, არცერთი დღე რომ გაუცდენია ისე, ახლა მისი ფოტოა ჩვენთან.
საპროცესო შეთანხმებაზე ცალსახა უარს ამბობს. სულ რომ მარტო დავრჩე, მაინც არ მოვაწერ ხელს იმაზე, რაც არ გამიკეთებიაო.
“ალექსანდრე, ჩვეულებისამებრს, მხნედ არის, კარგად გამოიყურება. ჟესტური ენით მოგვიკითხა ყველა” – ვწერ ჯგუფში ყოველი სასამართლოს მიმდინარეობისას.
სატელეფონო დროს მთელი თვის მანძილზე ისე ანაწილებს, რომ მშობლებს თითქმის ყოველდღე ურეკოს და ამის გარდა მოიკითხოს ყველა აქციის მინაწილეც. ნომრები ადრე მთხოვა და ყველასი ჩამოვუწიკწიკე. აქციაზე რომ მივდივარ, პირველი მაგას მეუბნებიან ალიკამ დამირეკაო, მერე სხვაც იტყვის ალექსიმ დარეკაო, ალექსანდრემ დარეკაო და ასე.
მის წერილებს საჯაროდ ვკითხულობთ. თუ ისეთი მონაკვეთებია, საჯაროდ რომ არ ითქმის, ითვალისწინებს და სხვა ფურცელზე წერს, ადვილად რომ ამოვიღო საერთო ტექსტიდან.
მერე 5 წელს უსჯიან და განაჩენს ღიმილით ხვდება. ჩვენც გვეუბნება, რომ სიამაყით და ღიმილით შევხვდეთ ამ ამბავს.
მის საბოლოო სიტყვას და საპატიმროდან გამოტანილ წერილებს მედიები ციტირებენ.
მერე სთავაზობენ სასჯელის ალტერნატიულ ფორმას – შინაპატიმრობას, საპატიმროდან სამაჯურით გამოსვლას და ალექსი წინააღმდეგია. ადვოკატს ეუბნება, რომ არც კი გააგრძელოს ამ საკითხზე საუბარი. არანაირი თანამშრომლობა ამ რუსებთან!- მწერს საბოლოო განაჩენივით მკაცრ პასუხს ჩემს თხოვნაზე, რომ იიიიქნებ დაფიქრდეს.
მერე ვებუტები და მთელი თვე წერილს აღარ ვწერ. ხუთ ოქტომბერს ველოდები, მაინტერესებს ერთი გაბრაზებულზე როგორ გამჩეჩავო, დამცინის წერილში.
მერე სააპელაციო სასამართლოში ვხვდებით. ისევ მხნედაა, ისევ ენერგიულად. ისევ ჟესტური ენით კითხულობს ყველას ამბავს.
ერთი წლის წინ ამ დღეს ალექსანდრეს იჭერენ. სრულიად უდანაშაულო ალექსანდრეს, პრინციპულ ალექსანდრეს, ჭკვიან და გონიერ ალექსანდრეს, პატრიოტ ალექსანდრეს.
ბევრი რამ არის ამ სამყაროში უსამართლობა და ერთ-ერთი ალექსანდრეს ეს ბოლო ერთი წელია.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.