ATINATI’S კულტურის ცენტრში სოფო ჩერქეზიშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნება

სოფო ჩერქეზიშვილის  შემოქმედება განზოგადებულად ქალის (feminine) ერთგვარი პერსონალური დღიურებია. ძირითადად ხასხასა, გამომსახველი ფერებით ავტორის წარმოსახვები, უმეტესწილად, მასშტაბურ ტილოებზეა წარმოდგენილი. მის შემოქმედებაში ერთი და იგივე იდენტობის გამომხატველი სახე განმეორებითია. ქალის სახე მეორდება ყველა მის ნამუშევარში, თუმცა გამომეტყველება, ემოციები და კონტექსტი განსხვავებულია. ამისთვის ავტორი დროდადრო ქართულ შრიფტსაც მიმართავს და ზოგჯერ სურათს პირდაპირ ნახატშივე ასათაურებს.
“რატომ ქალები? – მე დღეს ჩემს გრძნობებზე ვლაპარაკობ მათი საშუალებით.
რას ვქმნი? – ადამიანებს, რომლებიც არსებობენ ჩემს გარშემო, მათ ვაკვირდები, ვისმენ, ველაპარაკები. მაინტერესებს ადგილები არსებული და არარსებული.” – ამბობს სოფო ჩერქეზიშვილი.
ცნობისათვის, სოფო ჩერქეზიშვილმა დაამთავრა სამხატვრო აკადემია და შემდეგ სწავლა გააგრძელა ჰოლანდიაში, ამსტერდამში (Gerrit Rietveld Academy). ამჟამად ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას. ის მუდმივად მონაწილეობს, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო გამოფენებში.
ATINATI’S კულტურის ცენტრში სოფო ჩერქეზიშვილის პერსონალური გამოფენა 9 თებერვალს, 18:00 საათზე გაიხსნება.