“მე მომიწია შემეცვალა ტელეფონი, მაგრამ არ გამითიშავს, ყველა ნომრის იდენტიფიცირება ხდება, ვინ არიან ეს ადამიანები”

არასდროს არ ვიკადრებ და არ გავბედავ იმას, რომ ვიღაცას განსხვავებული აზრი და პოლიტიკური შეხედულება ჰქონდეს და მას დავემუქრო ოჯახით, შვილებით, შეურაცხყოფა მივაყენო – მე პირადად მომიწია შემეცვალა ტელეფონი, მაგრამ არ გამითიშავს, ყველა ნომრის იდენტიფიცირება ხდება, ვინ არიან ეს ადამიანები, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა მ განაცხადა, რითაც იმ ადამიანების საჯარო ბაზის შექმნის საჭიროება შეაფასა, ვინც სოციალურ ქსელში მუქარითა და სიძულვილის ენის გავრცელებით გამოირჩევიან.

როგორც კალაძემ აღნიშნა, საქართველოში პრეტენზია გვაქვს ევროპულობაზე, მაგრამ განსხვავებული აზრის მოსმენის შესაძლებლობა და მიმღებლობა არ გვაქვს.

„მე მაქვს ყველა მასალა იმასთან დაკავშირებით, მაგალითად, როგორი შეურაცხყოფა მიდიოდა ჩვენს ფეხბურთელებზე, თავისი „სქრინებით“, სახელებითა და გვარებით. ამ ადამიანებს არანაირი კავშირი არ აქვთ ევროპულ ღირებულებებთან, ეს არის ჩვეულებრივი ფაშიზმი, ეს არის ის, რასაც ყველა უნდა შევეწინააღმდეგოთ და ყველა უნდა დავუპირისპირდეთ. როგორ შეიძლება განსხვავებული მოსაზრების გამო, ადამიანს უწოდო მოღალატე, ან „დააბულინგო“ იმისთვის, რომ რაღაც აზრი დააფიქსიროს – შეიძლება მას დისტანცირება უნდა რაღაც კონკრეტული თემისგან ან საკითხისგან, შეიძლება ვერ ერკვევა, შენ რატომ ძალადობ ფსიქოლოგიურად და რატომ გინდა, რომ ეს ადამიანი “დააბულინგო”, შეურაცხყოფა მიაყენო, დაემუქრო?

მე პირადად მომიწია შემეცვალა ტელეფონი, მაგრამ არ გამითიშავს, არ იფიქროთ, რომ გავთიშე, ყველა ნომრის იდენტიფიცირება ხდება, ვინ არიან ეს ადამიანები, რას წარმოადგენენ და საზოგადოებამ უნდა იცოდეს ყველა ამ ადამიანის შესახებ. მე არასდროს არ ვიკადრებ და არ გავბედავ იმას, რომ ვიღაცას განსხვავებული აზრი და პოლიტიკური შეხედულება ჰქონდეს და მას დავემუქრო ოჯახით, დავემუქრო შვილებით, შეურაცხყოფა მივაყენო – არ არის ეს სწორი ფორმა და სწორი დამოკიდებულება. მაგრამ ეს ადამიანები აგრძელებენ იმ მეთოდებით მუშაობას, ბრძოლას, სადაც წესები არ არსებობს. ყველაფერს კადრულობენ, ეს არის ფაშიზმი, ლიბერალიზმით შენიღბული ფაშიზმი და ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავამთავროთ ქვეყანაში“,- განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, შეიქმნება მონაცემთა ბაზა, სადაც განთავსდება ინფორმაცია ადამიანებზე, „რომლებიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არიან ჩართულნი, ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებენ“.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი დეპუტატ მარიამ ლაშხის მიერ „გლობალური ომის პარტიასა“ და მასონებზე გაკეთებულ განცხადებას „პირობით შედარებას“ უწოდებს და მისი მისამართით კრიტიკას „ფაშისტურ კამპანიად“ აფასებს

პრემიერი – ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მატჩებზე დასასწრებად მთავრობის მიერ სუბსიდირებული ავიაბილეთების გაყიდვა მიმდინარე კვირის ბოლომდე დაიწყება – სუბსიდირებული ბილეთების შეძენის შესაძლებლობა ექნება 3 ათას გულშემატკივარს