მინისტრ ბრეგაძეს თავისი გერმანელი პროფესორი სწერს, გაიწვიონ „აგენტების კანონი“

იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის სადოქტორო დისერტაციის ხელმძღვანელი, გერმანელი პროფესორი ოტო ლუხტერჰანდი ყოფილ სტუდენტს მიმართავს და იმედოვნებს, რომ საქართველოს პარლამენტი „გამოიჩენს სიბრძნესა და ძალას, რათა „უცხოეთის აგენტების კანონი“ დღის წესრიგიდან მოხსნას და მას აღარასოდეს დაუბრუნდეს“.
ოტო ლუხტერჰანდი მკაცრად ფორმულირებულ ვრცელ წერილში მრავალი კუთხით აკრიტიკებს კანონპროექტს:
· მიიჩნევს, რომ შეუსაბამოა ევროკავშირის კანონმდებლობასთან,
· შეუსაბამოა ალიანსის პოლიტიკურ ღირებულებებთან,
· ჰგავს ს „აგენტების კანონს“,
· იწვევს ნეგატიურ ისტორიულ ასოციაციებს საბჭოთა წარსულიდან და
· უფლებამოსილების გადამეტების რისკებს წარმოშობს.
რა ხდება
40-მდე იურისტმა, პროფესორმა და მკვლევარმა „ქართული ოცნებისა“ და მთავრობის წარმომადგენლების სადოქტორო დისერტაციებს ხელმძღვანელ პროფესორებს 30 აპრილს მიმართა საჯარო წერილით. ადრესატი ოთხი პროფესორი იყო
· მარტინ ჰეგერი (ანრი ოხანაშვილის ხელმძღვანელი),
· ოტო ლუხტერჰანდი (რატი ბრეგაძის ხელმძღვანელი),
· მაიკლ მარტინეკი (ს ხელმძღვანელი) და
· მარტინ მორლოკი (ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელი).
ხელმომწერებმა გერმანელ პროფესორებს მოუწოდეს, ხმა აემაღლებინათ ყოფილი სტუდენტების მიერ „აგენტების კანონის“ მხარდაჭერის გამო.
რადიო თავისუფლებამ მოიპოვა წერილი, რომელიც ქართველი კოლეგების მიმართვის შემდეგ, 2024 წლის 1 მაისს იუსტიციის მინისტრს რატი ბრეგაძეს გაუგზავნა ოტო ლუხტერჰანდმა, ჰამბურგის უნივერსიტეტის ემერიტუსმა პროფესორმა.
სწორედ მისი ხელმძღვანელობის ქვეშ მოიპოვა რატი ბრეგაძემ სამართლის დოქტორის სამეცნიერო ხარისხი ჰამბურგის უნივერსიტეტში.
რას წერს პროფესორი ყოფილ სტუდენტს
ლუხტერჰანდი იხსენებს მინისტრ ბრეგაძესთან 2023 წელის ჰამბურგში შეხვედრას, სადაც, მისი თქმით, „საინტერესოდ ისაუბრეს ძველი დროის“ შესახებ და მოგვიანებით ჰამბურგის უნივერსიტეტის დეკანთან საუნივერსიტეტო თანამშრომლობის შესაძლებლობაც განიხილეს ევროპული სამართლის სწავლების სფეროში.
„ახლა სხვა რამის გამო გწერთ, რაც ძალიან მაწუხებს“, – ასე იწყებს ლუხტერჰანდი წერილს და „აგენტების კანონზე“ საუბრით განაგრძობს.
პირველი მაისით დათარიღებულ წერილში, რომელიც ოტო ლუხტერჰანდმა იუსტიციის სამინისტროს საჯარო ელექტრონულ ფოსტაზე მისწერა, გერმანელი პროფესორი „იურიდიული და, მით უფრო, პოლიტიკური თვალსაზრისით გაუგებარს“ უწოდებს რეალობას, სადაც ერთი მხრივ, „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ ევროკავშირის წევრობას ესწრაფვის, მეორე მხრივ კი „უცხოეთის აგენტების კანონს“ იღებს.
გერმანელი პროფესორის შეფასებით, კანონპროექტის კრიტიკა ევროსაბჭოსა და ევროკავშირის სამართლებრივი პრინციპების გადმოსახედიდან „სრულიად გამართლებულია“. იგი ახსენებს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODHIR) დასკვნასა და ევროკავშირის ორგანოების მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებულ განცხადებებსაც.
ოტო ლუხტერჰანდი ყოფილი სტუდენტისთვის გაგზავნილ წერილში ყურადღებას ამახვილებს კიდევ რამდენიმე გარემოებაზე:
· კანონპროექტი „თავისი მიდგომით, სტრუქტურითა და, ნაწილობრივ, შინაარსითაც“ მისდევს რუსეთის „უცხოელი აგენტების კანონს“, რაც „პუტინის რეჟიმის ხელთ არსებული მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია სამოქალაქო საზოგადოების დასათრგუნად“;
· საქართველოში „განსაკუთრებულად მგრძნობიარე ისტორიული ცნობიერება უნდა არსებობდეს“, თუ რა უნებლიე ასოციაციებს იწვევს ცნება „უცხოეთის აგენტი“ – რაც მტერზე, ღალატზე, დაბეზღებასა და ჯაშუშობაზე მიანიშნებს. ლუხტერნაჰდი ამ ცნებას იოსებ სტალინისა და ლავრენტი ბერიას „დესპოტიზმის სამარკო ნიშანს“ უწოდებს.
ოტო ლუხტერჰანდი წერს იმასაც, რომ სტალინის ფიგურა „ქართულ მასობრივ ცნობიერებაში დღემდე შემაშფოთებლად დიდი აღიარებით სარგებლობს“:
„[ის] ეროვნული სიამაყის და თაყვანისცემის საგანსაც კი წარმოადგენს და, როგორც ცნობილია, ქართულ საზოგადოებაში არსებობენ რადიკალური ძალები, რომლებიც ავტორიტარულ-დიქტატორულ რეჟიმთან გაცილებით ახლოს დგანან, ვიდრე ქართული კონსტიტუციით განსაზღვრულ დემოკრატიულ სამართლებრივ სახელმწიფოსთან“, – წერს პროფესორი.
„შეგვიძლია თუ არა, ამის გათვალისწინებით, სრულიად გამოვრიცხოთ, რომ ერთ მშვენიერ დღეს საქართველოში ხელისუფლებას ხელში ჩაიგდებს აშკარად ნაციონალურ-ავტორიტარული, „ანტიდასავლური“ რეჟიმი, რომელიც იმ ადამიანებს დასჯის როგორც „უცხოელ აგენტებს“, რომლებმაც კერძო ფონდების, ანუ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებით საზღვარგარეთ სამართლებრივი ხარისხი მიიღეს“? – მიმართავს იგი რატი ბრეგაძეს.
რატი ბრეგაძის მამის, გრიგოლ ბრეგაძის 2021 წლის განმარტების თანახმად, მისმა ვაჟმა კონრად ადენაუერის სახელობის ფონდის სამწლიანი სტიპენდიის ფარგლებში, ჰამბურგის უნივერსიტეტში წარმატებით დაასრულა დოქტორანტურა.
ეს ფონდი საქართველოში არაერთ პროექტსა და ორგანიზაციას აფინანსებს.
რადიო თავისუფლება 8 მაისს დაუკავშირდა იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურს პროფესორის წერილზე უწყების ხელმძღვანელის კომენტარის მისაღებად. პასუხს მიღების შემთხვევაში შემოგთავაზებთ.
ლუხტერჰანდი ასევე წერს, რომ წერილის ასლს მიიღებენ ბრეგაძის კოლეგების, – ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილისა და ანრი ოხანაშვილის სადოქტორო ნაშრომის ხელმძღვანელი პროფესორები.
„აგენტების კანონი“
პირველ მაისს პარლამენტმა, ხანგრძლივი და მრავალათასიანი საპროტესტო დემონსტრაციების მიუხედავად, პლენარულ სხდომაზე „აგენტების კანონი“ მეორე მოსმენით მიიღო – 83 ხმით, 23-ის წინააღმდეგ.
30 აპრილის და 1 მაისის ღამით „აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგეების აქციის მონაწილეების მიმართ პოლიციამ ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. ასევე სპეცრაზმი დემონსტრანტებს ფიზიკურად გაუსწორდა.
13 თვით ადრე, 2023 წლის მარტში, ხალხმრავალი აქციებისა და საერთაშორისო კრიტიკის გამო საპარლამენტო უმრავლესობა იძულებული გახდა, „უცხოეთის აგენტების კანონი“ ჩაეგდო და პირობა დადო, რომ პროექტს აღარ დაუბრუნდებოდა.
12 აპრილს გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი სთან შეხვედრის შემდეგ იმედი გამოთქვა, რომ საქართველო არ მიიღებს ე.წ. უცხო ქვეყნების გავლენების შესახებ კანონს.
„ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა“, – თქვა კანცლერმა შოლცმა კობახიძის საპირისპირო მტკიცებაზე პასუხად.
კანონის ორი მოსმენით მიღების შემდეგ მესამე, საბოლოო მოსმენა რჩება.
8 მაისს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა ბრიუსელში კიდევ ერთხელ იმსჯელეს საქართველოზე და, სხვა საკითხებთან ერთად, განიხილეს პოტენციური ზომები იმ სცენარისთვის, თუკი საქართველოში მიიღებენ კანონს უცხოეთის აგენტების შესახებ.
რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი იუწყება, რომ „სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შეჩერება არ არის გამორიცხული“ და „ყველანაირი ზომა განიხილება“.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი დეპუტატ მარიამ ლაშხის მიერ „გლობალური ომის პარტიასა“ და მასონებზე გაკეთებულ განცხადებას „პირობით შედარებას“ უწოდებს და მისი მისამართით კრიტიკას „ფაშისტურ კამპანიად“ აფასებს

შალვა პაპუაშვილი – იმდენი უცხოელი ჩაერია გამჭვირვალობის საკითხში, ბოლოს მიტინგებზეც გამოვიდნენ, ზუსტად ეს აჩვენებს, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ქართული კანონი, რომელსაც პარლამენტი იღებს, ამიტომ ჩვენ ვეტოს დავძლევთ