Amnesty International-ის დირექტორის მოადგილე – თბილისში პოლიციამ, იმის ნაცვლად, რომ ხელი შეეწყო მშვიდობიანი დემონსტრაციისთვის, სადამსჯელო ოპერაცია ჩაატარა – ხელისუფლება ისე იქცევა, თითქოს მისი პრეროგატივაა გადაწყვიტოს, როდის შეუძლია ხალხს პროტესტი

საქართველოს ხელისუფლება ისე იქცევა, თითქოს მისი პრეროგატივაა გადაწყვიტოს, როდის შეუძლია ან არ შეუძლია ხალხს პროტესტი გამოხატოს და გამოიყენოს სპეცრაზმი, რათა დაარბიოს და თვითნებურად დააკავოს მომიტინგეები ძალადობის გამოყენებით, – ამის შესახებ Amnesty International-ის დირექტორის მოადგილე აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, დენის კრივოშეევი აცხადებს.

„რისი მოწმეც გუშინ თბილისში გავხდით, იყო სასტიკი ანგარიშსწორება ხალხის მიმართ მშვიდობიანი პროტესტის უფლების გამოყენების გამო. ხელისუფლება იქცევა ისე, თითქოს მისი პრეროგატივაა გადაწყვიტოს, როდის შეუძლია ან არ შეუძლია ხალხს პროტესტი გამოხატოს და გამოიყენონ სპეცრაზმი, რათა დაარბიოს და თვითნებურად დააკავოს მომიტინგეები ძალადობის გამოყენებით. რამდენჯერმე ნახეს პოლიცია, როგორ მისდევდა და სცემდა გაქცეულ მომიტინგეებს ხელკეტებით, ალყაში აქცევდა მათ და უმოწყალოდ სცემდა, – აღნიშნავს დენის კრივოშეევი.

მისი თქმით, პოლიციამ თბილისში გუშინ სადამსჯელო ოპერაცია ჩაატარა.

„პოლიციამ იმის ნაცვლად, რომ ხელი შეეწყო მშვიდობიანი დემონსტრაციას, როგორც ჩანს, სადამსჯელო ოპერაცია ჩაატარა. მოვუწოდებთ სწრაფი, მიუკერძოებელი და საფუძვლიანი გამოძიების ჩატარებისკენ გამოყენებული ძალის ყველა შემთხვევასთან დაკავშირებით და პასუხისმგებლობის დაკისრებას იმ პირებისთვის, რომლებმაც ძალა გამოიყენეს. ჩვენ ასევე შევახსენებთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ მშვიდობიანი შეკრების უფლება ფუნდამენტურია და საქართველოს მთავრობამ უნდა შეასრულოს ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებები ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ, – აღნიშნულია დენის კრივოშეევის განცხადებაში.

მისი თქმით, Amnesty International-ი კვლავ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უარი თქვას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე, რომელიც თავისუფლების უფლების შეზღუდვისკენაა მიმართული და “აშკარად მიზნად ისახავს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების და მათი საქმიანობის შეზღუდვას”.

ასევე დაგაინტერესებთ

პარლამენტში დღესაც უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს – ტელევიზიების აკრედიტებული ჟურნალისტების გარდა, სხვა მედიების წარმომადგენლებს საკანონმდებლო ორგანოში მუშაობის საშუალება კვლავ არ ექნებათ