20-25 ათასი ახალგაზრდა რომ გამოდის და გეუბნება, გაიწვიე ეს კანონი, გაიწვიე – თარხან-მოურავი

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის, დავით თარხან მოურავის განცხადებით, არ არსებობს საჭიროება, რომ „ქართულმა ოცნებამ“ რუსული კანონი მიიღოს.
მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსების შესახებ მთავრობას ინფორმაცია ახლაც აქვს და რუსული კანონის მიღება მხოლოდ „ქართული ოცნების“ ინტერესებზეა მორგებული.
ამის შესახებ მან „ობიექტივის“ ეთერში ისაუბრა.
„ეს სრულიად სხვა კანონია, რომელიც უფრო „ქართულ ოცნებაზე“ მორგებულია. მისი არსი საერთოდ გაუგებარია, მაგრამ ეს ნამდვილად არ არის რუსული კანონი, ისევე როგორც არ არის ევროპული. მე ხშირად ვამბობ, რომ ამ კანონის საჭიროება გაუგებარია, რადგან რეალურად დღევანდელი კანონმდებლობა სრულად იძლევა ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაციის გაკონტროლების საშუალებას. თუ რამე გაკლია, რასაც „ქართული ოცნება“ ამბობს, თუ გინდა, რომ დეკლარაცია უფრო დეტალური იყოს, ამისთვის საკმარისია, რომ დეკლარაციის შესახებ კანონში ჩაწერო, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების დეკლარაცია უნდა იყოს უფრო დახვეწილი. ამასაც არ აკეთებენ. ახალი კანონი რა საჭიროა არავის არ ესმის“, – განაცხადა დავით თარხან-მოურავმა.
როგორც აცხადებს, როცა ათეულობით ათასი ახალგაზრდა ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ რუსული კანონი უკან გაიწვიოს, მან ეს მოწოდება უნდა გაითვალისწინოს.
„20 000 ახალგაზრდა მომხრე „ნაციონალურ მოძრაობას“ არ ჰყავს. ეს ხალხი სულ არ არის „ნაცმოძრაობის“ მომხრე. ეს არის ახალგაზრდა ხალხი, იქ შეიძლება, 1000 და 2000 კაცი არის „ნაცმოძრაობის“ მომხრე, დანარჩენები არ არიან. ამათ მართლა არ უნდათ, დაარწმუნეს ისინი, რომ ეს კანონი ცუდია და რუსულია. ჩემი აზრით, ეს კანონი საერთოდ არ არის საჭირო. ესენი ითხოვენ, რომ არ გვინდა კანონი და რა არის ასეთი ძნელი? – 20-25 ათასი ახალგაზრდა რომ გამოდის და გეუბნება, გაიწვიე ეს კანონი, გაიწვიე, რა სიჯიუტეა ეს. რა საჭიროა, რატომ ვძაბავთ ურთიერთობებს?!
თავისი არასწორი ქმედებებით ესენი [„ქართული ოცნება“] ახალგაზრდებს, ჯერ ერთი, უფრო აღიზიანებენ და მერე მართლა გახდიან იმ პარტიების მომხრეებს. მე მახსოვს ეს ხელისუფლებაც, სააკაშვილის, შევარდნაძის და გამსახურდიას ხელისუფლებაც, ყველა უშვებს ერთ შეცდომას – ვერ ხვდება, რომ თავისი ქმედებებით რაღაც მომენტში ხალხის ზიზღს იმსახურებს. შეიძლება ისე არ ეზიზღებათ, როგორც სააკაშვილი, მაგრამ ის, რომ ამდენი ახალგაზრდა კაცი გამოვიდა, ნიშნავს, რომ „ქართული ოცნებაც“ ეზიზღება ხალხს. „ქართულ ოცნებას“ ამის არც გაცნობიერება უნდა, არც ამ აზრის მიღება და დაჯერება არ უნდა. ძალიან მძიმე პროცესები მიდის. რამდენჯერაც ასეთი პროცესი წავიდა და 20 ათასი ახალგაზრდა კაცი გარეთ გამოვიდა, 1 წელიწადში ის ხელისუფლება გაქრა“, – განაცხადა დავით თარხან-მოურავმა.

ასევე დაგაინტერესებთ