თეა წულუკიანი: ხვალ ვხსნით ლევილში ქართულ ფესტივალს, სადაც 700-ზე მეტი სპორტსმენი და ხელოვანი მიიღებს საქართველოდან მონაწილეობას

საფრანგეთში, ლევილის მამულში ხვალ ქართული ფესტივალი იხსნება, რომელიც 14 ივლისამდე გაგრძელდება. ამის შესახებ კულტურისა და სპორტის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„ჩვენ ხვალ ვხსნით ლევილში ქართულ ფესტივალს, სადაც 700-ზე მეტი სპორტსმენი და ხელოვანი მიიღებს საქართველოდან მონაწილეობას და რაოდენ საპატიო და სასიხარულოა, რომ ხვალ ჭადრაკის მსოფლიოს დედოფალი ნონა გაფრინდაშვილი ლევილის მამულში რამდენიმე დაფაზე პარალელურად ითამაშებს ჭადრაკს. ძალიან ბევრი ქართველი ხელოვანი გამოვა და აჩვენებს თავის ხელოვნებას, იქნება ეს ქართული თეატრი, მრავალხმიანი სიმღერა თუ ტრადიციული ქორეოგრაფია“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისი განცხადებით, ფესტივალი 8 შაბათ-კვირის განმავლობაში გაგრძელდება და ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს სახელმწიფო ლევილის მამულში ასე მასშტაბურად იზეიმებს 26 მაისს – საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.

მინისტრმა ასევე ისაუბრა ლევილში ქართული სასაფლაოს შესახებ, რომელიც მისი განმარტებით, საქართველოს სახელმწიფოს საკუთრება არ არის და ლევილის მერიას ეკუთვნის. თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ ლევილის მერს შესთავაზა თანამშრომლობა და დახმარება იმ საფლავებთან დაკავშირებით, რომლებიც მძიმე მდგომარეობაშია.

„დახმარება პირველ რიგში გულისხმობს იმას, რომ ჩვენც ჩავერთოთ შთამომავლების ძებნაში და თუ აღმოჩნდა, რომ შთამომავალი არ დარჩა, ასეთ შემთხვევაში მერმა მოგვცეს უფლება, რომელიც დღეს არ გვაქვს, რომ ჩვენ მივხედოთ ამ საფლავებს, რომლებზეც ხშირ შემთხვევაში წარწერებიც კი იშლება უკვე“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ადმინისტრაცია – მავნებლური საქციელით ცდილობენ მთელი ქვეყნისთვის საყვარელი ფეხბურთელები და მთლიანად საზოგადოება უარყოფითად განაწყონ პრეზიდენტის მიმართ – სირცხვილია, როცა ეს ისტორიული მატჩის წინ ხდება