შალვა პაპუაშვილი – რა გვინდა საქართველოს მოქალაქეებს? გვინდა თუ არა, ვიცოდეთ მეტი მათზე, ვინც გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე? – პასუხი ერთადერთია, გვინდა და გვაქვს ამის უფლება

რა გვინდა საქართველოს მოქალაქეებს? გვინდა თუ არა, ვიცოდეთ უფრო მეტი მათზე, ვინც გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე, მონაწილეობენ პოლიტიკური გადაწყვეტილებების ჩამოყალიბებაში? – პასუხი ერთადერთია, გვინდა და გვაქვს უფლება ვიცოდეთ მეტი მათ შესახებ,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციები ყველაზე გაუმჭვირვალე სექტორია, რომელიც მონაწილეობას იღებს პოლიტიკური გადაწყვეტილებების ფორმირებაში.
„შეუძლებელია თუ კი ადამიანი გათვითცნობიერებულია თავისი არსით სრულად ქართული კანონის იდეაში, აპროტესტებდე იმას, რომ გქონდეს მეტი ინფორმაცია. საბედნიეროდ, ოპოზიციამ შარშანდელთან შედარებით, ვერ შეძლო ჩვენი საზოგადოების იმხელა ნაწილის შეცდომაში შეყვანა, როგორც მაშინ შეძლო. თუმცა დღესაც ვხედავთ გარკვეულ ემოციურ დამოკიდებულებას საკითხის მიმართ, რომელიც არის ყველაზე მარტივი საკითხი, რაც კი შეიძლება მოქალაქისთვის არსებობდეს. საკითხი ეხება შემდეგ რამეს, რა გვინდა საქართველოს მოქალაქეებს? გვინდა თუ არა ვიცოდეთ უფრო მეტი მათზე, ვინც გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე, მონაწილეობენ პოლიტიკური გადაწყვეტილებების ჩამოყალიბებაში? ასეთები არიან, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციები. თუ გვინდა, ვიცოდეთ ნაკლები მათ შესახებ? პასუხი ერთადერთია, გვინდა და გვაქვს უფლება ვიცოდეთ მეტი მათ შესახებ. ისევე როგორც ვიცით მეტი საჯარო მოხელეების შესახებ, როგორც ვიცით საჯარო დაწესებულებების შესახებ, მოსამართლეების შესახებ. დღეს არასამთავრობო სექტორი ყველაზე გაუმჭვირვალე სექტორია ამ ქვეყანაში, რომელიც ამავე დროს ჩართულია პოლიტიკური გადაწყვეტილებების ფორმირებაში“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე განცხადებით, არადემოკრატიულია, როდესაც უმცირესობა ცდილობს, უმრავლესობას თავს მოახვიოს საკუთარი აზრი.
„ჩვენთან გამოხატვის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ვისაც როცა უნდა, როგორც უნდა შეიკრიბება და გამოხატავს. ამაში სიახლე არ არის. საქმე ისაა, რომ საქართველოში საკანონმდებლო საკითხებზე გადაწყვეტილებებს იღებს საქართველოს პარლამენტი, რომელშიც ყველა აზრია წარმოდგენილი. წარმოდგენილია იმ წონით, რა წონითაც არის წარმოდგენილი საზოგადოებაში. დემოკრატია სწორედ ამას გულისხმობს, რომ ის სურვილები, რაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას აქვს, უნდა იქცეს კანონად. ეს არის დემოკრატია. არის მცდელობა, რომ პირიქით მოხდეს, რომ უმცირესობამ თავზე მოახვიოს საკუთარი აზრი მრავლობას. არადემოკრატიული ზუსტადაც ეს არის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.