შალვა პაპუაშვილი – რასაც ბოლო პერიოდში ვხედავთ, „ნაციონალური მოძრაობისა“ და ოპოზიციის მხრიდან სიძულვილის კულტივირებაა – გვიკრძალავენ დისკუსიას, ფიქრს, გვეუბნებიან, რომ დოგმებს და მითითებებს დავემორჩილოთ

რასაც ბოლო პერიოდში ვხედავთ, არის „ნაციონალური მოძრაობისა“ და ოპოზიციის მხრიდან სიძულვილის კულტივირება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, 29 აპრილს დაანონსებული შეკრება ემსახურება იმას, რომ ყველას დაანახოს, სად დგას რეალურად ქართველი ხალხი.
„ხდება სიძულვილის კულტივირება სახელმწიფოს, პოლიციის მიმართ. ყველაფერი ქართულის მიმართ სიძულვილის გამოწვევა, რასაც რადიკალური ოპოზიცია იწვევს. 29 აპრილს დაანონსებული სახალხო შეკრება ემსახურება სწორედ იმას, რომ გამოვიდეს ქართველი ხალხი, დადგეს და გააგონოს ყველას ქვეყნის შიგნით და გარეთ, თუ სად დგას ქართველი ხალხი. ჩვენ ვდგავართ როგორც ევროპელი ხალხი, ვდგავართ ჩვენი ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე, ის, რა მცდელობაც არის დღეს, რომ გააჩუმონ დისკუსია, ჩვენ გვთხოვონ მორჩილება, გვითხრან , რომ სინამდვილეში უმეცრებაში არის ძალა და მორჩილება არის თავისუფლება. ასე შებრუნება რომ ხდება ღირებულებების, ამას უნდა გასცეს ქართველმა ხალხმა პასუხი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი განმარტებით, ევროპულ ღირებულებებზე საუბრობს ის ხალხი, რომელსაც კრიმინალთან აქვს კავშირი.
„გვიკრძალავენ დისკუსიას, ფიქრს, გვეუბნებიან, რომ დავემორჩილოთ რაღაც აზრებს, დოგმებს და მითითებებს. საუბრობენ, თითქოს რაღაც ევროპულ ღირებულებებს არ შეესაბამება. ამაზე საუბრობს ის ხალხი, ვინც კრიმინალთან ერთად ბრიფინგებს ატარებს და რომელიც კრიმინალის გათავისუფლებას ითხოვს. სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან. რომელი ევროპული ღირებულება დგას ამ მოთხოვნის უკან? ჩვენ უპირველეს ყოვლისამ, ქართველ ხალხს ვესაუბრებით და ქართველ ხალხს წარმოვადგენთ“,-განაცხადა პაპუაშვილმა.